თანაზომიერების პრინციპი, როგორც ევროპული სამართლის ერთ-ერთი ზოგადი პრინციპი, მყარად არის დამკვიდრებული ევროკავშირის სამართლებრივ წესრიგში. თანაზომიერების პრინციპი მოქმედებს სუბსიდიარობის პრინციპთან ერთად, რათა ზედამხედველობა გაუწიოს წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკავშირისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების გამოყენებას და, შესაბამისად, ვრცელდება ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე. თანაზომიერების პრინციპი მოითხოვს მისაღები ზომების მიღებას და განსაზღვრავს, არსებობს თუ არა უფრო შესაფერისი ან ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატიული ზომები. ამგვარად, აღნიშნული პრინციპი მოითხოვს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების ქმედებები არ სცილდებოდეს იმ ფარგლებს, რაც აუცილებელია მიღებული ზომით დასახული მიზნის მისაღწევად.
„(...) 580. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ პროპორციულობის პრინციპი მოითხოვს, ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ მიღებული ზომები არ სცდებოდეს იმ ფარგლებს, რაც მიზანშეწონილი და აუცილებელია განსახილველი კანონმდებლობით კანონიერად დასახული მიზნების მისაღწევად; როდესაც არსებობს არჩევანი რამდენიმე მიზანშეწონილ ზომას შორის, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ყველაზე ნაკლებად მძიმე (მცირე ტვირთის მომტან) ზომას, ხოლო მიყენებული ზიანი/უარყოფითი შედეგები არ უნდა იყოს დასახული მიზნების არაპროპორციული. აქედან გამომდინარეობს, რომ ჯარიმები არ უნდა იყოს დასახული მიზნების – კერძოდ, კონკურენციის წესების დაცვის – არაპროპორციული, და რომ კონკურენციის სამართლის დარღვევისთვის საწარმოსთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს თავად დარღვევის პროპორციული, მისი მთლიანობაში შეფასების საფუძველზე, განსაკუთრებით კი დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით (...).“ © ევროკავშირის საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება (მეხუთე პალატა), 2017 წლის 26 ოქტომბერი, საქმე „Marine Harvest ASA ევროკომისიის წინააღმდეგ“
შეშფოთებამ იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ჩარევა არ უნდა ყოფილიყო ზედმეტი და დაუსაბუთებელი, განაპირობა პროპორციულობის პრინციპის პირველად ასახვა ევროპული საბჭოს 1992 წლის დასკვნებში. ვინაიდან საბჭოს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებები ეყრდნობოდა არსებულ იურისპრუდენციას, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პროპორციულობის პრინციპი თავის ადრინდელ გადაწყვეტილებებშიც ასახა.
ჯერ კიდევ 1956 წელს, საქმეზე Fédération Charbonnière de Belgique v High Authority, სასამართლომ განაცხადა, რომ „ვალდებულებები უნდა იყოს განხორციელებული ქმედების მასშტაბის პროპორციული“. ამას მოჰყვა 1970 წლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სადაც მხარეები ეჭვქვეშ აყენებდნენ რეგულაციის ვალიდურობას სწორედ პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ გენერალურმა ადვოკატმა (AG) ამ პრინციპზე პირდაპირ მიუთითა, სასამართლომ იგი შეფასებისას ტერმინის ხსენების გარეშე გამოიყენა და განაცხადა, რომ „მეთოდი უნდა იყოს როგორც აუცილებელი, ისე შესაბამისი, რათა კომპეტენტურ ორგანოებს მიეცეთ საშუალება, მაქსიმალურად ეფექტურად განახორციელონ ბაზარზე ინტერვენცია“.
საბოლოოდ, 1983 წელს, სასამართლომ ცალსახად გამოიყენა პროპორციულობის პრინციპი და განმარტა, რომ წევრი ქვეყნების უფლებამოსილება - აკრძალონ პროდუქციის იმპორტი სხვა წევრი ქვეყნებიდან - შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რაც მინიმალურად აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
პროპორციულობის პრინციპის სამართლებრივი საფუძველი პირველად მაასტრიხტის ხელშეკრულებაში გაჩნდა, ამჟამად კი იგი ასახულია ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) მე-5 მუხლსა და №2 ოქმში „სუბსიდიარობისა და პროპორციულობის პრინციპების გამოყენების შესახებ“.
TEU-ის მე-5 მუხლის თანახმად, ევროკავშირის კომპეტენციის ფარგლებს განსაზღვრავს უფლებამოსილების მინიჭების, სუბსიდიარობისა და პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლში ნათქვამია: „პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, კავშირის ქმედების შინაარსი და ფორმა არ უნდა აღემატებოდეს იმას, რაც აუცილებელია ხელშეკრულებების მიზნების მისაღწევად“.
