საბაზრო ძალაუფლება გულისხმობს კომპანიის ან კომპანიების ჯგუფის უნარს, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკა (მაგალითად: ფასები, პროდუქტის ხარისხი და ინვესტიციები ინოვაციებში) კონკურენტების, მომხმარებლებისა თუ მიმწოდებლების მხრიდან მკაცრი კონკურენტული შეზღუდვების გარეშე. როდესაც კომპანიას (იქნება ეს მყიდველი თუ გამყიდველი) გააჩნია საბაზრო ძალაუფლება, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს საბაზრო შედეგებზე, როგორიცაა ფასები, ხარისხი, წარმოების მოცულობა ან სახელშეკრულებო პირობები. ანტიმონოპოლიური ანალიზისას, ეს კონცეფცია გამოიყენება იმის დასადგენად, აქვს თუ არა კომპანიას უნარი, იმოქმედოს კონკურენციის საწინააღმდეგოად მოცემულ ბაზარზე.
საბაზრო ძალაუფლება გულისხმობს ფირმის სიძლიერეს კონკრეტულ ბაზარზე. ელემენტარულ ეკონომიკურ ტერმინებში, საბაზრო ძალაუფლება არის ფირმების უნარი, დააწესონ ზღვრულ ხარჯზე მაღალი ფასი და ეს მათთვის მომგებიანი იყოს. კონკურენციის ანალიზში საბაზრო ძალაუფლება განისაზღვრება ბაზრის სტრუქტურული ანალიზის, კერძოდ, საბაზრო წილების გაანგარიშების დახმარებით; ეს კი მოითხოვს იმის შესწავლას, არსებობენ თუ არა იგივე ან ურთიერთჩანაცვლებადი პროდუქტების სხვა მწარმოებლები (ჩანაცვლებადობა). საბაზრო ძალაუფლების შეფასება ასევე უნდა მოიცავდეს ბაზარზე შესვლის ან ზრდის ბარიერების (შესვლის ბარიერები) და ინოვაციების ტემპის შეფასებას. გარდა ამისა, იგი შეიძლება ითვალისწინებდეს თვისებრივ კრიტერიუმებს, როგორიცაა შესაბამისი საწარმოს ფინანსური რესურსები, ვერტიკალური ინტეგრაცია ან პროდუქციის ასორტიმენტი. (ევროკომისია)
ფირმის (ან ფირმათა ჯგუფის) უნარს, აწიოს და შეინარჩუნოს ფასი იმ დონეზე მაღლა, რაც იარსებებდა კონკურენციის პირობებში, საბაზრო ან მონოპოლიური ძალაუფლება ეწოდება. საბაზრო ძალაუფლების რეალიზებას (გამოყენებას) მივყავართ გამოშვების მოცულობის შემცირებამდე და ეკონომიკური კეთილდღეობის დაკარგვამდე. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ძალაუფლების ზუსტი ეკონომიკური განმარტების წარმოდგენა შესაძლებელია, საბაზრო ძალაუფლების რეალური გაზომვა მარტივი არ არის. ერთ-ერთი შემოთავაზებული მიდგომაა ლერნერის ინდექსი, ანუ ის მასშტაბი, რომლითაც ფასი აჭარბებს ზღვრულ ხარჯს. თუმცა, ვინაიდან ზღვრული ხარჯის ემპირიულად გაზომვა ადვილი არ არის, ალტერნატივაა მისი ჩანაცვლება საშუალო ცვლადი ხარჯით. კიდევ ერთი მიდგომაა ცალკეული ფირმის წინაშე არსებული მოთხოვნის საფასო ელასტიურობის გაზომვა, ვინაიდან იგი უკავშირდება ფირმის ფასნამატს (მარჟას) და ფასის გაზრდის უნარს. თუმცა, ამ მაჩვენებლის გამოთვლაც რთულია. საბაზრო ძალაუფლების რეალური თუ პოტენციური გამოყენება გამოიყენება იმის დასადგენად, არსებობს თუ არა კონკურენციის არსებითი შემცირება, ან მოსალოდნელია თუ არა მისი დადგომა. აშშ-სა და კანადაში შერწყმის (კონცენტრაციის) პოლიტიკის მართვაში მიღებული მიდგომა ცდილობს იწინასწარმეტყველოს – შერწყმის შემდგომ, შეძლებენ თუ არა მხარეები გარკვეულ ზღვრულ დონეზე (მაგალითად, 5 ან 10 პროცენტით) მაღალი ფასის ხანგრძლივ (არა დროებით) გაზრდას, რაც შეიცვლება საქმის მიხედვით, ისე, რომ არ გამოიწვიონ ბაზარზე ახალი ფირმების შემოსვლა ან ჩამნაცვლებელი პროდუქტების წარმოება. მათი უნარი, შეინარჩუნონ ან გადააჭარბონ ფასის ამ ზღვარს, ფასდება ბაზრის სტრუქტურისა და ფირმის ქცევის რაოდენობრივი და თვისებრივი ფაქტორების დეტალური შესწავლით. © OECD
