ორმხრივი ბაზარი (TWO-SIDED MARKET)

ტერმინი „ორმხრივი ბაზარი“ გამოიყენება იმის ხაზგასასმელად, რომ პროდუქტზე ან მომსახურებაზე მოთხოვნა მომხმარებელთა ორი ან მეტი განსხვავებული ჯგუფისგან ყალიბდება, სადაც ამ ჯგუფებიდან მინიმუმ ერთი დაინტერესებულია მეორე ჯგუფის სიმრავლით/მონაწილეობით (ე.წ. „არაპირდაპირი ქსელური ეფექტები“ ან „ჯგუფთაშორისი ექსტერნალიები“). ამრიგად, პროდუქტი ან სერვისი წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ან შუამავალ რგოლს, რომელიც აკავშირებს მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფს: გამყიდველებსა და მყიდველებს, ან მკითხველებს, ავტორებსა და რეკლამის განმთავსებლებს. მაგალითები მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე ციფრულ სივრცეებს (მაგ. საფონდო ბირჟები, სავაჭრო ცენტრები), ტრადიციულ და თანამედროვე მედიას (მაგ. გაზეთები, მაუწყებლები, სოციალური მედია), ასევე პროგრამულ პლატფორმებსა და საგადახდო სისტემებს. ინსტიტუციური განმარტება - არ არის ჩანაწერი.

კომენტარი

ტერმინი „ორმხრივი ბაზარი“ სათავეს ეკონომიკური ლიტერატურიდან იღებს და მას არ გააჩნია პირდაპირი სამართლებრივი შედეგი კონკურენციის სამართალში. ეს ტერმინი გასაგებ დეფინიციას სძენს „არაპირდაპირი ქსელური ეფექტების“ ეკონომიკურ ფენომენს, რომელსაც მკვლევრები მხოლოდ 2000-იანი წლების დასაწყისიდან აღწერენ ეკონომიკურ მოდელებში. ტერმინის ფართო გავრცელება ძირითადად როშესა და ტიროლის (Rochet & Tirole, 2003) ნაშრომს უკავშირდება. დღესდღეობით ტერმინი „მრავალმხრივი“ ხშირად გამოიყენება „ორმხრივის“ ნაცვლად, ხოლო ტერმინი „პლატფორმა“ - „ბაზრის“ ნაცვლად. პლატფორმების უმეტესობას მომხმარებელთა ორზე მეტი განსხვავებული ჯგუფი ჰყავს. პლატფორმის „მხარეების“ რაოდენობა და იდენტობა არ წარმოადგენს ბიზნესსაქმიანობის უნივერსალურ მახასიათებელს; ის, შესაძლოა, პლატფორმის ოპერატორის მიერ მიღებული სტრატეგიული არჩევანის შედეგი იყოს. პლატფორმის კონკურენტები შესაძლოა განსხვავდებოდნენ ამავე პლატფორმის სხვადასხვა მხარეზე. პლატფორმის თითოეული მხარისთვის შესაძლებელია ცალკე „შესაბამისი ბაზრის“ განსაზღვრა - მაგალითად, მკითხველთა ბაზარი და სარეკლამო ბაზარი.

მომხმარებელთა ჯგუფებს შორის არაპირდაპირი ქსელური ეფექტების არსებობა გავლენას ახდენს ფასწარმოქმნის მექანიზმსა და ამ ბაზრებზე კონკურენტულ ურთიერთქმედებაზე. როდესაც ჯგუფთაშორისი ექსტერნალიები მნიშვნელოვანია, ამას გადამწყვეტი შედეგი აქვს მომწოდებელთა სტიმულირებისთვის და, შესაბამისად, კონკურენტული ანალიზისთვის. თუ მომხმარებელთა A ჯგუფი უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს B ჯგუფის ჩართულობას, ვიდრე პირიქით, პლატფორმის ოპერატორისთვის რაციონალური იქნება დაბალი ფასების შეთავაზება B ჯგუფისთვის. ამან შესაძლოა იქამდე მიგვიყვანოს, რომ B ჯგუფს სერვისი უფასოდ მიეწოდოს ან პლატფორმამ ისინი მონაწილეობისთვის გადახდებითა თუ სხვა შეღავათებითაც კი დააჯილდოვოს. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელთა ერთ ან რამდენიმე ჯგუფს პლატფორმის სერვისისთვის საფასური საერთოდ არ ერიცხება. მნიშვნელოვანი არაპირდაპირი ქსელური ეფექტების არსებობა უნდა აისახოს კონკურენციის სამართლის ანალიზის ყველა ეტაპზე: ბაზრის განსაზღვრაში, საბაზრო ძალაუფლების შეფასებასა და ეფექტების ანალიზში. ცალმხრივი ბაზრებისთვის (მტაცებლური ან ზედმეტად მაღალი ფასების დასადგენად) შემუშავებული „ფასი-დანახარჯის“ ტესტები მრავალმხრივი პლატფორმების შემთხვევაში საიმედო შედეგებს ვერ მოგვცემს სათანადო კორექტირების გარეშე. სხვა თანაბარ პირობებში, ორ ან მეტ მხარეს შორის არსებული დადებითი ორმხრივი ქსელური ეფექტი ზრდის როგორც საბაზრო ძალაუფლებას, ისე კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტებს.

