მასშტაბის ეფექტი (Economies of Scale)

ინსტიტუციური განმარტება

მასშტაბის ეფექტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც კომპანიები აღწევენ ერთეულ პროდუქტზე დანახარჯების დაზოგვას მეტი საქონლისა თუ მომსახურების წარმოების გზით (ანუ, როდესაც გამოშვების ზრდასთან ერთად საშუალო ხარჯები მცირდება). ეს ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც შესაძლებელია ფიქსირებული ხარჯების უფრო დიდ გამოშვებაზე გადანაწილება. მასშტაბის ეკონომიის მაგალითებია: უფრო დიდი სატვირთო მანქანა, რომელიც გადაზიდავს მეტ ტვირთს და ამავდროულად კვლავ მხოლოდ ერთ მძღოლს საჭიროებს, ან უფრო დიდი საწარმო, რომელიც მარაგში არ მოითხოვს იმაზე მეტი სათადარიგო ნაწილის ქონას, ვიდრე უფრო მცირე ზომის საწარმო. © ევროკომისია

კომენტარი

მასშტაბის ეფექტი წარმოადგენს ეკონომიკურ პრინციპს, რომელიც წარმოების ეფექტიანობის ერთ-ერთ ფორმას განეკუთვნება. ეს განპირობებულია საოპერაციო მასშტაბებისა და კომპანიის ზომის ზრდასთან ერთად წარმოების ეფექტიანობის მუდმივი გაუმჯობესებით. მასშტაბის ეფექტით მიღწეული ეფექტიანობა, როგორც წესი, გულისხმობს:

რესურსების - მათ შორის შრომის, ნედლეულისა და მანქანა-დანადგარების - გამოყენების ოპტიმიზაციას;

უფრო ეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვას, საუკეთესო საოპერაციო პრაქტიკის ათვისებასა და ზედმეტი პროცესების აღმოფხვრას;

მომწოდებლებთან მოლაპარაკებების შედეგად გაუმჯობესებული პირობების მოპოვებას, რაც დანახარჯების შემცირებით ზრდის ეფექტიანობას;

საწარმოო სიმძლავრეებისა და აღჭურვილობის სრულ ათვისებას.

მიუხედავად ამისა, ბაზარზე დომინანტური მოთამაშის არსებობისას, მასშტაბის ეფექტი შესაძლოა ბაზარზე შესვლის ან გაფართოების ბარიერად იქცეს. ეს განპირობებულია იმით, რომ დომინანტური კომპანია საკუთარი ზომის წყალობით აღწევს მაღალ ეფექტიანობას, რაც იწვევს დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებასა და წარმოების სიმძლავრის ზრდას. შედეგად, მასშტაბის ეფექტი ქმნის ბაზარზე შესვლის ბარიერს, რაც დამკვიდრებულ კომპანიებს, წარმოების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, საშუალებას აძლევს, ახალ კომპანიებთან შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნონ დაბალი საშუალო დანახარჯები.

დამატებითი მიზეზები, რის გამოც მასშტაბის ეფექტი ბაზარზე შესვლის ბარიერად მოქმედებს, მოიცავს რამდენიმე ფაქტორს:

კომპანიები, რომლებმაც მიაღწიეს მასშტაბის ეფექტს, მიდრეკილნი არიან მომწოდებლებთან მეტი სავაჭრო ძალაუფლების გამოყენებისკენ, რაც ახალ კომპანიებს მსგავსი ხელსაყრელი პირობების მოპოვებას ურთულებს;

ახალ კომპანიებს უჭირთ კონკურენცია დაბალ ერთეულ დანახარჯებთან, რადგან მათ ფიქსირებული ხარჯების გადანაწილება წარმოების მცირე მოცულობაზე უწევთ;

ახალ კომპანიებს, როგორც წესი, არ აქვთ დაუყოვნებელი წვდომა დამკვიდრებული კომპანიების მიერ შემუშავებულ ეფექტურ საწარმოო და საოპერაციო უნარ-ჩვევებზე;

მსხვილი კომპანიების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციები ახალი კომპანიებისთვის გამოწვევაა, რაც მათ არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს საოპერაციო ეფექტიანობის თვალსაზრისით;

ბაზარზე დამკვიდრება რთულია, რადგან მასშტაბის ეფექტის მქონე სუბიექტებს ხშირად უკავიათ დომინანტური პოზიცია სადისტრიბუციო არხებში და ინარჩუნებენ მყარ ურთიერთობებს საცალო მოვაჭრეებსა და დისტრიბუტორებთან; და ბოლოს,

ახალ კომპანიებს უჭირთ კონკურენცია ბრენდის ცნობადობის კუთხით, რადგან მსხვილ კომპანიებს აქვთ რესურსი მასშტაბური სარეკლამო კამპანიებისა და მარკეტინგული სტრატეგიებისთვის, რაც ხელს უწყობს ძლიერი ბრენდის პოზიციონირებას.

