პოტენციური კონკურენცია გულისხმობს ზეწოლას, რომელიც მოქმედ (ბაზარზე უკვე არსებულ) ფირმებზე ხორციელდება კონკრეტულ ბაზარზე ახალი ან სხვა არსებული ფირმების შესაძლო შემოსვლის გზით (პოტენციური კონკურენტი). ახალი მოთამაშეები შესაძლოა მიიზიდოს იმ ზემოგებამ (ნორმაზე მაღალმა მოგებამ), რომელსაც მოქმედი ფირმები ამ ბაზარზე იღებენ, რაც შესაძლოა, სუსტი კონკურენციის შედეგი იყოს. ბაზარზე დამატებითი ფირმების შემოსვლა გაზრდის მთლიან მიწოდებას, რის შედეგადაც ფასები დაიწევს და ზემოგება გაქრება. ამრიგად, ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას გარკვეული „დისციპლინური ეფექტი“ აქვს ბაზარზე მოქმედი ფირმების ქცევაზე. თუმცა, პოტენციური კონკურენციის საფრთხე შედარებით მცირეა, როდესაც ბაზარზე შესვლის ბარიერები მაღალია. © ევროკომისია
პოტენციურმა კონკურენტმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის აქტიური შესაბამის ბაზარზე, შესაძლოა უკვე მოახდინოს გარკვეული კონკურენტული ზეწოლა (ან მოახდენს მას უახლოეს მომავალში), შესაბამისად, ასეთი შეზღუდვის დაკარგვამ შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტი. საკითხი, არსებობს თუ არა მოცემულ შემთხვევაში პოტენციური კონკურენცია, რომელიც დაცვას საჭიროებს, ხშირად კომპლექსურია; იგი ყოველთვის უნდა შესწავლიდეს ბაზრის სტრუქტურისა და იმ ეკონომიკურ-სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, რომელშიც ის ოპერირებს (იხ. მაგალითად, საქმე C-307/18, Generics (UK) and Others v CMA (Paroxetine), 2020). პოტენციური კონკურენციის დაკარგვა გულისხმობს, რომ შეთანხმების ან შერწყმის მხარეები, სულ მცირე, პოტენციური კონკურენტები არიან. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ Paroxetine-ის საქმეში განაცხადა: იმისთვის, რომ კომპანია პოტენციურ კონკურენტად ჩაითვალოს, მას არ უნდა ხვდებოდეს ბაზარზე შესვლის გადაულახავი ბარიერი; მას უნდა ჰქონდეს რეალური და კონკრეტული შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამის ბაზარზე და კონკურენცია გაუწიოს იქ უკვე მოქმედ ერთ ან რამდენიმე კომპანიას (Generics (UK), გვ. 44, 45). ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ოპერატორის სუბიექტური აღქმაც ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია: თუ სხვა კომპანია აღიქმება პოტენციურ ახალ მოთამაშედ, მხოლოდ ამ აღქმის არსებობამაც კი შესაძლოა წარმოშვას კონკურენტული წნეხი ბაზარზე არსებულ ოპერატორზე (Generics (UK), გვ. 42).
Paroxetine-ის საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ TFEU-ს 101(1) მუხლის მიზნებისთვის პოტენციურ კონკურენტებად მიიჩნევიან: ერთი მხრივ, ორიგინალური ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ფლობს წარმოების პროცესის პატენტს აქტიურ ინგრედიენტზე, და მეორე მხრივ - გენერიკული მედიკამენტების მწარმოებლები, რომლებიც ემზადებიან ამ ნივთიერების შემცველი მედიკამენტის ბაზარზე გასატანად და ამავდროულად დავობენ აღნიშნული პატენტის ნამდვილობაზე. TFEU-ს 101-ე მუხლის თანახმად, ჯენერიკ მწარმოებელს უნდა ჰქონდეს ბაზარზე შესვლის მყარი განზრახვა და რეალური შესაძლებლობა, ისე, რომ არ აწყდებოდეს შესვლის გადაულახავ ბარიერებს. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ აქტიური ნივთიერების წარმოების პროცესზე არსებული პატენტი, თავისთავად, არ წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს. პატენტთან დაკავშირებული დავის არსებობა კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სასამართლო განხილვის საგანია, მხარეებს შორის უკვე არსებული პოტენციური კონკურენტული ურთიერთობის მტკიცებულებაა.
პოტენციური კონკურენტების იდენტიფიცირების მსგავსი ტესტები რამდენიმე კონკურენციის ორგანოს ე.წ. „რბილ სამართალში“ გვხვდება. მაგალითად, კონკურენტებს შორის თანამშრომლობის შეფასებისას, FTC და DOJ კომპანიას განიხილავენ პოტენციურ კონკურენტად და, შესაბამისად, მას რეალური კონკურენტის თანაბარ სტატუსს ანიჭებენ.
DG Comp, ტექნოლოგიების გადაცემის ხელშეკრულებების კონტექსტში, კომპანიას პოტენციურ კონკურენტად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდოა, რომ ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, კომპანია განახორციელებდა საჭირო დამატებით ინვესტიციებს ბაზარზე შესასვლელად - ფასების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და მუდმივი ზრდის საპასუხოდ. ასეთი შესვლა უფრო სავარაუდოა, თუ ლიცენზიატი ფლობს აქტივებს, რომელთა გამოყენებაც ბაზარზე შესასვლელად დიდი დანახარჯების გარეშეა შესაძლებელი, ან თუ მას უკვე აქვს შემუშავებული გეგმები ან დაწყებული აქვს ინვესტირება ბაზარზე გასასვლელად.
კონცენტრაციების (შერწყმის) განხილვისას, პოტენციურ კონკურენტთან გარიგება შესაძლოა პრობლემური იყოს, თუ ეს უკანასკნელი ფლობს მნიშვნელოვან აქტივებს, ან როდესაც შერწყმა პარტნიორს ათავისუფლებს ბაზარზე შესვლისთვის საჭირო ხარჯებისგან შედარებით მოკლე დროში. შერწყმის კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტის შესაფასებლად, რეალური კონკურენტების გარდა, აუცილებელია ყველა პოტენციური კონკურენტის იდენტიფიცირება.
ევროკომისიის ჰორიზონტალური შერწყმის სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, პოტენციურ კონკურენტთან შერწყმას მნიშვნელოვანი კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტი ექნება, თუ შესრულდება ორი პირობა: (i) პოტენციური კონკურენტი უკვე ახდენს მნიშვნელოვან შემაკავებელ გავლენას ბაზარზე, ან არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ იგი ეფექტურ კონკურენტულ ძალად გარდაიქმნება; და (ii) ბაზარზე არ არსებობს სხვა პოტენციური კონკურენტების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც შერწყმის შემდეგ შეინარჩუნებდნენ ჯეროვან კონკურენტულ ზეწოლას. პოტენციური კონკურენციის დოქტრინა სათავეს კლეიტონის აქტიდან იღებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ზოგიერთი სასამართლოს მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური ტესტებისა და მტკიცების მაღალი სტანდარტის გამო, ამ დოქტრინის გამოყენება შემცირდა. თუმცა, დღეს, როდესაც ოლიგოპოლიურ ბაზრებზე შესვლის ბარიერები მაღალია, პრიორიტეტულია დინამიური კონკურენციის შენარჩუნება პოტენციური და ინოვაციური კონკურენციის დაცვის გზით. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კონკურენციის ორგანოებს მოუწოდეს, მეტი ყურადღება დაუთმონ ტექნოლოგიური და ფარმაცევტული გიგანტების ე.წ. „მკვლელ შესყიდვებს“.