ონლაინ პლატფორმები (ONLINE PLATFORMS)

კომენტარი

ონლაინ პლატფორმები თანამედროვე ბიზნესგარემოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული კომერციის განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა. ისინი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: ონლაინ მაღაზიებს, აპლიკაციების მაღაზიებს, ფასების შედარების ვებსაიტებს, საძიებო სისტემებს, დაჯავშნის პლატფორმებს, სოციალურ მედიას, საცხოვრებლის გაზიარების სერვისებს და ა.შ. შესაძლებელია ონლაინ პლატფორმების რამდენიმე მოდელის გამიჯვნა, როგორიცაა: B2C, C2C, B2B, B2G და C2G, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული B2C და C2C მოდელებია. ისინი ხელს უწყობენ ტრანზაქციების განხორციელებას მათ სივრცეში დარეგისტრირებული გამყიდველების/მომსახურების მომწოდებლებისა და მომხმარებლების დაკავშირებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოციალური ქსელები, საძიებო სისტემები, ონლაინ ვაჭრობა, პროგრამული აპლიკაციების მაღაზიები, ფასების შედარება, კომპიუტერული სერვისები, რეკლამა, ვიდეოგაზიარების პლატფორმები და სხვა.

ონლაინ პლატფორმები ინოვაციის მთავარი მამოძრავებელია. ისინი აიძულებენ ბაზრის ტრადიციულ მოთამაშეებს, გააუმჯობესონ სერვისები და დანერგონ სიახლეები. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმები ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სარგებელს ქმნიან (მაგ. მომხმარებელთა ფართო არჩევანი, ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობა, კეთილდღეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა), ისინი ხშირად ხდებიან ბრალდების სამიზნეც. ეს ბრალდებები ეხება კონკურენციის შეზღუდვას, არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკასა და უსამართლო პირობების დაწესებას. მათ შორისაა: ბაზარზე წვდომაზე უარი, საკუთარი სერვისების პრიორიტეტული პოპულარიზაცია სხვა მომწოდებლების საზიანოდ, პარიტეტული პირობები, ასევე გამჭვირვალობის ნაკლებობა ტარიფებისა და ძიების შედეგების ფორმირებისას. ასეთი დარღვევები განსაკუთრებით სერიოზულია „მცველების“ (Gatekeepers) შემთხვევაში, რომლებსაც თავიანთ სფეროებში გადამწყვეტი საბაზრო ძალაუფლება აქვთ.

ევროკავშირის 2022 წლის „ციფრული ბაზრების აქტის“ (DMA) თანახმად, „გეითქიფერები“ (ე.წ. კარიბჭის მცველები) არიან ონლაინ პლატფორმები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა ბაზარზე, ფლობენ ერთ ან რამდენიმე საკვანძო პლატფორმას მომხმარებლებთან დასაკავშირებლად და თავიანთ საქმიანობაში მყარი პოზიციით სარგებლობენ. კონკრეტული ხარისხობრივი და რაოდენობრივი კრიტერიუმები განსაზღვრავს, თუ რომელი პლატფორმა უნდა იყოს „დანიშნული“ მცველად და დაექვემდებაროს ex-ante (წინასწარ) წესებს. სხვა იურისდიქციებიც სწავლობენ მსგავსი რეგულაციების დანერგვის შესაძლებლობას, თუმცა ევროკავშირის მიერ DMA-ს იმპლემენტაციას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული მარეგულირებელი ინიციატივების გატარებამ შესაძლოა არასაჭირო ადმინისტრაციული ტვირთი და რეგულაციების ფრაგმენტაცია გამოიწვიოს.