№1 ოქმის („ევროკავშირში ეროვნული პარლამენტების როლის შესახებ“) მე-3 მუხლის მიხედვით, ეროვნულ პარლამენტებს შეუძლიათ ევროპარლამენტის, საბჭოსა და კომისიის პრეზიდენტებს წარუდგინონ დასაბუთებული მოსაზრება იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა საკანონმდებლო აქტის პროექტი სუბსიდიარობის პრინციპს.
№2 ოქმის პირველი მუხლი ხაზს უსვამს ყველა ინსტიტუტის მიერ ამ პრინციპების სრული დაცვის აუცილებლობას, ხოლო მე-5 მუხლი განსაზღვრავს ამ ვალდებულების რეალიზების გზას. კერძოდ, ყველა საკანონმდებლო აქტის პროექტს უნდა ახლდეს დეტალური ანალიზი, რომელიც დაადასტურებს მათ შესაბამისობას სუბსიდიარობისა და პროპორციულობის პრინციპებთან. ოქმის მე-5 მუხლი ასევე მიუთითებს, რომ უნდა იქნას გამოყენებული ხარისხობრივი და, შეძლებისდაგვარად, რაოდენობრივი მაჩვენებლები იმის დასამტკიცებლად, რომ დასახული მიზანი უკეთესად მიიღწევა კავშირის დონეზე.
ამრიგად, პროპორციულობის პრინციპი გამოიყენება ევროკავშირის კონკურენციის სამართლის სხვადასხვა სფეროში. პირველ რიგში, საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის №1/2003 რეგულაციამ (ხელშეკრულების 81-ე და 82-ე მუხლებით გათვალისწინებული კონკურენციის წესების აღსრულების შესახებ) შექმნა კონკურენციის ეროვნული ორგანოების დეცენტრალიზებული ქსელი - ევროპის კონკურენციის ქსელი. აღნიშნული რეგულაცია პირდაპირ მიუთითებს პროპორციულობის პრინციპზე ევროკომისიის იმ უფლებამოსილების კონტექსტში, რომელიც ეხება ქცევითი ან სტრუქტურული გამასწორებელი ღონისძიებების დაწესებას დარღვევის ეფექტიანად აღსაკვეთად. ეს ნიშნავს, რომ კომისიამ უნდა აირჩიოს კონკრეტული შემთხვევისთვის ყველაზე შესაბამისი და ნაკლებად მზღუდავი საშუალება. თავად რეგულაციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ მისი მიღება აუცილებელია ევროკავშირის კონკურენციის წესების ეფექტიანი აღსრულების მიზნის მისაღწევად.
მეორე მხრივ, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 ნოემბრის 2014/104/EU დირექტივა (კონკურენციის სამართლის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ) მიზნად ისახავს TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების ეფექტიან გამოყენებას ევროკავშირის მასშტაბით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შეუზღუდავი კონკურენცია შიდა ბაზარზე. დირექტივა მოიცავს წესებს სრული კომპენსაციის, მტკიცებულებათა გამჟღავნების, ეროვნული გადაწყვეტილებების სავალდებულო ძალის, ხანდაზმულობის ვადების, სოლიდარული პასუხისმგებლობის, ზიანის ოდენობის განსაზღვრისა და დავის კონსენსუალური გადაწყვეტის შესახებ. დირექტივაში ხაზგასმულია, რომ იგი სრულად შეესაბამება პროპორციულობის პრინციპს და არ სცილდება მისი მიზნების მისაღწევად აუცილებელ ფარგლებს, რადგან TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლების სრული ეფექტიანობა მხოლოდ წევრი სახელმწიფოების მიერ დამოუკიდებლად ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
მესამე, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის 11 დეკემბრის (EU) 2019/1 დირექტივა (ე.წ. ECN+ დირექტივა), რომელიც მიზნად ისახავს წევრი სახელმწიფოების კონკურენციის ორგანოების გაძლიერებას, რათა ისინი გახდნენ უფრო ეფექტიანი აღმასრულებლები და უზრუნველყონ შიდა ბაზრის სათანადო ფუნქციონირება. აღნიშნული დირექტივა უზრუნველყოფს კონკურენციის ეროვნული ორგანოების დამოუკიდებლობას, მათ საჭირო რესურსებით აღჭურვას, აღსრულებისა და დაჯარიმების უფლებამოსილებებს, რაც აუცილებელია TFEU-ს 101-ე და 102-ე მუხლებისა და ეროვნული კონკურენციის კანონმდებლობის პარალელურად და ეფექტიანად გამოყენებისთვის. დირექტივის თანახმად, ამ მიზნის მიღწევა უზრუნველყოფს შიდა ბაზრისა და ევროპის კონკურენციის ქსელის (ECN) გამართულ ფუნქციონირებას.