ტერმინი „სრული ტერიტორიული დაცვა“ აღნიშნავს მწარმოებლის ან მიმწოდებლის ქმედებას, რომლის ფარგლებშიც იგი გარკვეულ ტერიტორიაზე საქონლით ვაჭრობის ექსკლუზიურ უფლებას მხოლოდ ერთ დისტრიბუტორს ანიჭებს. ამ შემთხვევაში სხვა დისტრიბუტორებისთვის აკრძალულია როგორც აქტიური, ისე პასიური გაყიდვები აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამავდროულად, თავად ექსკლუზიურ დისტრიბუტორს არ აქვს უფლება, შესთავაზოს პროდუქცია ან მომსახურება მისი ტერიტორიის გარეთ ან უპასუხოს სხვა ტერიტორიებიდან შემოსულ მოთხოვნებს. სრული ტერიტორიული დაცვა გულისხმობს „გაძლიერებულ ექსკლუზიურ დისტრიბუციას“, სადაც ექსკლუზიურობასთან ერთად იზღუდება პარალელური იმპორტიც.
სრული ტერიტორიული დაცვა გულისხმობს მწარმოებლების ან მომწოდებლების მიერ მათი პროდუქციის გადაყიდვასთან დაკავშირებულ პრაქტიკას, რომელიც იწვევს ბაზრების ან ტერიტორიების განცალკევებას. სრული ტერიტორიული დაცვის პირობებში, ერთი დისტრიბუტორი მწარმოებლისგან იღებს პროდუქტის რეალიზაციის ექსკლუზიურ უფლებას გარკვეულ ტერიტორიაზე, ხოლო სხვა დისტრიბუტორებს ეკრძალებათ ამ ტერიტორიაზე აქტიური ან პასიური გაყიდვების განხორციელება. © ევროკომისია
ევროკავშირი
ერთიანი ბაზრის შექმნის მიზნიდან გამომდინარე, ევროკავშირის კონკურენციის სამართალი სკეპტიკურად უყურებს ნებისმიერ პრაქტიკას, რომელიც ხელს უშლის ბაზრების ინტეგრაციას. შესაბამისად, შეთანხმებები, რომლებიც მიზნად ისახავს წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის შეზღუდვას, მიიჩნევა კონკურენციის შემზღუდველად ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101(1) მუხლის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ეს აბსოლუტური აკრძალვა ეხება არა მხოლოდ ჰორიზონტალურ, არამედ გარკვეულ ვერტიკალურ შეზღუდვებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა შესაძლოა გააძლიეროს ბრენდთაშორისი კონკურენცია და მოიტანოს სამომხმარებლო სარგებელი (IBAÑEZ COLOMO, 2016). საქმეში Consten and Grundig v. Commission, მართლმსაჯულების სასამართლომ დაასკვნა, რომ თუ შეთანხმება სცილდება ტერიტორიის ექსკლუზიური უფლებების მინიჭებას და მიზნად ისახავს იმპორტის აკრძალვასა და პარალელური ვაჭრობის აღკვეთას, საქმე გვაქვს კონკურენციის აშკარა შეზღუდვასთან.
ვერტიკალური შეზღუდვების რეგულაციის (VBER) მე-4 მუხლის მიხედვით, მძიმე შეზღუდვად კვალიფიცირდება შეთანხმება, რომელიც ზღუდავს „ტერიტორიას ან მომხმარებელთა წრეს, რომელთაც მყიდველმა შეიძლება მიჰყიდოს სახელშეკრულებო საქონელი ან მომსახურება“. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თუ შეთანხმება შეიცავს სხვა დებულებებს ლეგიტიმური მიზნებითა და დამაჯერებელი კონკურენტული დასაბუთებით (მაგალითად, ინვესტიციები რეკლამაში ან ინტელექტუალური საკუთრების დაცვა), იგი შესაძლოა მე-4 მუხლის (მძიმე შეზღუდვების) ფარგლებს მიღმა აღმოჩნდეს.