თუმცა, მარეგულირებლებმა და კონკურენციის პოლიტიკის განმახორციელებლებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ საერთო ლანდშაფტს ხშირად „დესტრუქციული ინოვაციები“ განსაზღვრავს. არსებული ეკოსისტემის წყალობით, კარგ იდეას მცირე ინვესტიციითა და მცირე გუნდით (მასშტაბის ეკონომიის მნიშვნელობის შემცირებისა და ხარჯების კლების ხარჯზე) ადვილად შეუძლია ბაზარზე გზის გაკვლევა და პლატფორმის ორივე მხარეს მომხმარებელთა რაოდენობის მასშტაბური ზრდა. ამავდროულად, თუ მარეგულირებლები ვერ გაითვალისწინებენ იმ კონკურენტულ დინამიკას, რომელიც მრავალმხრივი პლატფორმის ყველა მხარეზე ახდენს გავლენას, არსებობს რისკი, რომ აღმასრულებელმა ორგანოებმა და სასამართლოებმა დაგმონ ისეთი პროკონკურენტული ქცევა, რომელსაც მომხმარებლისთვის სარგებელი მოაქვს, რაც პოტენციურად შეაფერხებს ინოვაციებს.

სხვადასხვა იურისდიქციის მარეგულირებელი ორგანოები მუშაობენ საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსებასა და მარეგულირებელ სტანდარტებთან უკეთესი შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, რათა ეფექტურად უპასუხონ ონლაინ პლატფორმების გამოწვევებს და უზრუნველყონ სამართლიანი კონკურენცია და ფუნდამენტური უფლებების დაცვა ყველასთვის. მაგალითად, „ციფრული ბაზრების აქტის“ (DMA) თანახმად, როგორც კი ონლაინ პლატფორმა „მცველად“ (Gatekeeper) დაინიშნება, მასზე ვრცელდება სხვადასხვა აკრძალვა და ვალდებულება. ეს შეზღუდვები ეფუძნება ისეთ პრაქტიკებს, როგორიცაა: MFN (ყველაზე შეღავათიანი პირობის) პუნქტები, პროდუქტების მიბმა, საკუთარი სერვისების პრიორიტეტული პოპულარიზაცია, თავსებადობის შეზღუდვა და ა.შ. ასევე დადგენილია ინფორმაციის წარდგენის ახალი მოთხოვნები: მცველები ვალდებულნი არიან აცნობონ ევროკომისიას ნებისმიერი კონცენტრაციის შესახებ იმ მხარესთან, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პლატფორმის საკვანძო სერვისებს ან სხვა მომსახურებას ციფრულ სექტორში. გარდა ამისა, მცველად დანიშვნიდან ექვსი თვის განმავლობაში, კომპანია ვალდებულია წარადგინოს ანგარიში DMA-ით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მიღებული ზომების შესახებ. აღსანიშნავია, რომ DMA არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ განსხვავებებს მცველებს, მათ ბიზნესმოდელებსა და უნიკალურ მახასიათებლებს შორის — ყველა ვალდებულება ავტომატურად ვრცელდება „გეითქიფერის“ – (მცველის) მიერ მიწოდებულ პლატფორმის ყველა საკვანძო სერვისზე.

რაც შეეხება კონკურენციის სამართალს, ონლაინ პლატფორმების შემთხვევაში „შესაბამისი ბაზრის“ განსაზღვრა საკმაოდ რთულია. ასეთ დროს აუცილებელია ბაზრის სხვადასხვა მხარეს შორის არსებული ურთიერთკავშირის გათვალისწინება. მრავალმხრივი პლატფორმები ღირებულებას ბაზრის სხვადასხვა მონაწილეების დაკავშირებით ქმნიან; ისინი ხელს უწყობენ ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და ტრანზაქციული ხარჯების შემცირებას. თუმცა, იმის გამო, რომ მრავალმხრივი კომპანიები მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფს შორის ურთიერთქმედებას უზრუნველყოფენ, მოთხოვნა იმ სერვისზე, რომელსაც პლატფორმა სთავაზობს თავის ერთ „მხარეს“, პირდაპირ არის დამოკიდებული სხვა „მხარეებისთვის“ შეთავაზებულ სერვისებზე. ამ ურთიერთდაკავშირებულ მოთხოვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ანტიმონოპოლიური ანალიზისთვის.

ის ფაქტი, რომ სერვისები/პროდუქტები შესაძლოა „უფასო“ იყოს ბაზრის ერთ მხარეს, დამატებითი გამოწვევაა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია სტანდარტული „SSNIP“ ტესტით, რომელიც ბაზარს მხოლოდ ფასების ზრდის პრიზმაში განიხილავს. პლატფორმები შეზღუდულია შემცვლელი პროდუქტების ხელმისაწვდომობით, თუმცა ისინი ასევე აწყდებიან მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან ურთიერთდაკავშირებული მოთხოვნის დამატებით შეზღუდვებს. ასეთი ურთიერთდაკავშირებული მოთხოვნის ერთ-ერთი ეფექტი მრავალმხრივი კომპანიის შესაძლებლობების შეზღუდვაა, ცალმხრივად გაზარდოს ფასები ან შეამციროს წარმოების მოცულობა. თუ ბაზრის განსაზღვრისა და საბაზრო ძალაუფლების ტესტები ვერ ითვალისწინებენ ამ ფაქტორებს, მათ შესაძლოა შექმნან მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს მრავალმხრივი კომპანიები ფასებსა და წარმოებაზე სრულ ძალაუფლებას ფლობენ, მაშინ როცა ისინი, ფაქტობრივად, მძაფრ კონკურენციაში არიან ჩართულნი. აშშ-ისა და ევროკავშირის სასამართლოებმა დაადასტურეს, რომ ბაზრის დეფინიციამ უნდა გაითვალისწინოს ციფრული პლატფორმების დინამიკური ბუნება.

რაც შეეხება ონლაინ პლატფორმების შერწყმის კონტროლს, არსებობს წინადადებები შეტყობინების ზღვრების ცვლილების შესახებ. ეს გულისხმობს იურისდიქციის მინიჭებას ისეთ შერწყმებზე, რომლებიც ეფუძნება, მაგალითად, ტრანზაქციის ღირებულებას, ჩართული საწარმოების საბაზრო წილებს ან შემძენის მახასიათებლებს. იმ შემთხვევებში, როდესაც ბრუნვის ზღვრები არ არის დაცული, კონკურენციის ორგანოს შესაძლოა მიეცეს უფლება, განიხილოს გარიგების ეკონომიკური ღირებულება, როგორც მხარეებისთვის მისი მნიშვნელობისა და სამიზნე კომპანიის მაღალი საბაზრო პოტენციალის ინდიკატორი (თუ გარიგების ფასი საკმაოდ მაღალია). გერმანიისა და ავსტრიის შერწყმის კონკურენციის რეჟიმებმა მსგავსი მიზნებისთვის ბრუნვის პარალელურად „ტრანზაქციის ღირებულების ზღვრები“ შემოიღეს. მაგალითად, თურქეთში ბრუნვის ზღვრები 2022 წელს შეიცვალა და დაემატა გამონაკლისი იმ ტრანზაქციებისთვის, რომლებიც „ტექნოლოგიური კომპანიების“ შეძენას ეხება. ეს მოიცავს ციფრული პლატფორმების, პროგრამული უზრუნველყოფისა და გეიმინგის, ფინანსური ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიის, ფარმაკოლოგიის, აგროქიმიკატებისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების სფეროებში მოქმედ კომპანიებს ან მათ აქტივებს. ცხადია, ონლაინ პლატფორმები ცალსახად მიეკუთვნება „ტექნოლოგიური კომპანიების“ კატეგორიას, რადგან თავად დეფინიცია პირდაპირ შეიცავს „ციფრულ პლატფორმებს“. ამ ცვლილების მიზანია იმ საწარმოთა საწყის ეტაპზე შესყიდვების კონტროლი, რომლებიც ღირებულ პროდუქტებს ქმნიან, თუმცა ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ბრუნვა არ გააჩნიათ.