ეკონომიკურ თეორიაში ტერმინი „საბაზრო ძალაუფლება“, პირველ რიგში, ასოცირდება კომპანიის უნართან, დააწესოს ზღვრულ დანახარჯზე მაღალი ფასები და იყოს ეკონომიკურად მომგებიანი. მონოპოლია საბაზრო ძალაუფლების უმაღლეს დონეს წარმოადგენს, მაშინ როდესაც სპექტრის საპირისპირო ბოლოში მყოფ „ფასის მიმღებ“ კომპანიას არ შესწევს უნარი, გადაუხვიოს ბაზარზე დამკვიდრებულ შედეგებს, რომლებიც მიწოდებისა და მოთხოვნის ძალების ურთიერთქმედებით განისაზღვრება. კომპანიები მიისწრაფვიან საბაზრო ძალაუფლებისკენ, რადგან მაქსიმალურ ეკონომიკურ მოგებას მონოპოლიის პირობებში აღწევენ, მაშინ როდესაც „ფასის მიმღების“ როლში ყოფნისას, სადაც მათ ბაზარზე გაბატონებული ფასის მიღება უწევთ, მათი ეკონომიკური მოგება ნულს უახლოვდება.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საბაზრო ძალაუფლება თავისთავად არ არის პრობლემატური. კომპანიის საბაზრო ძალაუფლება შეიძლება მომდინარეობდეს ისეთი შესვლის ბარიერებიდან, როგორიცაა წარსულში განხორციელებული ინვესტიციები, ბრენდის რეპუტაცია, ეგზოგენური რეგულირება, მასშტაბის ეკონომიურობა, ქსელური ეფექტები, ინტელექტუალური საკუთრება ან ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელიც მას კონკურენტებისგან განასხვავებს. კონკურენციის სამართლისთვის მთავარი საკითხია ის, თუ როგორ ხდება საბაზრო ძალაუფლების გამოყენება ბაზარზე.
ილუსტრაციისთვის განვიხილოთ ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია - სუბიექტი, რომელიც ოპერირებს პროდუქტის წარმოებისა თუ განაწილების ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე. თუ ასეთ კომპანიას საბაზრო ძალაუფლება აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობის ნედლეულზე (ზედა რგოლი - upstream), მას შეუძლია შეზღუდოს თავისი კონკურენტები წარმოების მომდევნო ეტაპზე (ქვედა რგოლი - downstream). აუცილებელ რესურსებზე წვდომის აკრძალვით, კომპანიას შეუძლია ხელი შეუშალოს ახალ მოთამაშეებს ბაზარზე შესვლაში ან აიძულოს არსებული კონკურენტები, დატოვონ იგი. ეს კი იწვევს ბაზრის კონცენტრაციასა და კონკურენციის შემცირებას. სტანდარტულ კონკურენციის ანალიზში, კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისებისა და პროდუქტების ჩანაცვლებადობის ხარისხი მისი საბაზრო ძალაუფლების შეფასების საკვანძო ნაბიჯია. ეს კონცეფცია პირდაპირ კავშირშია პროდუქტზე მოთხოვნის ელასტიურობასთან: რაც უფრო დაბალია ფასის მიხედვით ელასტიურობა, მით უფრო მაღალია კომპანიის საბაზრო ძალაუფლება და პირიქით. გარდა ამისა, საბაზრო ძალაუფლების მქონე კომპანიას უნდა შესწევდეს უნარი, გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს ნორმალურზე მაღალი მოგება. შესაბამისად, ნებისმიერი ანტიმონოპოლიური ანალიზი უნდა ითვალისწინებდეს როგორც სტატიკურ, ისე დინამიკურ ელემენტებს.
