მტაცებლური ფასის დაწესება (Predatory Pricing)

ინსტიტუციური განმარტება

(განზრახული) სტრატეგია, რომელსაც ჩვეულებრივ მიმართავს ბაზარზე დომინანტური კომპანია, რათა კონკურენტები ბაზრიდან გამოდევნოს წარმოების თვითღირებულებაზე დაბალი ფასების დაწესების გზით. თუ მტაცებელი კომპანია წარმატებით ახერხებს არსებული კონკურენტების ბაზრიდან გაძევებას და ახალი ფირმების სამომავლო შესვლის შეკავებას, მას შეუძლია შემდგომში გაზარდოს ფასები და მიიღოს უფრო მაღალი მოგება. დომინანტური კომპანიების მიერ მტაცებლური ფასების დაწესება აკრძალულია ევროკავშირის კონკურენციის სამართლით, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. საშუალო ცვალებად ხარჯებზე დაბალი ფასები ავტომატურად მიიჩნევა მტაცებლურად, რადგან მათ არ გააჩნიათ სხვა ეკონომიკური გამართლება, გარდა კონკურენტების განადგურებისა — სხვა შემთხვევაში, უფრო რაციონალური იქნებოდა საერთოდ არ გეწარმოებინა და არ გაგეყიდა პროდუქტი, რომლის ფასიც საშუალო ცვალებად ხარჯებსაც კი ვერ ფარავს. როდესაც ფასები დადგენილია საშუალო მთლიან ხარჯებზე დაბლა (მაგრამ საშუალო ცვალებად ხარჯებზე მაღლა), საჭიროა მტაცებელი კომპანიის განზრახვის დამამტკიცებელი დამატებითი ელემენტების დადგენა, რათა ეს ქმედება მტაცებლობად დაკვალიფიცირდეს, ვინაიდან ამგვარი საფასო პოლიტიკის საფუძველი შეიძლება სხვა კომერციული მოსაზრებებიც იყოს, მაგალითად, მარაგებისგან გათავისუფლების აუცილებლობა. © ევროკომისია

(განზრახული) სტრატეგია, რომელსაც ჩვეულებრივ მიმართავს დომინანტური ფირმა, რათა კონკურენტები ბაზრიდან გამოდევნოს ძალიან დაბალი ფასების დაწესებით ან პროდუქციის გამოშვების ნამატ ხარჯებზე დაბალ ფასად გაყიდვით (რაც პრაქტიკული მიზნებისთვის ხშირად გათანაბრებულია საშუალო ცვალებად ხარჯებთან). მას შემდეგ, რაც მტაცებელი კომპანია წარმატებით განდევნის არსებულ კონკურენტებს და შეაკავებს ახალი ფირმების შემოსვლას, მას შეუძლია გაზარდოს ფასები და მიიღოს უფრო მაღალი მოგება. ეკონომიკური ლიტერატურა მტაცებლური საფასო პოლიტიკის რაციონალურობისა და ეფექტიანობის შესახებ მუდმივი ცვლილებების (განვითარების) პროცესშია. ბევრმა ეკონომისტმა ეჭვქვეშ დააყენა მტაცებლური საფასო პოლიტიკის რაციონალურობა იმ მოტივით, რომ: იგი მტაცებლისთვის შეიძლება სულ მცირე ისეთივე ძვირი და დანახარჯიანი იყოს, როგორიც მსხვერპლისთვის; მტაცებლობის სამიზნეების ბაზრიდან განდევნა არც ისე ადვილია, თუ დავუშვებთ, რომ კაპიტალის ბაზრები შედარებით ეფექტიანია; ხოლო ბაზარზე შესვლის ბარიერების არარსებობის პირობებში ფირმების ახალი ან განმეორებითი შემოსვლა ამცირებს მტაცებლის შანსებს, აინაზღაუროს მტაცებლობის პერიოდში განცდილი ზარალი. თუმცა, სხვა ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ფასებით მტაცებლობა შეიძლება განხორციელებადი იყოს, თუ იგი მიზნად ისახავს კონკურენტების „მორბილებას“ მათი სამომავლო შესყიდვის მიზნით, ან თუ მტაცებლობის პოტენციურ სამიზნეებს ან მათი კაპიტალის წყაროებს აქვთ ნაკლები ინფორმაცია ხარჯებისა და ბაზრის მოთხოვნის შესახებ, ვიდრე თავად მტაცებელს. (...) © OECD

კომენტარი

ზოგადად, ანალიზის ამოსავალი წერტილია იმის შეფასება, განიცადა თუ არა დომინანტურმა საწარმომ აცილებადი ზარალი შესაბამისი პერიოდის განმავლობაში. ამგვარი ანალიზისთვის, პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად (მაგ.: დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მტაცებლურ სტრატეგიას), მხედველობაში მიიღება დანახარჯების სხვადასხვა პარამეტრი, ბაზრის კონკურენტული მახასიათებლების შესაბამისად. საკმარისად სანდო მონაცემების არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს „თანაბრად ეფექტიანი კონკურენტის“ ტესტი იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა კონკრეტულ ქცევას მომხმარებელთა დაზიანება. როგორც წესი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მტაცებლური ქცევა ეკონომიკურ ეფექტიანობას განაპირობებდეს.

