ფასისმიერი დისკრიმინაცია (PRICE DISCRIMINATION)

ფასისმიერი დისკრიმინაცია ხდება მაშინ, როდესაც კომპანია იდენტურ ან მსგავს საქონელსა და მომსახურებას სხვადასხვა ფასად ყიდის და ეს განსხვავება არ არის განპირობებული დანახარჯებს შორის სხვაობით. ეკონომიკური თვალსაზრისით, ფასისმიერი დისკრიმინაციისთვის საჭიროა გარკვეული საბაზრო ძალაუფლება, არბიტრაჟის კონტროლის შესაძლებლობა, მყიდველთა სეგმენტებს შორის ფასისადმი განსხვავებული მგრძნობელობა (სენსიტიურობა) და ამ მგრძნობელობის კონკრეტულ მყიდველებთან დაკავშირების უნარი. სამართლებრივი პერსპექტივიდან, ფასისმიერი დისკრიმინაცია რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო დებულებით, მათ შორის ევროკავშირში - TFEU-ის 101–102 მუხლებით, ხოლო შეერთებულ შტატებში - შერმანის აქტის 1-ელი და მე-2 პუნქტებით. ვინაიდან ეს პრაქტიკა მრავალფეროვანია, აღსრულების სტანდარტები იცვლება ქცევის კონკრეტული ხასიათის მიხედვით.

ინსტიტუციური განმარტება

ფასების დისკრიმინაციას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბაზრის სხვადასხვა სეგმენტში მომხმარებლებს ერთი და იმავე საქონლის ან მომსახურებისთვის განსხვავებულ ფასს ახდევინებენ იმ მიზეზების გამო, რომლებიც არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ფასების დისკრიმინაცია ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებს არ შეუძლიათ ამ საქონლის ან მომსახურების მომგებიანად გადაყიდვა სხვა მომხმარებლებისთვის.

ფასების დისკრიმინაციამ შეიძლება მრავალი ფორმა მიიღოს, მათ შორის განსხვავებული ფასების დაწესება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვადასხვა ტიპის მომხმარებლისთვის (მაგალითად, ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო და კომერციული მომხმარებლები). როდესაც შესაძლებელია ქვებაზრების იდენტიფიცირება და სეგმენტირება, კომპანიებისთვის მომგებიანია უფრო მაღალი ფასების დაწესება იმ ბაზრებზე, სადაც მოთხოვნა ნაკლებად ელასტიკურია. ამან შეიძლება გამოიწვიოს მთლიანი პროდუქციის გამოშვების გაზრდა, რაც კონკურენციის ხელშემწყობი ეფექტია.

ფასების დისკრიმინაციას შეიძლება ჰქონდეს კონკურენციის შემზღუდველი შედეგებიც. მაგალითად, დომინანტმა ფირმებმა შეიძლება შეამცირონ ფასები კონკრეტულ ბაზრებზე ძლიერი ადგილობრივი კონკურენტების ჩამოსაცილებლად. მიუხედავად ამისა, არსებობს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, არის თუ არა ფასების დისკრიმინაცია რეალურად კონკურენციის შეზღუდვის საშუალება. ფასების დისკრიმინაციას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულირებად სექტორებში, სადაც გავრცელებული პრაქტიკაა განსხვავებული ფასების დაწესება სხვადასხვა დროის პერიოდში (პიკური დატვირთვის ფასწარმოქმნა) ან უფრო დაბალი ფასების დაწესება დიდი მოცულობის მომხმარებლებისთვის (ბლოკური ფასწარმოქმნა). © OECD

