„უბილეთო მგზავრობა“ წარმოიქმნება იმ გარემოებებში, როდესაც გარკვეული სუბიექტები გასწევენ ხარჯებს კონკრეტული სარგებლის უზრუნველსაყოფად, ხოლო სხვა სუბიექტები ამ სარგებლით ყოველგვარი დანახარჯის გარეშე სარგებლობენ. გარკვეული შეზღუდვები (ძირითადად, ვერტიკალური შეზღუდვები) ხანდახან განიხილება, როგორც ეფექტიანი მექანიზმი უბილეთო მგზავრობის აღსაკვეთად. ამგვარმა ქმედებამ სხვა შემთხვევაში შეიძლება შეაფერხოს ისეთი მომსახურების მიწოდება (განსაკუთრებით, დისტრიბუტორების მიერ გაყიდვამდელი სერვისები), რომელიც მომხმარებლისთვის სასარგებლოა და აძლიერებს კონკურენციას შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე.
უბილეთო მგზავრობა ხდება მაშინ, როდესაც ერთი ფირმა (ან ფიზიკური პირი) სარგებელს იღებს მეორის ქმედებებიდან და ძალისხმევიდან, მისთვის საფასურის გადახდის ან ხარჯების გაზიარების გარეშე. მაგალითად, საცალო მაღაზიამ გაყიდვების გაზრდის მიზნით თავდაპირველად შეიძლება გასწიოს პერსონალის მომზადების ხარჯები, რათა მათ პოტენციურ მომხმარებლებს აჩვენონ, თუ როგორ მუშაობს კონკრეტული სამზარეულოს ტექნიკა. თუმცა, მომხმარებლებმა მოგვიანებით შეიძლება აირჩიონ პროდუქტის შეძენა სხვა საცალო მოვაჭრისგან, რომელიც მას უფრო დაბალ ფასად ყიდის, ვინაიდან მისი ბიზნესსტრატეგიაა, თავიდან აიცილოს მსგავსი მომზადებისა და დემონსტრაციის ხარჯები. ამგვარად, მიიჩნევა, რომ ეს მეორე მოვაჭრე „უბილეთო მგზავრივით“ სარგებლობს პირველი მაღაზიის მიერ გაწეული ძალისხმევითა და ხარჯებით, რის გამოც პირველ მოვაჭრეს დაეკარგება პროდუქტის დემონსტრირების გაგრძელების მოტივაცია. © ევროკომისია
უბილეთო მგზავრობა ხდება მაშინ, როდესაც ერთი ფირმა (ან ფიზიკური პირი) სარგებელს იღებს მეორის ქმედებებიდან და ძალისხმევიდან, საფასურის გადახდის ან ხარჯების გაზიარების გარეშე. მაგალითად, საცალო მაღაზიამ შეიძლება თავდაპირველად გადაწყვიტოს პერსონალის მომზადების ხარჯების გაღება, რათა პოტენციურ მომხმარებლებს აჩვენოს, თუ როგორ მუშაობს კონკრეტული სამზარეულოს ტექნიკა. მან ეს შეიძლება გააკეთოს გაყიდვების გაზრდის მიზნით. თუმცა, მომხმარებლებმა მოგვიანებით შეიძლება ამჯობინონ პროდუქტის შეძენა სხვა საცალო მოვაჭრისგან, რომელიც მას უფრო დაბალ ფასად ყიდის, რადგან მისი ბიზნესსტრატეგია არ ითვალისწინებს ამგვარი მომზადებისა და დემონსტრაციის ხარჯების გაღებას. მიიჩნევა, რომ ეს მეორე საცალო მოვაჭრე „უბილეთო მგზავრივით“ სარგებლობს პირველი მოვაჭრის მიერ გაწეული ძალისხმევითა და ხარჯებით. თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება, პირველ საცალო მოვაჭრეს აღარ ექნება მოტივაცია, გააგრძელოს პროდუქტის დემონსტრირება. © ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)
არსებობს შეზღუდვების სამი ძირითადი ტიპი (რომლებიც ძირითადად ხასიათდება, როგორც ვერტიკალური შეზღუდვები), რომლებიც ზოგჯერ განიხილება უბილეთო მგზავრობის აღკვეთის ეფექტიან საშუალებად. კონკურენციის სამართლის მიხედვით, თითოეული შეზღუდვის სამართლებრივი შეფასება, როგორც წესი, გულისხმობს ურთიერთგამომრიცხავ ეფექტებს შორის ბალანსის დადგენას ბრენდთაშორის და შიდაბრენდულ კონკურენციას შორის.
როდესაც მოქმედი კანონმდებლობა იძლევა დაბალანსებული ანალიზის შესაძლებლობას (აშშ-ის ანტიმონოპოლიური სამართლის „გონივრულობის წესისა“ და ევროკავშირის კონკურენციის სამართლის „ეფექტების ანალიზის“ შესაბამისად), სასამართლოებმა ან მარეგულირებლებმა შესაძლოა დაადგინონ, რომ კონკრეტული შეზღუდვა ხელს უშლის უბილეთო მგზავრობას და ამით აძლიერებს ბრენდთაშორის კონკურენციას. ასეთი დადებითი გავლენა ბრენდთაშორის კონკურენციაზე აწონასწორებს შიდაბრენდულ კონკურენციაზე იმ უარყოფით ეფექტებს, რომლებიც მსგავსი შეზღუდვებითაა გამოწვეული.