ევროკავშირის პერსპექტივიდან, მტაცებლური ფასწარმოქმნა ექცევა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 102-ე მუხლის მოქმედების სფეროში. ევროკომისიის სახელმძღვანელო მითითებები დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების პრიორიტეტების შესახებ გამოყოფს მტაცებლური ფასწარმოქმნის ორ ელემენტს: (i) მსხვერპლშეწირვას და (ii) კონკურენციის საწინააღმდეგო ბაზრიდან განდევნას. მსხვერპლშეწირვის ელემენტის შეფასებისას, კომისია ადგენს, პროდუქციაზე დაბალი ფასების დაწესებით ან წარმოების გაფართოებით, განიცადა თუ არა დომინანტურმა საწარმომ ისეთი ზარალი, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა.საშუალო აცილებადი დანახარჯები მიიჩნევა ამოსავალ წერტილად იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი მსხვერპლშეწირვას. თუ დომინანტური საწარმო აწესებს ფასს AAC-ზე დაბლა, უმეტეს შემთხვევაში ეს მსხვერპლშეწირვის აშკარა ინდიკატორია. თუმცა, მტაცებლურ სტრატეგიაზე შესაძლოა მიუთითებდეს ისიც, თუ კომისია დაადგენს, რომ კონკრეტულმა ქცევამ უფრო დაბალი წმინდა შემოსავალი გამოიწვია, ვიდრე მოსალოდნელი იყო გონივრული ალტერნატივისგან მოკლევადიან პერსპექტივაში (ანუ საწარმომ განიცადა ზარალი, რომლის თავიდან აცილებაც შეიძლებოდა). იმ შემთხვევაში, თუ დომინანტური საწარმო ფასებს AAC-ზე მაღლა აწესებს, მტაცებლური ქცევის დასადასტურებლად აუცილებელია მტაცებლური განზრახვის დადასტურება.

კონკურენციის საწინააღმდეგო ბაზრიდან განდევნის შეფასებისას, კომისია იყენებს „თანაბრად ეფექტიანი კონკურენტის“ ანალიზს, რათა დაადგინოს, შეუძლია თუ არა მოცემულ ქცევას მომხმარებელთა დაზიანება. კომისია მიიჩნევს, რომ, როგორც წესი, მხოლოდ გრძელვადიან საშუალო დამატებით დანახარჯებზე დაბალ ფასებს შეუძლია ბაზრიდან ისეთივე ეფექტიანი კონკურენტების განდევნა. ამასთან, კონკურენციის საწინააღმდეგო ბაზრიდან განდევნის დასამტკიცებლად კომისიას არ მოეთხოვება იმის დემონსტრირება, რომ კონკურენტებმა რეალურად დატოვეს ბაზარი. სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, მომხმარებელთა ინტერესები სავარაუდოდ ზიანდება, თუ მტაცებლური ქცევის დასრულების შემდეგ დომინანტური საწარმოს საბაზრო ძალაუფლება უფრო დიდი იქნება, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა. აქვე განმარტებულია, რომ კომისია ჩაერევა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც საწარმოს ფასების ძველ დონეზე მეტად გაზრდა შეუძლია, არამედ მომხმარებლის ინტერესების ხელყოფის დასადგენად არ არის აუცილებელი ზარალის სრული ანაზღაურების მტკიცებულება.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მტაცებლური ფასწარმოქმნა პირველად AKZO-ს საქმეზე შეაფასა. სასამართლოს განმარტებით: საშუალო ცვლად დანახარჯებზე დაბალი ფასები ავტომატურად მიიჩნევა ბოროტად გამოყენებად; ხოლო ფასები, რომლებიც აღემატება საშუალო ცვალებად ხარჯს, მაგრამ დაბალია საშუალო მთლიან დანახარჯებზე, ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება კონკურენტების ბაზრიდან განდევნის წინასწარი გეგმა.