კომენტარი

ფასისმიერი დისკრიმინაცია ხდება მაშინ, როდესაც ერთი და იგივე საწარმო ყიდის იდენტურ ან მსგავს საქონელსა თუ მომსახურებას სხვადასხვა ფასად და ეს განსხვავება არ არის განპირობებული დანახარჯების სტრუქტურით.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ფასისმიერი დისკრიმინაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ტექნიკური პირობების არსებობისას. პირველ რიგში, კომპანიას უნდა გააჩნდეს გარკვეული საბაზრო ძალაუფლება. მეორე, კომპანიას უნდა შეეძლოს საკუთარ პროდუქციაზე არბიტრაჟის გაკონტროლება. ეს პირობა გულისხმობს, რომ კომპანიამ უნდა შეზღუდოს როგორც (i) მყიდველების შესაძლებლობა, გადაყიდონ პროდუქტი კომპანიის მიერ დაწესებულზე დაბალ ფასად („საქონლის გადაცემადობა“), ისე (ii) მყიდველების შესაძლებლობა, შეიძინონ სხვა კატეგორიის მყიდველებისთვის განკუთვნილი პროდუქტები („მოთხოვნის გადაცემადობა“). მესამე, ფასისადმი მგრძნობელობა უნდა განსხვავდებოდეს მყიდველებისა თუ ერთეულების მიხედვით. და ბოლოს, კომპანიებს უნდა შეეძლოთ ამ მგრძნობელობის დაკავშირება შესაბამის მყიდველებთან.

კომპანიებმა შესაძლოა ფასისმიერი დისკრიმინაციის სტრატეგიები დააფუძნონ სხვადასხვა კრიტერიუმს, მათ შორის: რაოდენობას, მყიდველის მახასიათებლებს (მაგ. ასაკი ან პროფესიული სტატუსი), დროს (მაგ. პიკური და არაპიკური პერიოდები) ან გეოგრაფიულ მდებარეობას (მაგ. მოქალაქეობა ან საცხოვრებელი ადგილი).

ფასისმიერი დისკრიმინაციის ცალკეული ტიპების კატეგორიზაციისთვის ეკონომისტებმა შეიმუშავეს სხვადასხვაგვარი ტაქსონომია (კლასიფიკაციის სისტემა). ყველაზე გავრცელებული ტაქსონომია პიგუმ შეიმუშავა, რომელიც ფასისმიერ დისკრიმინაციას სამ კატეგორიად ყოფს: პირველი ხარისხის (როდესაც თითოეულ მყიდველს ეკისრება მისი მაქსიმალური გადახდისუნარიანობის შესაბამისი ფასი - Reservation Price), მეორე ხარისხის (როდესაც ფასი დამოკიდებულია შეძენილი ერთეულების რაოდენობაზე) და მესამე ხარისხის (როდესაც მყიდველთა სხვადასხვა ჯგუფს განსხვავებული ტარიფები უწესდება).

ფასისმიერმა დისკრიმინაციამ შესაძლოა გაზარდოს ან შეამციროს სოციალური კეთილდღეობა, რაც დამოკიდებულია მომხმარებელთა ჰეტეროგენულობაზე (მრავალფეროვნებაზე), გასაყიდი პროდუქტის ტიპსა და ფასწარმოქმნის ხელმისაწვდომ ინსტრუმენტებზე. მაგალითად, საერთო კეთილდღეობა შეიძლება გაიზარდოს, თუ ფასისმიერი დისკრიმინაცია საწარმოებს საშუალებას მისცემს, მოემსახურონ ბაზრის იმ სეგმენტებს, რომლებსაც სხვა პირობებში ვერ მოემსახურებოდნენ. შესაბამისად, ფასისმიერი დისკრიმინაციის გავლენა კეთილდღეობაზე და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეკომენდაციები მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული შემთხვევის მიმართ.

ფასისმიერი დისკრიმინაციის დასარეგულირებლად გამოიყენება სხვადასხვა სამართლებრივი სფერო, მათ შორის: მომხმარებელთა დაცვისა და კომერციული პრაქტიკის შესახებ კანონმდებლობა, ევროკავშირის ფარგლებში თავისუფალი გადაადგილების დებულებები, ანტიდისკრიმინაციული კანონები, გეობლოკირების რეგულაციები და კონკურენციის სამართალი.

ევროკავშირში, TFEU-ის 102-ე მუხლი კრძალავს დომინანტური პოზიციის მქონე საწარმოების მიერ ბაზარზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. ამ დებულების (c) ქვეპუნქტი პირდაპირ უკრძალავს დომინანტურ კომპანიებს სხვადასხვა პირობების გამოყენებას სავაჭრო პარტნიორებთან იდენტური (ეკვივალენტური) ტრანზაქციების დროს, თუ ეს უკანასკნელთ არახელსაყრელ კონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ფასისმიერი დისკრიმინაცია შესაძლოა ატარებდეს ექსპლუატაციურ ხასიათს, TFEU-ის 102(c) მუხლის ფორმულირება აქცენტს აკეთებს ე.წ. „მეორადი ხაზის ზიანის“ შემთხვევებზე. ასეთ დროს შემზღუდველი ეფექტი ვლინდება დომინანტი კომპანიის კონტრაქტორებს შორის (მაგ. საქმეები: C-82/01 P Aéroports de Paris; C-525/16 MEO).