ოლიგოპოლიის თეორიის თანახმად, შესაბამისი ბაზრის განსაზღვრის შემდეგ, საბაზრო წილები, როგორც წესი, კომპანიის საბაზრო ძალაუფლების ასახვად მიიჩნევა. ზოგიერთ იურისდიქციაში ბაზრის გარკვეული წილი დომინანტური მდგომარეობის პრეზუმფციასაც კი წარმოშობს. მაგალითად, ევროკომისიის სახელმძღვანელო ჰორიზონტალური შერწყმის შეფასების შესახებ მიიჩნევს, რომ შერწყმა, რომელიც საბაზრო წილის 40%-დან 50%-მდე (ზოგ შემთხვევაში 40%-ზე ნაკლების) ზრდას იწვევს, შესაძლოა წარმოადგენდეს დომინანტური პოზიციის დამყარებას ან გაძლიერებას. საბაზრო ძალაუფლების შეფასება მხოლოდ საბაზრო წილის ანალიზით არ შემოიფარგლება და მოითხოვს სხვა გავლენიანი ფაქტორების გათვალისწინებას, როგორიცაა: პროდუქტის დიფერენციაცია, ბრენდის ერთგულება, ექსკლუზიური ხელშეკრულებები, პრივილეგირებული წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსებსა თუ მომხმარებელთა ბაზაზე, მასშტაბისა და ასორტიმენტის ეკონომია, ბაზარზე შესვლის ბარიერები, ქსელური ეფექტები, ინტელექტუალური საკუთრება, ასევე მარეგულირებელი და ტექნოლოგიური ცვლილებები.
თითოეული ფაქტორის მნიშვნელობა ინდუსტრიის დინამიკის მიხედვით განსხვავდება. იმ ბაზრებზე, სადაც შესვლის ბარიერები დაბალია და კონკურენცია მაღალი, დიდი საბაზრო წილის მქონე კომპანიაც კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ნორმაზე მაღალ მოგებას შეინარჩუნებს, რადგან ასეთი მოგება ახალ კონკურენტებს მიიზიდავს. ამ პირობებში მაღალი საბაზრო წილი ყოველთვის არ ნიშნავს იმგვარ ძალაუფლებას, რომელიც მაღალი მოგების სტაბილურად შენარჩუნების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ანალიზისას აუცილებელია ბაზრის წილის მიღმა არსებული ფაქტორების სიღრმისეული შესწავლა. მრავალმხრივი ციფრული პლატფორმების კონტექსტში საბაზრო ძალაუფლების შეფასებამ განაახლა დისკუსია მისი დემონსტრირებისთვის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, ფრანკმა და პეიცმა (Franck & Peitz, 2019) შემოგვთავაზეს პლატფორმის მომგებიანობის ფრთხილი ანალიზი, რადგან დაბალი მოგება ან ზარალი სულაც არ ნიშნავს საბაზრო ძალაუფლების ნაკლებობას.
ევროპაში ტერმინი „საბაზრო ძალაუფლება“ ასოცირდება ხელშეკრულების (TFEU) 102-ე მუხლში მოცემულ „დომინანტური მდგომარეობის“ კონცეფციასთან და გამოიყენება იმ კომპანიების მხრიდან ბოროტად გამოყენების (შეურაცხმყოფელი ქცევის) მონიტორინგისთვის, რომლებსაც კონკრეტულ ბაზარზე დომინანტური პოზიცია უკავიათ.
შეერთებულ შტატებში, 2023 წლის „შერწყმის სახელმძღვანელო მითითებები“, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ განსაზღვრავს საბაზრო ძალაუფლებას, აღწერს სხვადასხვა სტრატეგიას, რომელსაც შეუძლია კონკურენციის შემცირება, მონოპოლიის შექმნა, ან საბაზრო ძალაუფლების გაფართოება და გამყარება, რაც საზოგადოებას ართმევს კონკურენციისგან მიღებულ სარგებელს. მაგალითად, კომპანიამ შესაძლოა „შეასუსტოს კონკურენტული შეზღუდვები, შეამციროს სავაჭრო პარტნიორებისთვის ხელმისაწვდომი ალტერნატივების რაოდენობა ან მიმზიდველობა, ან დააქვეითოს ბაზრის მონაწილეთა შორის კონკურენციის ინტენსივობა“.
ბრაზილიის ანტიმონოპოლიური ორგანო - Conselho Administrativo de Defesa Econômica (CADE), საკუთარ სახელმძღვანელო მითითებებში ხაზს უსვამს, რომ საბაზრო ძალაუფლება გულისხმობს კომპანიის (ან კომპანიათა ჯგუფის) უნარს, სისტემატურად შეინარჩუნოს საკუთარი ფასები კონკურენტულ დონეზე მაღლა, მომხმარებელთა უმეტესობის დაკარგვის გარეშე. მის შეფასებებში საბაზრო წილებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, თუმცა ისინი სხვა ცვლადებთან ერთად განიხილება. მათ შორისაა: ბაზარზე შესვლის ბარიერები, იმპორტის შესაძლებლობა და კონკურენციის (მეტოქეობის) ინტენსივობა დომინანტური პოზიციის მქონე კომპანიასა და მის ოპონენტებს შორის.