აღნიშნული მიდგომა შემდგომში განვითარდა საქმეებში Tetra Pak II და France Télécom v. Commission. Tetra Pak II-ში სასამართლომ მიუთითა, რომ მტაცებლური განზრახვის აშკარა არსებობისას არ არის აუცილებელი იმის მტკიცება, რომ დომინანტურ საწარმოს ჰქონდა ზარალის ანაზღაურების რეალური შანსი. მოგვიანებით, France Télécom-ის საქმეში სასამართლომ საბოლოოდ განამტკიცა პოზიცია, რომ ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობის დასაბუთება არ წარმოადგენს მტაცებლური ფასწარმოქმნის დადგენის სავალდებულო წინაპირობას, თუმცა კომისიას შეუძლია იგი რელევანტურ ფაქტორად განიხილოს.

აშშ-ში მტაცებლური ფასწარმოქმნის საქმეები განიხილება შერმანის აქტის მე-2 მუხლის ან რობინსონ-პატმანის აქტის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევის არსი იდენტურია, მტკიცების სტანდარტი განსხვავდება: შერმანის აქტი მოითხოვს მონოპოლიზაციის „საშიში ალბათობის“ დასაბუთებას, ხოლო რობინსონ-პატმანის აქტი -კონკურენციისთვის არსებითი ზიანის მიყენების „გონივრული შესაძლებლობის“ მტკიცებულებას.მტაცებლური ფასწარმოქმნის საკითხზე ევროკავშირისა და აშშ-ის მიდგომებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ზარალის ანაზღაურების სავალდებულო მოთხოვნაა. აშშ-ის ანტიმონოპოლიური სამართალი კრძალავს თვითღირებულებაზე დაბალი ფასების დაწესებას, თუმცა ევროკავშირს ამ მიმართულებით უფრო მკაცრი სტანდარტი გააჩნია.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Brooke Group დაადგინა მტაცებლური ფასწარმოქმნის ანალიზის ახალი ჩარჩო, რომელიც ორ აუცილებელ პირობას ეფუძნება: პირველი - უნდა დადასტურდეს ფასების დაწესება თვითღირებულებაზე დაბალ დონეზე; მეორე - აუცილებელია ზარალის ანაზღაურების მტკიცებულების წარდგენა.

ზარალის ანაზღაურების მტკიცებულება მოითხოვს არა მხოლოდ იმის ჩვენებას, რომ დაბალმა ფასებმა გამოიწვია კონკურენტის ბაზრიდან განდევნა ან მისი დისციპლინირება, არამედ იმის დასაბუთებასაც, რომ „მტაცებელი“ შეძლებს ფასების იმგვარ გაზრდას კონკურენტულ დონეზე მაღლა, რაც საკმარისი იქნება მისი „მტაცებლური ინვესტიციის“ სრულად კომპენსირებისთვის.

თურქეთის კონკურენციის სამართლის მიხედვით, ვინაიდან „კონკურენციის დაცვის შესახებ“ 4054 წლის No. 4054 კანონის მე-6 მუხლი და თურქეთის კონკურენციის ორგანოს სახელმძღვანელო პრინციპები დომინანტური საწარმოების მიერ კონკურენტების გამომრიცხავი ბოროტად გამოყენების შეფასების შესახებ მჭიდროდ არის მოდელირებული TFEU-ის 102-ე მუხლისა და ევროკომისიის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, თურქეთის კონკურენციის საბჭოს (Board) ანალიზი მტაცებლური ფასების კუთხით ზოგადად შეესაბამება ევროკავშირის მიდგომას. რეალურად, არსებობს უამრავი საქმე, სადაც საბჭომ გამოიყენა AKZO-ს საქმეში გამოყენებული ტესტი. თავის U.N. RO-RO გადაწყვეტილებაში საბჭომ ანალიზი სამ ელემენტს დააფუძნა: (i) თვითღირებულებაზე დაბალი ფასების დაწესების მტკიცება, (ii) კონკურენტის განადგურების (გამოდევნის) განზრახვის არსებობა და (iii) კონკურენციის საწინააღმდეგო ბაზრის დაბლოკვა. მიუხედავად იმისა, რომ U.N. RO-RO-ს ფასები მის საშუალო თავიდან აცილებად ხარჯებზე დაბალი იყო, საბჭომ მაინც გაამახვილა ყურადღება მტაცებლური განზრახვის არსებობაზე, რათა ეჩვენებინა, რომ საწარმოს საფასო სტრატეგიის ერთადერთი ლოგიკური ახსნა მისი კონკურენტის განდევნა იყო. ამ მიზნით, საბჭომ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ U.N. RO-RO-ს ჰქონდა თავისი ზარალის ამოღების შესაძლებლობაც, თუმცა მიუთითა, რომ ეს არ წარმოადგენდა წინაპირობას მტაცებლური საფასო პოლიტიკის დასადგენად.