ექსკლუზიური გარიგება - ექსკლუზიური სავაჭრო შეთანხმებები მოიცავს სახელშეკრულებო გარიგებებსა და სხვა ვერტიკალურ შეზღუდვებს, რომელთა დროსაც მწარმოებელი ან მიმწოდებელი ირჩევს საკუთარი პროდუქციის გავრცელებას მხოლოდ ერთი ან შეზღუდული რაოდენობის დისტრიბუტორის მეშვეობით (როგორც საბითუმო, ისე საცალო დონეზე). აღნიშნული პრაქტიკა, თავისი არსით, აჩენს საფუძვლიან ეჭვს შიდაბრენდული კონკურენციის პოტენციური დაზიანების შესახებ. თუმცა, გარკვეულ გარემოებებში, ექსკლუზიურმა გარიგებამ შესაძლოა მოიტანოს კონკურენტული უპირატესობა „უბილეთო მგზავრობის“ აღკვეთის გზით, რამაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბრენდთაშორის კონკურენციაზე.
მაგალითად, როდესაც მწარმოებელი იღებს ვალდებულებას, პროდუქცია ექსკლუზიურად ერთი საცალო მოვაჭრის მეშვეობით გაყიდოს, იგი გარკვეულწილად იცავს ამ მოვაჭრეს შიდაბრენდული კონკურენციისგან. შედეგად, საცალო მოვაჭრეს უჩნდება მეტი სტიმული, განახორციელოს ინვესტიციები მწარმოებლის ბრენდის პოპულარიზაციისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძვირადღირებული, ახალი ან რთული პროდუქტებისა და სერვისების შემთხვევაში, რომელთა შეფასება მომხმარებლისთვის რთულია დისტრიბუტორის მიერ მიწოდებული ტექნიკური თუ სხვა სახის ინფორმაციის გარეშე. ექსკლუზიური გარიგების არარსებობის შემთხვევაში, საცალო მოვაჭრეები შეამცირებდნენ გაყიდვამდელ ძალისხმევას, რაც გამოიწვევდა ბრენდისადმი ნდობის ვარდნას და შეასუსტებდა ბრენდთაშორის კონკურენციას. გაყიდვის ფასის შენარჩუნება (RPM) - მოიცავს სახელშეკრულებო დებულებებს ან სხვა ვერტიკალურ შეზღუდვებს, რომელთა მეშვეობითაც მწარმოებელი ან მიმწოდებელი განსაზღვრავს ფიქსირებულ (როგორც წესი, მინიმალურ) ფასს ან ფასების დიაპაზონს, რომლითაც საბითუმო ან საცალო მოვაჭრეებმა მისი პროდუქცია უნდა მოახდინონ რეალიზაცია. ვინაიდან აღნიშნული პრაქტიკა ფასწარმოქმნაში პირდაპირ ჩარევას გულისხმობს, ის კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტის გამო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. თუმცა, RPM-ს შესაძლოა ჰქონდეს პროკონკურენტული ეფექტიც, თუ იგი უზრუნველყოფს საფასო პრემიას, რაც დისტრიბუტორებს აუნაზღაურებს მწარმოებლის ბრენდის პოპულარიზაციისთვის, მარკეტინგისთვის ან სხვა გაყიდვამდელი სერვისებისთვის გაწეულ ხარჯებს.
სამართლებრივი სტატუსი - ევროკავშირის კონკურენციის სამართლის მიხედვით, RPM წარმოადგენს „ხისტ“ შეზღუდვას ევროკომისიის 2022/720 (EU) რეგულაციის მე-4 მუხლის შესაბამისად და მიიჩნევა „მიზნობრივ შეზღუდვად“ ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101(1) მუხლის საფუძველზე. ეს, როგორც წესი, გამორიცხავს ეფექტიანობის არგუმენტით იმგვარ დაცვას, რომელიც ეფუძნება „უბილეთო მგზავრობის“ აღკვეთას.
მიუხედავად ამისა, ევროკომისიის სახელმძღვანელო პრინციპები ვერტიკალური შეზღუდვების შესახებ (როგორც 2010 წლის, ისე 2022 წლის განახლებული ვერსია) უშვებს გამონაკლისს: RPM-ის შეზღუდვა შესაძლოა მაინც დაექვემდებაროს ეფექტიანობის დაცვას ცალკეულ შემთხვევებში, ხელშეკრულების 101(3) მუხლის საფუძველზე. კერძოდ, თუ დადასტურდება, რომ ეს აუცილებელია „უბილეთო მგზავრობის“ თავიდან ასაცილებლად, RPM-ის გამოყენება შეიძლება გამართლდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ახალი პროდუქტის ბაზარზე გატანას.
