ქსელური ეფექტი (NETWORK EFFECT)

ქსელური ეფექტი არსებობს მაშინ, როდესაც პროდუქტის ან სერვისის ღირებულება იზრდება იმ მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად, რომლებიც იმავე პროდუქტს ან მომსახურებას იყენებენ. ეს ფენომენი ციფრულ ეკონომიკაში ღირებულების შექმნის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ იქცა. ის წარმოადგენს წამყვან თეორიულ საფუძველს კონკურენციის სამართლის იმ საქმეებისთვის, რომლებიც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგაა მიმართული (დაწყებული Microsoft-ის საქმეებით).

ინსტიტუციური განმარტება

ქსელური ეფექტები წარმოიშობა მაშინ, როდესაც საქონელი მით უფრო ფასეულია მომხმარებლისთვის, რაც უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს იმავე ან მასთან თავსებად საქონელს. ეკონომისტები ამ ფენომენს ქსელურ ექსტერნალიას უწოდებენ, რადგან როდესაც ახალი მომხმარებლები უერთდებიან არსებული მომხმარებლების ქსელს, მათ აქვთ დადებითი „გარე“ გავლენა იმ მომხმარებლებზე, რომლებიც უკვე არიან ამ ქსელის ნაწილი. © ევროკომისია

კომენტარი

მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია ჯერ კიდევ 1901 და 1908 წლების AT&T-ის წლიურ ანგარიშებში გამოიყენებოდა, ქსელური ეფექტების თანამედროვე კვლევა ჯეფრი როლფსის 1974 წლის სტატიით დაიწყო.

აღნიშნული ლიტერატურა მნიშვნელოვნად გაფართოვდა 1980-იან წლებში ჯოზეფ ფარელის, გართ სალონერის, მაიკლ კაცისა და კარლ შაპიროს პუბლიკაციების სერიის შემდეგ. ქსელური ეფექტების თეორიული საფუძველი ხშირად მეტკალფის კანონს ეყრდნობა, რომელიც ადგენს, რომ კავშირების რაოდენობა კვადრატულად იზრდება ქსელის კვანძების (მომხმარებლების) რაოდენობის მატებასთან ერთად. სწორედ ქსელური ეფექტები დაედო საფუძვლად 1998-2001 წლებში გამართულ საეტაპო სასამართლო პროცესებს Microsoft-ის წინააღმდეგ.

ქსელური ეფექტები შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი. პირდაპირი ქსელური ეფექტები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც პროდუქტის ღირებულება უშუალოდ განისაზღვრება იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებიც იმავე პროდუქტს იყენებენ. არაპირდაპირი ეფექტები კი მაშინ იჩენს თავს, როდესაც მომხმარებელთა ორი ან მეტი ჯგუფი (მაგ. მყიდველები და გამყიდველები) იყენებს პლატფორმას ღირებულების გაცვლისთვის.

ხშირად აღნიშნავენ, რომ ქსელური ეფექტები ბაზრის უკმარისობის ორ ტიპს იწვევს. პირველი: ის ფაქტი, რომ ახალი მომხმარებლის ქსელში ჩართვა ზრდის მათთვის შექმნილ ღირებულებას, ვინც უკვე ქსელის ნაწილია, წარმოშობს დადებით ქსელურ ექსტერნალიას, რაც სარგებელს მოაქვს სხვა მომხმარებლებისთვის.

მეორე მხრივ, ქსელები, რომლებიც გადალახავენ ე.წ. „გარდამტეხ წერტილს“, შესაძლოა ბაზარზე „ჩაიკეტონ“ მაშინაც კი, როდესაც უფრო ეფექტიანი ალტერნატივა გამოჩნდება. უპირატესობა, რომლითაც მსხვილი ქსელი სარგებლობს, თეორიულად შეიძლება საბაზრო ძალაუფლების წყაროდ იქცეს. უკიდურეს შემთხვევაში, ქსელურმა ეფექტებმა შესაძლოა შექმნას დინამიკა, რომელიც უდიდეს კომპანიას მთელი ბაზრის ათვისების საშუალებას მისცემს. ამგვარმა საფრთხემ აიძულა ზოგიერთი მარეგულირებელი, მიემართა ანტიმონოპოლიური ინსტრუმენტებისთვის სავალდებულო თავსებადობის დასაწესებლად.

