საჩივარი არის კონკურენციის უწყების ინფორმირების აქტი კონკურენციის წესების სავარაუდო დარღვევის შესახებ. როგორც წესი, საჩივარი წარდგენილია წერილობითი ფორმით, მიმღები ორგანოს მიერ დადგენილი სტანდარტული ფორმატის შესაბამისად. საჩივრის მიღების შემდეგ, კონკურენციის უწყებამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება მოკვლევის დაწყების ან მასზე უარის თქმის შესახებ (რაც სათანადო დასაბუთებას საჭიროებს). ევროკავშირში, როდესაც საჩივარს შეიტანს პირი, რომელსაც აქვს ლეგიტიმური ინტერესი (მაგალითად, მას მიადგა ზიანი სავარაუდო სამართალდარღვევის შედეგად), მომჩივანი სარგებლობს გარკვეული პროცედურული უფლებებით მოკვლევის მთელი პროცესის განმავლობაში.
ფიზიკური ან იურიდიული პირის მოთხოვნა, რომელიც ამტკიცებს ლეგიტიმური ინტერესის არსებობას და მიმართავს კომისიას ევროკავშირის კონკურენციის სამართლის სავარაუდო დარღვევის გამოძიებისა და მისი შეწყვეტის თხოვნით. ოფიციალური საჩივარი ავალდებულებს კომისიას იმოქმედოს (დაადგინოს დარღვევის ფაქტი ან უარყოს საჩივარი) და მომჩივანს ანიჭებს გარკვეულ საპროცესო უფლებებს, როგორიცაა მოსმენის უფლება. არაფორმალურმა საჩივრებმა (როდესაც მომჩივანი უარს აცხადებს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამჟღავნებაზე) ან ანონიმურმა საჩივრებმა შესაძლოა უბიძგოს კომისიას საქმის აღძვრისკენ, თუმცა ისინი მომჩივანს არავითარ უფლებას არ ანიჭებენ. © ევროკომისია
საჩივარი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც დაზარალებულ მხარეს შეუძლია საკუთარი პოზიცია საჯარო აღსრულების ორგანოს მიაწოდოს. პირებმა, რომლებიც მსგავს საჩივარს წარადგენენ, როგორც წესი, უნდა დაასაბუთონ მოკვლევის დაწყების მიმართ საკუთარი ინტერესი - მაგალითად, მიყენებული ზიანის არსებობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოკვლევა საჩივრის საფუძველზე დაიწყება, მას ყოველთვის კონკურენციის სააგენტო (ან შესაბამისი უწყება) აწარმოებს.
მომჩივნებს შეუძლიათ ისარგებლონ გარკვეული საპროცესო უფლებებით, როგორიცაა მოკვლევის დასკვნის ასლის მიღება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს (ან კოლეგიის) მიერ მათი პოზიციის მოსმენა. შესაბამისად, თუ მიღებული შედეგი მომჩივნისთვის არადამაკმაყოფილებელია, მას აქვს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება. ყველა იურისდიქციაში საჩივარი ბაზრების ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს, რის გამოც კონკურენციის ორგანოებს ხშირად აქვთ სპეციალური დებულებები საჩივრების განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით.