მოქმედი კონკურენტი (Actual Competitor)

ინსტიტუციური განმარტება

ეკონომიკური აგენტი, რომელიც ან ამჟამად არის აქტიური იმავე შესაბამის ბაზარზე, სადაც შესწავლის პროცესში მყოფი ეკონომიკური აგენტი, ან რომელსაც შეუძლია წარმოება გადართოს შესაბამის პროდუქტებზე და მოახდინოს მათი რეალიზაცია ბაზარზე მოკლევადიან პერიოდში, მნიშვნელოვანი დამატებითი დანახარჯების ან რისკების გაღების გარეშე, შეფარდებითი ფასების მცირე და მუდმივი ზრდის საპასუხოდ (მიწოდების მხრიდან დაუყოვნებლივი ჩანაცვლებადობა).

იხილეთ: კომისიის განმარტებითი ბარათი თანამეგობრობის კონკურენციის სამართლის მიზნებისთვის რელევანტური ბაზრის განსაზღვრის შესახებ (OJ C 372, 9.12.1997, გვ. 5) © ევროპული კომისია“

კომენტარი

კონკურენტ ეკონომიკურ აგენტებს შორის ურთიერთობა კონკურენციის სამართლის უმთავრესი ნაწილია. ეს ურთიერთობები კონკურენციის უწყებების მხრიდან გაძლიერებულ კონტროლს ექვემდებარება, რადგან გარკვეულ პირობებში ისინი მიდრეკილნი არიან, ზიანი მიაყენონ კონკურენციასა და მომხმარებლებს.

მოქმედ და პოტენციურ კონკურენტებს შორის დადებული შეთანხმებები განიხილება როგორც ჰორიზონტალური შეთანხმებები და, შესაბამისად, სპეციფიკურ ანალიზს საჭიროებს. კონკურენციის ორგანოებს ამ ტიპის ხელშეკრულებების დასარეგულირებლად შემუშავებული აქვთ კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებები და ჯგუფური საგამონაკლისო რეგულაციები.

მოქმედი კონკურენტის განსაზღვრის პირველი ნაბიჯი, შესაბამისი შეთანხმების ან ქცევის გათვალისწინებით, ეკონომიკური აგენტის იდენტიფიცირებაა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ეკონომიკური ერთეულის საზღვრების დადგენა ხშირად რთულ ამოცანას წარმოადგენს.

შეთანხმება ორ შვილობილ კომპანიას შორის, რომელთაც ერთი და იგივე დედა კომპანია აკონტროლებს, არ ექცევა TFEU-ს 101-ე მუხლის მოქმედების სფეროში, რადგან ისინი განიხილება ერთიან ეკონომიკურ აგენტად და არა დამოუკიდებელ სუბიექტებს შორის დადებულ შეთანხმებად. თუმცა, საქმეში Sumal, სასამართლომ მკაფიოდ დაადასტურა, რომ ეკონომიკური აგენტისა და კორპორაციული ჯგუფის კონცეფციები შესაძლოა ერთმანეთს არ ემთხვეოდეს. სასამართლოს განმარტებით, გადამწყვეტი ფაქტორი იმის დასადგენად, წარმოადგენს თუ არა ერთი კორპორაციული ჯგუფის სხვადასხვა იურიდიული პირი ერთსა და იმავე ეკონომიკურ სუბიექტს, არის ის, მონაწილეობენ თუ არა ისინი ერთსა და იმავე ეკონომიკურ საქმიანობაში (Sumal, პუნქტები 38-47).

მიუხედავად ამისა, კვლავ ბუნდოვანია, Sumal-ის საქმეში გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის კრიტერიუმი მხოლოდ ანალოგიურ შემთხვევებს მიემართება, თუ იგი ზოგადი ხასიათისაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაურკვეველია, რჩება თუ არა ეკონომიკური ერთეულის დეფინიცია უცვლელი კონკურენციის სამართლის ყველა მიზნისთვის, თუ იგი ცვლად კონცეფციას წარმოადგენს. თუმცა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადასტურა, რომ „ეკონომიკური ერთეულის“ ცნებას არ შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული შინაარსი (Sumal, პუნქტი 47).

მოქმედი კონკურენტის იდენტიფიცირების მეორე ეტაპი, როგორც ამას ევროკომისია თავის ჯგუფური გამონაკლისის რეგულაციებსა და სახელმძღვანელო მითითებებში აღნიშნავს, შესაბამისი ბაზრის განსაზღვრაა.

ანალოგიური მიდგომაა აშშ-შიც. საქმეში U.S. v. E. I. du Pont de Nemours & Co., აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პირველად განსაზღვრა შესაბამისი ბაზარი Du Pont-ის საბაზრო ძალაუფლების შესაფასებლად. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ჰორიზონტალური კონცენტრაციების სახელმძღვანელო პრინციპები ადგენს, რომ „ბაზრის განსაზღვრა უფლებამოსილ უწყებებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ ბაზრის მონაწილეთა იდენტიფიცირება, გაზომონ საბაზრო წილები და ბაზრის კონცენტრაცია“ (იხ. ნაწილი 4).