ერთობლიობაში, ეს ატრიბუტები მასშტაბის ეფექტს ბაზარზე შესვლის ბარიერად აქცევს, რაც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის ახალ კომპანიებს.

განვიხილოთ ჰიპოთეტური სცენარი სატელეკომუნიკაციო სექტორში, სადაც მსხვილი კომპანია რამდენიმე მცირე კონკურენტს იძენს. წარმოების მასშტაბის ზრდის შედეგად, გაერთიანებულ სუბიექტს შეუძლია ფიქსირებული დანახარჯები მომსახურების უფრო დიდ მოცულობაზე გაანაწილოს, რაც ამცირებს საშუალო დანახარჯს ერთეულზე. ხარჯებთან დაკავშირებულმა ამ უპირატესობამ შესაძლოა მცირე კონკურენტებს ეფექტიანი კონკურენცია გაურთულოს. მასშტაბის ეფექტის არსებობა ხშირად განაპირობებს მცირე კომპანიების ნაკლებ ეფექტიანობას, რაც დროთა განმავლობაში მათ ბაზრიდან გასვლას ან მსხვილი სუბიექტების მიერ შთანთქმას იწვევს.

ასეთ შემთხვევებში, კონკურენციის ორგანოებმა უნდა შეამოწმონ, ხომ არ იყენებს დომინანტური კომპანია მასშტაბის ეფექტს კონკურენციის საწინააღმდეგო მიზნებისთვის. კონკურენციის სამართლის აღსრულება მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ მასშტაბის ეფექტმა არ გამოიწვიოს მონოპოლიზაცია ან საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მომხმარებელთა და ბაზრის სხვა მონაწილეთა საზიანოდ. მარტივად რომ ვთქვათ, კონკურენციის სამართლის დანიშნულებაა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების გამოყენების კონტროლი და ლეგიტიმური, ეფექტიანი ბიზნესპრაქტიკის გამიჯვნა ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ზიანს აყენებს საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

მასშტაბის ეფექტის არსებობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ბაზარზე შესვლას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადგილი არ აქვს სტრატეგიულ ქცევას, რომელიც შესაძლოა კლასიფიცირდეს როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მაშინ, როდესაც ბაზარზე შესვლა დაკავშირებულია მნიშვნელოვან დანახარჯებთან და შესაძლოა გამოიწვიოს მკაცრი საფასო კონკურენცია.

თუმცა, მასშტაბის ეფექტის წახალისება აძლიერებს საერთო საზოგადოებრივ კეთილდღეობას. ამ მიზეზით, სასამართლოები და კონკურენციის ორგანოები უნდა დაეყრდნონ ეკონომისტების ექსპერტიზას, რათა სწორად შეაფასონ მასშტაბის ეფექტის როლი. სასამართლოებსა და კონკურენციის ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა განსაზღვრონ, თუ რომელი ქმედება მიიჩნევა ხელსაყრელ ეკონომიკურ ქცევად.

მასშტაბის ეფექტი ასევე მჭიდროდ უკავშირდება ე.წ. ქსელურ ეფექტებს. მაგალითად, სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში ქსელის მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად საშუალო დანახარჯი მცირდება, რაც ზრდის კომპანიის მოგებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიებს, რომლებიც ბაზარზე ხანგრძლივად იმყოფებიან და მომხმარებელთა დიდი ბაზა მოიზიდეს, აქვთ დაბალი დანახარჯები და მაღალი მოგება, რაც მათ შედარებით უპირატესობას ანიჭებს ახალბედა კომპანიებთან შედარებით, რომლებიც წარმოების ნაკლებად ეფექტიან დონეზე ოპერირებენ. მასშტაბის ეფექტის შედეგები მოწმობს, რომ დამკვიდრებულ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებელთა ფართო წრეს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობენ, შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ დანახარჯები და არაპროპორციულად გაზარდონ მოგება იმ ახალ მოთამაშეებთან შედარებით, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ ოპერირება.