ამ ლიტერატურის სიღრმისეული ანალიზი ცხადყოფს, რომ მსგავსი დასკვნები ხშირად ზედმეტად გამარტივებულია. ჯოზეფ ფარელისა და გართ სალონერის კვლევები მიუთითებს, რომ ახალი ქსელური ტექნოლოგიის დანერგვა წარმოშობს ორ განსხვავებულ ექსტერნალიას, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით მოქმედებენ.

თეორიულმა გაურკვევლობამ საფუძველი ჩაუყარა ემპირიულ ლიტერატურას, რომელიც ცდილობს გამოავლინოს ქსელური ეფექტებისადმი დაქვემდებარებული ბაზრების რეალური მაგალითები. გარდა ამისა, ბაზრის მრავალ მახასიათებელს შეუძლია დამოუკიდებლად გადაჭრას ქსელურ ეფექტებთან დაკავშირებული სავარაუდო პრობლემები. მაგალითად, ახალი მომხმარებლებისთვის შეღავათების შეთავაზება მათ საშუალებას აძლევს, გააცნობიერონ ის უპირატესობები, რომლებსაც ისინი ქსელის არსებულ წევრებს ანიჭებენ. პრეფერენციების ჰეტეროგენულობამ შესაძლოა ასევე აღმოფხვრას ერთიანი ქსელის ჩამოყალიბების ნებისმიერი ტენდენცია. გარდა ამისა, ბაზრები, რომლებიც სწრაფად იზრდებიან, ნაკლებად ექვემდებარებიან „ჩაკეტვის“ ეფექტს; ასეთ დროს იმ მომხმარებელთა რაოდენობას, რომელსაც მოცემულ მომენტში რომელიმე აქტორი აკონტროლებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბაზარზე მუდმივად შემოდიან ახალი მომხმარებლები, რომელთა მოსაზიდადაც სხვა მოთამაშეებს თავისუფლად შეუძლიათ კონკურენცია.

ქსელური ეფექტები ბაზრის ჩავარდნას მხოლოდ გარკვეულ სტრუქტურებში იწვევს: მაგალითად, ბაზრებზე, სადაც მინიმუმ სამი არადომინანტი მოთამაშეა, წონასწორობის შედეგი ხშირად ყველა ქსელის ურთიერთდაკავშირებაა. გარდა ამისა, როგორც ჯეფრი როლფსმა აღნიშნა, მასშტაბის ზღვრული უკუგების (შემოსავლიანობის) შემცირება გარდაუვალია. და ბოლოს, სხვადასხვა ქსელსა და ტექნოლოგიას შორის არსებული ე.წ. „გეითქიფერები“, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს რამდენიმე ქსელს ერთდროულად შეუერთდეს (ცნობილი, როგორც Multihoming), აქარწყლებს პრინციპს - „გამარჯვებულს რჩება ყველაფერი, რაც მომხმარებლებს მრავალი ქსელის წევრობის შესაძლებლობას აძლევს.

ქსელური ეფექტების ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო გამოვლინება მაშინ იჩენს თავს, როდესაც ქსელი ორი განსხვავებული ტიპის აქტორისგან (მხარისგან) შედგება და ერთი ტიპის აქტორისთვის ქსელის ღირებულება განისაზღვრება მეორე ტიპის მონაწილეთა რაოდენობით. ამან შესაძლოა წარმოშვას ორმხრივი ბაზრები, რომლებშიც ერთი ტიპის მოქმედი პირისთვის დაწესებული ფასი მეორე ტიპისგან მიღებული შემოსავლით განისაზღვრება. უკიდურეს შემთხვევაში, შესაძლოა ეკონომიკურად მომგებიანი და ეფექტიანი იყოს ბაზრის ერთი მხარის სუბსიდირება მეორე მხარის ხარჯზე.

ეკონომიკური თეორია ასკვნის, რომ ორმხრივი ბაზრების სწორი ანალიზი მოითხოვს ბაზრის ორივე მხარის ერთობლივ გათვალისწინებას; აღნიშნული დასკვნა გაიზიარა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეში - Ohio v. American Express Co. ქსელურ ეფექტებთან დაკავშირებული საკითხების სირთულე ადასტურებს Microsoft-ის საქმეზე სასამართლოს მიერ გაკეთებული დაკვირვების მართებულობას. ქსელური ეფექტების ზემოქმედების სწორად განსაზღვრა მოითხოვს თითოეული იმ კონკრეტული გარემოების ემპირიულ შეფასებას, რომელშიც, მხარეთა მტკიცებით, პრობლემები წარმოიქმნება.