მიუხედავად იმისა, რომ არაპირდაპირი ქსელური ეფექტების ეკონომიკური არსი დღეს სპეციალისტებისთვის ცხადია, პრაქტიკოსები და სასამართლოები კვლავ ცდილობენ მათი გამოყენების მეთოდოლოგიის დახვეწას კონკურენციის სამართალში. ჯერჯერობით სამი ყველაზე აქტუალური საკითხი ეხება: ნულოვანი ფასის ბაზრებს (zero-price markets), თითოეული „მხრისთვის“ ცალკეული ბაზრების განსაზღვრას და გაზრდილი ანალიტიკური სირთულის გავლენას მტკიცების ტვირთზე.

ხშირად პლატფორმის ოპერატორი საფასურს მხოლოდ მომხმარებელთა ერთ ჯგუფს ახდევინებს, მეორე ჯგუფს კი მომსახურებას უფასოდ სთავაზობს („ნულოვანი ფასის ბაზრები“). არსებობდა დებატები იმის თაობაზე, უნდა ჩაითვალოს თუ არა უფასო შეთავაზება ანტიმონოპოლიური ბაზრის ნაწილად; ზოგიერთმა სასამართლომ თავდაპირველად ჩათვალა, რომ - არა. თუმცა, ამ კითხვაზე ეკონომიკური პასუხი და, შესაბამისად, კონკურენციის სამართლის ლოგიკაც საკმაოდ ნათელია: მრავალმხრივ ბაზრებზე, სადაც უფასო სერვისის მიწოდება კომერციული მიზნების მქონე ბიზნესსაქმიანობის ნაწილია, ნულოვანმა ფასმა ხელი არ უნდა შეუშალოს „შესაბამისი ბაზრის“ განსაზღვრას. უფასო სერვისის მომხმარებლებისთვისაც არსებობს კონკურენცია, რომელიც შესაძლოა შეიზღუდოს შერწყმის, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ან კარტელის მეშვეობით. „ნულოვანი ფასის ბაზრის“ ერთ-ერთი საკვანძო საქმეა Facebook, სადაც გერმანიის მართლმსაჯულების ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ დომინანტი პროვაიდერის მიერ კონფიდენციალურობის არაადეკვატური პირობების დაწესება შესაძლოა კერძო მომხმარებლების ექსპლუატაციად ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ სერვისი მათთვის უფასოა.

ვინაიდან მრავალმხრივი პლატფორმები მომხმარებელთა განსხვავებულ ჯგუფებს აერთიანებს, პრინციპში, ბაზრის განსაზღვრის ორი ალტერნატივა არსებობს: ცალკეული ბაზრების განსაზღვრა თითოეული ჯგუფისთვის ან ერთიანი ბაზრის განსაზღვრა, რომელიც მომხმარებელთა ყველა ჯგუფს მოიცავს. პირველ ეტაპზე, პლატფორმის თითოეულ „მხარეზე“ კონკურენტული გარემო ეტაპობრივად უნდა შეფასდეს. თითოეული მხარის კონკურენტული ძალების შედარებისას ადვილია იმის დადგენა, განსხვავდება თუ არა პროდუქტის შემცვლელების/კონკურენტების ნაკრები, მომხმარებელთა მიერ რამდენიმე პლატფორმის პარალელურად გამოყენება ან გეოგრაფიული არეალი ბაზრის სხვადასხვა მხარეს. არსებითი განსხვავებების შემთხვევაში, როგორც წესი, ცალკეული ბაზრები უნდა განისაზღვროს. პირიქით, თუ ეს ფაქტორები ბაზრის სხვადასხვა „მხარეს“ იდენტურია, შესაძლებელია ერთიანი ბაზრის განსაზღვრა, რომელიც მომხმარებელთა ყველა ჯგუფს მოიცავს. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც სხვადასხვა ჯგუფები განუყოფლად არიან დაკავშირებული პლატფორმის მეშვეობით, მაგალითად, სატრანზაქციო პლატფორმების შემთხვევაში.

ეფექტების ანალიზი მრავალმხრივ ბაზრებზე გაცილებით რთულია ცალმხრივ ბაზრებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ფართო შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მრავალმხრივი ბაზრები ანტიმონოპოლიური ორგანოებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არსებული ტესტების ეფექტიანობა და მათი გავლენა მტკიცების ტვირთის გადანაწილებაზე პლატფორმულ გარემოში. საკამათო გადაწყვეტილებით, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეში Ohio v. American Express დაადგინა, რომ სატრანზაქციო პლატფორმის შემთხვევაში, მოსარჩელისთვის ზიანის მტკიცება მხოლოდ ბაზრის ერთ მხარეს არ იყო საკმარისი. ამ გადაწყვეტილების გადახედვის მიზნით, აშშ-ში ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ორმხრივი ბაზარი“ ხშირად გამოიყენება როგორც „პლატფორმისა“ და „მრავალმხრივი ბაზრის“ სინონიმი, ის უნდა გაიმიჯნოს „ციფრული ეკოსისტემების“ უახლესი კონცეფციისგან. ციფრული ეკოსისტემა შეიძლება გავიგოთ, როგორც რამდენიმე განსხვავებული სერვისისა თუ პლატფორმის ფართო კონგლომერატი, მაშინ როცა ტერმინი „მრავალმხრივი ბაზარი“ მხოლოდ ერთ კონკრეტულ სერვისს ან პლატფორმას ეხება.