ხელშეკრულების 101-ე და 102-ე მუხლების გამოყენების შესახებ ნებისმიერ წარმოებაში, ხელშეკრულების 101(1) მუხლის ან 102-ე მუხლის დარღვევის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს ან უწყებას, რომელიც მიუთითებს დარღვევაზე. ეკონომიკური აგენტი ან ეკონომიკურ აგენტთა ასოციაცია, რომელიც ითხოვს ხელშეკრულების 101(3) მუხლით გათვალისწინებული სარგებლის მიღებას, ატარებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ ამ პუნქტის პირობები შესრულებულია. © ხელშეკრულების 81-ე და 82-ე მუხლებში მოცემული კონკურენციის წესების აღსრულების შესახებ საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის № 1/2003 (EC) რეგულაციის მე-2 მუხლი“
კონკურენციის სამართლის ნორმები და სასამართლო პრეცედენტები მკაფიოდ განსაზღვრავს მხარეთა ვალდებულებას, წარადგინონ ფაქტობრივი და სამართლებრივი მტკიცებულებები (პოტენციურად) კონკურენციის შემზღუდველი ქცევის დასადასტურებლად. აღნიშნული დებულებები აუცილებელი ინსტრუმენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკვლევა წარიმართოს განჭვრეტადობის პრინციპის დაცვით. თავისი არსით, მტკიცების ტვირთის მარეგულირებელი ნორმები განსაზღვრავს, თუ რომელ მხარეს ეკისრება რისკი ფაქტების დაუმტკიცებლობის ან ბრალდებების გადაუჭრელად დარჩენის შემთხვევაში (იხ. გენერალური ადვოკატის კოკოტის დასკვნა საქმეზე C-8/08, T-Mobile, პუნქტი 80).
როგორც წესი, სასამართლოები იყენებენ გარკვეულ პრეზუმფციებს საქმისწარმოების დასაჩქარებლად, რაც შესაძლებელს ხდის პასუხისმგებლობის დაკისრებას გარკვეული წინაპირობების არსებობისას. აღნიშნულმა პრეზუმფციებმა, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს მტკიცების ტვირთის გადატანა მეორე მხარეზე, რათა მან დაამტკიცოს კონკურენციის შემზღუდველი ქცევის ან შედეგის არარსებობა.
ზოგადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს (ბრალმდებელ მხარეს), აღიარებულია როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის სამართალში. ევროკავშირის კანონმდებლობაში, 1/2003 რეგულაციის მე-2 მუხლი პირდაპირ ადგენს: ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 101(1) ან 102-ე მუხლის დარღვევის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს ან ორგანოს, რომელიც ამტკიცებს დარღვევის არსებობას.
ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101(3) მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობებით სარგებლობისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება საწარმოს ან საწარმოთა გაერთიანებას - მათ უნდა დაადასტურონ ამ პუნქტით დადგენილი კუმულაციური პირობების შესრულება. რაც შეეხება კონცენტრაციების კონტროლს, 139/2004 რეგულაციის მე-2(2) და მე-2(3) მუხლებიდან გამომდინარე, ევროკომისიას ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის დასასაბუთებლად, რომ დაგეგმილი კონცენტრაცია მნიშვნელოვნად შეაფერხებს ეფექტიან კონკურენციას (იხ. ზოგადი სასამართლო, T-399/16, CK Telecoms, პუნქტი 107).
ანალოგიური მიდგომაა აშშ-ის კონკურენციის სამართალშიც, სადაც მტკიცებულებათა წარდგენა, როგორც წესი, მოსარჩელის ვალდებულებაა. „per se“ დარღვევების შემთხვევაში, მთავრობამ ან მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ კონკრეტული ქმედება მიეკუთვნება „Per Se“ კატეგორიას (Ohio v. American Express, 2018 წ.). იგივე პრინციპი მოქმედებს კონცენტრაციის განხილვისას კლეიტონის აქტის (Clayton Act) მე-7 მუხლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევებში, პირველადი მტკიცებულებების (Prima Facie) წარდგენისას, მთავრობამ უნდა: (1) განსაზღვროს შესაბამისი ბაზარი და (2) აჩვენოს, რომ ამ ბაზარზე კონცენტრაციის ეფექტი, სავარაუდოდ, კონკურენციის შემზღუდველი იქნება (FTC v. Penn State Hershey Med. Ctr., 2016 წ.).