ამასთან, მხოლოდ პროდუქტული და გეოგრაფიული ბაზრები არ არის რელევანტური. ბაზრის საზღვრები შესაძლოა დროითმა ან სეზონურმა შეზღუდვებმაც შეცვალოს. მაგალითად, პორტუგალიაში ენერგიის მწარმოებელთა კონცენტრაციების საქმეების განხილვისას, კონკურენციის უწყებამ აღიარა, რომ გეოგრაფიული ბაზარი შეიძლება მიჩნეულ იქნეს იბერიულად (ესპანეთ-პორტუგალია), თუ მათ შორის ურთიერთკავშირი შეუფერხებელია, ხოლო თუ არსებობს მნიშვნელოვანი ბარიერები - ბაზარი ეროვნული მასშტაბით უნდა განისაზღვროს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენცია აშკარაა, სხვა შემთხვევებში ამის დადგენა რთულ ამოცანას წარმოადგენს და მოითხოვს მათი საქმიანობის სიღრმისეულ შესწავლას, მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზს, მოთხოვნის ელასტიკურობის, მდებარეობისა და მომარაგების ჯაჭვების შეფასებას.

ეს ანალიზი რელევანტურია შეთანხმების ან კონცენტრაციის  ჰორიზონტალური კვალიფიკაციისთვის, ასევე იმის შესაფასებლად, ფლობს თუ არა კომპანია დომინანტურ მდგომარეობასა და საბაზრო ძალაუფლებას (Generics UK and others v. CMA, პუნქტი 127). მაღალინოვაციურ ბაზრებზე, რომელთა სტრუქტურაც ხშირად შეზღუდულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით, ცვლილებები შესაძლოა სწრაფად განხორციელდეს. Bayer/Monsanto-ს შერწყმის საქმეში ევროკომისიამ მხარეები მიიჩნია ინოვაციურ კონკურენტებად, რადგან ისინი ამუშავებდნენ მსგავსი კონცეფციის მქონე პოტენციურ პროდუქტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა იმავე პროდუქტულ ბაზრებზე გასვლას.

ფაქტობრივი კონკურენცია პოტენციური კონკურენციისგან იმით განსხვავდება, რომ პირველ შემთხვევაში სახეზეა სუბიექტის აქტიური ყოფნა პროდუქტულ და გეოგრაფიულ ბაზარზე. პოტენციური კონკურენტი კი არის საწარმო, რომელიც, სავარაუდოდ, მოკლე დროში განახორციელებს საჭირო ინვესტიციებს ან გაიღებს ბაზარზე გადართვის ხარჯებს შესაბამის ბაზარზე შესასვლელად.

ყველა კონკურენტი თანაბარი საბაზრო ძალის მატარებელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ორი ეკონომიკური ერთეული შესაძლოა კონკურენტებს წარმოადგენდეს, მათი პოზიციონირება ბაზარზე შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ისინი არ არიან ახლო კონკურენტები. ეს ფაქტორი ხელს უწყობს კონკურენციასთან დაკავშირებული რისკების სწორ კალიბრაციას. შერწყმის კონტროლის სფეროში, ევროკომისიის ჰორიზონტალური შერწყმის სახელმძღვანელო მითითებები ადგენს: რაც უფრო მაღალია კომპანიების პროდუქტებს შორის ჩანაცვლებადობის ხარისხი, მით უფრო სავარაუდოა, რომ შერწყმა გამოიწვევს ფასების მნიშვნელოვან ზრდას.

კონკურენციის სიახლოვისა და კონკურენციის შემზღუდველი ეფექტების გამოვლენის რელევანტურობა დეტალურად განიხილება CK Telecoms-ის საქმეში. აღსანიშნავია, რომ გენერალური ადვოკატი კოკოტი არ დაეთანხმა ზოგადი სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, კონკურენციის შემზღუდველი ეფექტის დასასაბუთებლად მხარეები აუცილებლად „განსაკუთრებით ახლო“ კონკურენტები უნდა ყოფილიყვნენ. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ თავის საბოლოო გადაწყვეტილებაში გაიზიარა გენერალური ადვოკატის პოზიცია და განმარტა, რომ ეფექტიანი კონკურენციის მნიშვნელოვანი დაბრკოლების ტესტის გამოსაყენებლად ოლიგოპოლიურ ბაზრებზე საკმარისია მხარეები უბრალოდ „ახლო კონკურენტები“ იყვნენ.

ანალოგიურად, აშშ-ში ფედერალური სავაჭრო კომისია კონკურენციის სიახლოვეს შერწყმის ეფექტების შეფასების კრიტიკულ კრიტერიუმად მიიჩნევს. Otto Bock HealthCare North America-ს საქმეში FTC-მ დაასკვნა, რომ შერწყმა გამოიწვევდა მნიშვნელოვან ცალმხრივ ეფექტებს, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტები არ წარმოადგენდნენ ერთმანეთის უახლოეს შემცვლელებს.“