უფრო მეტიც, მე-4 მუხლი მოიცავს ოთხ გამონაკლისს: აქტიური გაყიდვების შეზღუდვა ექსკლუზიურ ტერიტორიაზე ან ექსკლუზიურ მომხმარებელთა ჯგუფზე, რომელიც დათქმულია თავად მიმწოდებლისთვის ან მის მიერ სხვა მყიდველისთვის გამოყოფილი ექსკლუზიური უფლებისთვის; საბითუმო დონეზე მოქმედი მყიდველის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის გაყიდვების შეზღუდვა; შერჩევითი განაწილების სისტემის წევრების მიერ პროდუქციის მიყიდვის შეზღუდვა არაავტორიზებული დისტრიბუტორებისთვის; მყიდველის შესაძლებლობის შეზღუდვა, მიჰყიდოს მიწოდებული კომპონენტები იმ მომხმარებლებს, რომლებიც მათ გამოიყენებენ იმავე ტიპის საქონლის დასამზადებლად, როგორსაც თავად მიმწოდებელი აწარმოებს.
ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ის ანტიმონოპოლიური სამართლის მიხედვით, ანალიზი უფრო მარტივია, განსაკუთრებით საქმის - Continental T.V., Inc. v. GTE Sylvania - განხილვის შემდეგ. აბსოლუტური ტერიტორიული დაცვა განიხილება, როგორც ვერტიკალური შეზღუდვა და ფასდება გონივრულობის წესის სტანდარტით. Sylvania-ს საქმეში უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ „ვერტიკალური შეზღუდვები ამცირებს შიდაბრენდულ კონკურენციას კონკრეტული პროდუქტის გამყიდველთა რაოდენობის შეზღუდვით“, თუმცა „ხელს უწყობს ბრენდთაშორის კონკურენციას, რაც მწარმოებელს საშუალებას აძლევს, მიაღწიოს გარკვეულ ეფექტიანობას პროდუქციის დისტრიბუციაში“. შესაბამისად, ვერტიკალური ტერიტორიული შეზღუდვები ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს.
გონივრულობის წესის თანახმად, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას და დაწესებული შეზღუდვა უარყოფითად მოქმედებს კონკურენციაზე. თავის მხრივ, მოპასუხეს შეუძლია აჩვენოს, რომ შეზღუდვას აქვს პროკონკურენტული ბრენდთაშორისი ეფექტი, რომელიც აბალანსებს ან აღემატება შიდაბრენდულ კონკურენციაზე მიყენებულ კონკურენციის საწინააღმდეგო ზიანს.
სხვა ქვეყნების კონკურენციის სამართალი
სხვა იურისდიქციების კონკურენციის კანონმდებლობა ტერიტორიული შეზღუდვების მიმართ მსგავს მიდგომას იზიარებს, მთავარი განსხვავება კი მტკიცების ტვირთის განაწილებაა. მაგალითად, პერუს ანტიმონოპოლიური კანონი (საკანონმდებლო დეკრეტი №1034) მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან ცალმხრივ პრაქტიკასა და შეთანხმებებს (როგორც ვერტიკალურს, ისე ჰორიზონტალურს). „აბსოლუტური აკრძალვის“ (Per Se) წესი ვრცელდება მხოლოდ იმ ჰორიზონტალურ შეთანხმებებზე (კარტელებზე), რომლებიც ეხება ფასებს, წარმოების მოცულობის შეზღუდვას, ბაზრის განაწილებასა და ტენდერებში გარიგებას. შესაბამისად, ტერიტორიული შეზღუდვების შემთხვევაში, მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს უკავია დომინირებული მდგომარეობა შესაბამის ბაზარზე, მისი ქმედება გაუმართლებელია და მას აქვს (ან შესაძლოა ჰქონდეს) უარყოფითი გავლენა კონკურენციაზე.