როგორც წესი, კომპანიებს არ აქვთ სტიმული, ხელოვნურად დაამახინჯონ კონკურენცია საკუთარ სავაჭრო პარტნიორებს შორის. ვითარება იცვლება, როდესაც დომინანტური კომპანია ვერტიკალურად ინტეგრირებულია და თავად უწევს კონკურენციას საკუთარ სავაჭრო პარტნიორებს. თუმცა, მიუხედავად არსებული სასამართლო პრაქტიკისა (მაგ. საქმე C-242/95 GT-Link), ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია, წარმოადგენს თუ არა TFEU-ის 102(c) მუხლი მყარ სამართლებრივ საფუძველს მსგავსი შემთხვევების სამართავად. რეალურად, TFEU-ის 102-ე მუხლის საფუძველზე განხილული ფასისმიერი დისკრიმინაციის შემთხვევების უმეტესობა მიზნად ისახავს „პირველადი ხაზის ზიანის“ პრევენციას, როდესაც დომინანტური კომპანია ფასების მეშვეობით ბაზრიდან დევნის საკუთარ უშუალო კონკურენტებს. მაგალითად, არსებობს ვრცელი სასამართლო პრაქტიკა ფასდაკლებების, ფასდათმობებისა და ბონუსების შესახებ. რაოდენობრივი ფასდაკლებები, რომლებიც მხოლოდ შესყიდვების მოცულობაზეა დამოკიდებული, გარკვეულ პირობებში მართლზომიერად მიიჩნევა (საქმე C-23/14 Post Danmark II). ამის საპირისპიროდ, ექსკლუზიურობის ფასდაკლებები, როდესაც შეღავათი გაიცემა იმ პირობით, რომ კლიენტი თითქმის მთლიან მოთხოვნას დომინანტი კომპანიისგან დაიკმაყოფილებს - როგორც წესი, უკანონოა, რადგან მყიდველს კონკურენტებთან თანამშრომლობაში უშლის ხელს (საქმე 85/76 Hoffmann-La Roche).

მიუხედავად ამისა, თუ დომინანტური კომპანია წარადგენს მტკიცებულებას, რომ მისი საფასო პოლიტიკა არ ზღუდავს კონკურენციას, ევროკომისიამ სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს ბაზრიდან განდევნის რეალური ეფექტი (საქმე C-413/14 P Intel). ფასდაკლების მესამე კატეგორია, რომელიც არ ეფუძნება მხოლოდ მოცულობას და არც ექსკლუზიურობითაა განპირობებული, შესაძლოა მიჩნეულ იქნას ბოროტად გამოყენებად, თუ მას კლიენტის „მიჯაჭვის“ ეფექტი გააჩნია (საქმეები: C-95/04 P British Airways; C-23/14 Post Danmark II). მსგავსი შეფასებებისას მხედველობაში მიიღება ყველა გარემოება, მათ შორის ფასდაკლებების რეტროაქტიულობა (უკუძალა), საანგარიშო პერიოდის ხანგრძლივობა და ბაზრის დაფარვის მასშტაბი.

ბოროტად გამოყენების მრავალი სხვა ფორმა ასევე შეიძლება გულისხმობდეს ფასისმიერ დისკრიმინაციას და პირიქით. მაგალითად, ფასების შერჩევითი შემცირება ფასდება საშუალო ჯამურ დანახარჯებთან მიმართებით (საქმე C-209/10 Post Danmark I), ისევე როგორც მტაცებლური ფასწარმოქმნის შემთხვევებში (საქმე C-62/86 AKZO). გარდა ამისა, რამდენიმე პროდუქტზე გავრცელებული ფასდაკლებები ან პაკეტური ფასდაკლებები, სადაც ცალკეული პროდუქტების ფასების ჯამი უფრო მაღალია, ვიდრე მათი ერთობლივი ფასი, შესაძლოა კონკურენციის საწინააღმდეგოად მიიჩნეს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც მსგავსი პოლიტიკა ბაზრიდან დევნის იმ კონკურენტებს, რომლებიც მოცემული პაკეტის მხოლოდ ზოგიერთ კომპონენტს ყიდიან (ევროკომისიის 2009 წლის სახელმძღვანელო დოკუმენტი, პუნქტი 59).