მიუხედავად აღნიშნული ზოგადი წესებისა, სასამართლო პრაქტიკამ შეიმუშავა ე.წ. „შემოკლებული ანალიზის წესები“ და მტკიცებითი პრეზუმფციები. პრაქტიკაში ეს იწვევს მოსარჩელისათვის მტკიცების ტვირთის შემსუბუქებას ან მის გადატანას მოპასუხე მხარეზე. ევროკავშირის სამართალწარმოებაში არსებობს პრეზუმფცია, რომ დომინანტური მდგომარეობის მქონე საწარმოს მიერ საშუალო ცვლად ხარჯებზე (AVC) დაბალი ფასების დაწესება კონკურენციის შემზღუდველი ბუნებისაა (CJEU, Akzo, 1991 წ.). ანალოგიურად, აშშ-ში გარკვეული ქმედებები მიეკუთვნება „per se“ დარღვევებს. ასეთი „შემოკლებული წესები“ მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მოსარჩელის მტკიცების ტვირთს, რადგან მას აღარ მოეთხოვება ბაზარზე კონკრეტული უარყოფითი შედეგების დეტალური მტკიცება. როგორც წესი, მოპასუხეს არ შეუძლია უარყოს ან გააბათილოს ბრალდება, როდესაც საქმე ეხება Per Se კატეგორიის დარღვევებს.
მტკიცებითი პრეზუმფციები გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს საშუალებას აძლევს, წარმოდგენილი ფაქტების საფუძველზე დაასკვნას კონკურენციის შემზღუდველი ქცევის არსებობა. ამის შემდეგ, მოპასუხეს ეძლევა შესაძლებლობა, გააბათილოს აღნიშნული პრეზუმფცია უფრო კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენით. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განმარტებით (Ohio v. American Express, 2018 წ.): „მოსარჩელეს ეკისრება პირველადი ტვირთი, დაამტკიცოს, რომ სადავო შეზღუდვას აქვს მნიშვნელოვანი კონკურენციის შემზღუდველი ეფექტი... თუ მოსარჩელე ამას ახერხებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე, რათა მან წარმოადგინოს შეზღუდვის პროკონკურენტული დასაბუთება... თუ მოპასუხე ამას შეძლებს, ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადადის, რათა მან დაამტკიცოს, რომ იგივე პროკონკურენტული ეფექტიანობის მიღწევა შესაძლებელი იყო გონივრულად ნაკლებად შემზღუდველი საშუალებებით“.
ამრიგად, პრაქტიკაში მტკიცებითი პრეზუმფციები მტკიცების ტვირთს მოსარჩელიდან მოპასუხეზე გადაიტანს. ამ უკანასკნელმა უნდა წარადგინოს მტკიცებულებები პროკონკურენტული უპირატესობების შესახებ, რომლებიც ამართლებენ და აწონასწორებენ კონკურენციის შემზღუდველ ეფექტებს.
მიუხედავად იმისა, რომ „შემოკლებული წესები“ და მტკიცებითი პრეზუმფციები როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ის სამართლის შემადგენელი ნაწილია, დღეს მათი ფართო გამოყენება ორმა ფაქტორმა შეზღუდა. უპირველეს ყოვლისა, ინდივიდუალურ დონეზე, მტკიცების ტვირთის გადატანა ბრალდებულ მხარეზე რთულად თავსებადია ისეთ ფუნდამენტურ უფლებასთან, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია. მეორე მხრივ, კონკურენციისსისტემები სულ უფრო მეტად გადადიან შედეგზე ორიენტირებულ ანალიზზე. ეს ნიშნავს, რომ კონკურენციის შემზღუდველი ქცევის დასამტკიცებლად აუცილებელია ბაზრის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე მისი უარყოფითი გავლენის სათანადო დასაბუთება.
„შემოკლებული ანალიზის“ წესები და პრეზუმფციები მოსარჩელეს პასუხისმგებლობის დაკისრებას უადვილებს ისე, რომ მას არ მოეთხოვება ბაზარზე არსებული ეფექტების სრულყოფილი დადასტურება. თუმცა, ბოლო პერიოდის სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მხოლოდ პრეზუმფციებზე დაყრდნობა მტკიცების სტანდარტის დასაკმაყოფილებლად აღარ არის ცალსახად მისაღები.