ტერიტორიული განაწილება - მოიცავს შეთანხმებებს ან სხვაგვარ პრაქტიკას, რომლის მეშვეობითაც კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციისთვის გარკვეული დისტრიბუტორების სასარგებლოდ გამოიყოფა და დაცულია ექსკლუზიური გეოგრაფიული არეალები. ამ ტიპის შეზღუდვა, როგორც წესი, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან კონკურენტული პირობებიდან გამომდინარე, მან შესაძლოა ფასწარმოქმნის მნიშვნელოვანი ძალაუფლება მიანიჭოს იმ კომპანიას, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზეა პასუხისმგებელი. თუმცა, გარკვეულ გარემოებებში, ტერიტორიულმა განაწილებამ შესაძლოა დისტრიბუტორებს გაყიდვამდელ სერვისებში ინვესტირებისკენ უბიძგოს. ეს ზრდის მწარმოებლის ბრენდისადმი ნდობასა და რეპუტაციას (Goodwill), აღვივებს მომხმარებლის ინტერესს და, შედეგად, აძლიერებს ბრენდთაშორის კონკურენციას. ტერიტორიული განაწილების გარეშე, თითოეულ დისტრიბუტორს ეკარგება სტიმული, განახორციელოს ინვესტიციები მწარმოებლის ბრენდის პოპულარიზაციაში. ამგვარი განაწილება მწარმოებელს ან მიმწოდებელს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს არასასურველი შედეგები და თითოეულ დისტრიბუტორს მისცეს შესაძლებლობა, სრულად მიიღოს ის სარგებელი (გაყიდვების ზრდა), რომელიც მისი გაყიდვამდელი ძალისხმევითაა განპირობებული. ასეთ შემთხვევაში, ტერიტორიული განაწილება აუმჯობესებს ბრენდის რეპუტაციას, ზრდის მომხმარებელთა მოზიდვის შესაძლებლობებს და აძლიერებს ბრენდთაშორის კონკურენციას, რამაც შესაძლოა გადაწონოს შიდაბრენდული კონკურენციისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი გამოყოფილ ტერიტორიებზე.
აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი ტერიტორიული განაწილება, რომელიც კლასიფიცირდება როგორც ჰორიზონტალური შეზღუდვა, თავისთავად უკანონოა [U.S. v. Topco Associates, 405 U.S. 596 (1972)]. თუმცა, თუ ტერიტორიული განაწილება გონივრულად შეიძლება დახასიათდეს, როგორც ვერტიკალური შეზღუდვა, მაშინ გამოიყენება „გონივრულობის წესის“ სტანდარტი. ამ სტანდარტის ფარგლებში სასამართლოები ატარებენ დაბალანსებულ ანალიზს, რომელიც (სხვა გარემოებებთან ერთად) აწონასწორებს შიდაბრენდული კონკურენციის სავარაუდო ზიანსა და ბრენდთაშორისი კონკურენციის მოსალოდნელ სარგებელს.
ევროკავშირის კონკურენციის სამართალში, ტერიტორიული განაწილების კონტექსტში, „უბილეთო მგზავრობის“ ფაქტორის სამართლებრივი მნიშვნელობა ანალოგიურად განიხილება. ტერიტორიული პრინციპით გადაყიდვის შეზღუდვები, როგორც წესი, მიიჩნევა „ხისტ“ შეზღუდვებად „ვერტიკალური ჯგუფური გამონაკლისის რეგულაციის“ (VBER) მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ეს, თავის მხრივ, გამორიცხავს ეფექტიანობის არგუმენტით იმგვარ დაცვას, რომელიც „უბილეთო მგზავრობის“ აღკვეთას ეფუძნება. თუმცა, თუ შეზღუდვა ექცევა მე-4 (ბ) მუხლში ჩამოთვლილ ერთ-ერთ გამონაკლისში, მაშინ გამოიყენება ეფექტების ანალიზი.
საქმე ეხებოდა პრაქტიკას, რომლის დროსაც საკრედიტო ბარათის ემიტენტი ხელშეკრულებით უკრძალავდა სავაჭრო ობიექტებს მომხმარებელთა „გადამისამართებას“ კონკურენტი საკრედიტო ბარათების გამოყენებისკენ. გადაწყვეტილება, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ შეზღუდვას, არსებითად ეყრდნობოდა დასკვნას, რომ ეს პრაქტიკა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ მოვაჭრეებს (და ირიბად, სხვა საკრედიტო ბარათების ემიტენტებს) უსასყიდლოდ არ ისარგებლათ ემიტენტის მიერ მარკეტინგში, დაჯილდოების პროგრამებსა და მომხმარებელთა მომსახურებაში განხორციელებული ინვესტიციებით. ეს სერვისები შექმნილია მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლების მოსაზიდად, რომლებიც დიდ ხარჯებს ახორციელებენ. „გადამისამართების“ საწინააღმდეგო შეზღუდვის გარეშე, ბარათის გამცემის შემოსავალი სავაჭრო საკომისიოებიდან შესაძლოა შემცირებულიყო, რაც მას აიძულებდა, შეემცირებინა ინვესტიციები. სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ინვესტიციები ზრდის ბრენდთაშორისი კონკურენციის მოცულობასა და ხარისხს შესაბამის ბაზარზე.