ბაზრის ინტეგრაციის უნიკალური მიზიდან გამომდინარე, ევროკავშირის კონკურენციის სამართალი ასევე გამოიყენება გეოგრაფიული ფასისმიერი დისკრიმინაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგალითად, TFEU-ის 102-ე მუხლი კრძალავს ისეთ პრაქტიკას, რომელიც ხელოვნურად ყოფს ეროვნულ ბაზრებს (საქმე 27/76 United Brands) და აფერხებს პარალელურ იმპორტს შემაკავებელი ფასდათმობების (T-65/89 British Gypsum) ან გადაჭარბებული ფასების (226/84 British Leyland) მეშვეობით.

ანალოგიურად, TFEU-ის 101-ე მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა შემზღუდველ შეთანხმებებსა და შეთანხმებულ ქმედებებზე გამორიცხავს ფასების დიფერენცირების პრაქტიკას, რაც ბაზრის ოპერატორებისთვის ეკონომიკურად უინტერესოს ხდის პარალელურ ვაჭრობაში ჩართვას (საქმეები: 80/789/EEC Distillers; IV/36.957/F3 Glaxo Wellcome). გარდა ამისა, TFEU-ის 101-ე მუხლი კრძალავს კონკურენტ მომწოდებლებს შორის ისეთ გარიგებებს, რომლებიც მიზნად ისახავს მყიდველების მიმართ ფასების ერთობლივ დისკრიმინაციას ერთი და იმავე მეთოდოლოგიის გამოყენებით (საქმე 74/431/EEC Papiers peints de Belgique) და ზღუდავს შუამავლების მცდელობას, მოახდინონ კონკურენტების მიერ დაწესებული ფასდაკლებების კოორდინაცია (საქმე C-74/14 Eturas). შესაბამისად, ევროკავშირის კონკურენციის სამართალი არა მხოლოდ პირდაპირ კრძალავს დისკრიმინაციულ ფასებს, არამედ გავლენას ახდენს ასეთი ფასების დაწესების შესაძლებლობაზეც (მაგალითად, არბიტრაჟის კონტროლის მექანიზმებზე).

შეერთებულ შტატებში, 1936 წლის რობინსონ-პატმანის აქტი (როგორც კლეიტონის აქტის შესწორება) კონკრეტულად კრძალავს ფასისმიერი დისკრიმინაციის გარკვეულ გაუმართლებელ ფორმებს, რომლებიც აზიანებს კონკურენციას. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ეს აკრძალვა აქტიურად აღსრულდებოდა (საქმე Morton Salt, 334 U.S. 37), დღეს იგი იშვიათად გამოიყენება მისი პროტექციონისტული ბუნების, სირთულისა და ვიწრო მასშტაბის გამო. თუმცა, ფასისმიერი დისკრიმინაცია და, განსაკუთრებით, ფასდათმობები კვლავაც შეიძლება მოექცეს შერმანის აქტის 1-ელი და მე-2 პუნქტების მოქმედების არეალში. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოცულობითი ფასდაკლებები და, ზოგადად, პირველადი ხაზის ზიანის შემთხვევები უნდა შეფასდეს „ფასი-დანახარჯის“ ტესტის (Price-cost test) მიხედვით, რომელიც დამკვიდრებულია მტაცებლური ფასწარმოქმნის საქმეებში (საქმე Brooke Group, 509 U.S. 209). რაც შეეხება ლოიალობისა და პაკეტურ (დაჯგუფებულ) ფასდათმობებს, ქვედა ინსტანციის სასამართლოები ვერ თანხმდებიან ერთიან მიდგომაზე: ზოგი ირჩევს „გონივრულობის წესით“ ანალიზს (საქმე LePage’s, 324 F.3d 141), ზოგი კი ყურადღებას ამახვილებს ფასი-დანახარჯის შედარებაზე (საქმე PeaceHealth, 515 F.3d 883).