შეთანხმება ფასის ფიქსირებაზე (PRICE-FIXING AGREEMENT)

ფასების ფიქსირება არის კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება კონკურენტებს შორის ფასების დადგენის მიზნით. შეერთებულ შტატებში ამ ტიპის შეთანხმება კლასიფიცირებულია, როგორც „თავისთავად უკანონო“. შეთანხმებები, რომლებიც თავისთავად უკანონოა, არ ექვემდებარება „გონივრულობის წესს“. ამ უკანასკნელის მიხედვით ტარდება გამოძიება იმის დასადგენად, აწონასწორებს თუ არა შეთანხმების პროკონკურენტული ასპექტები მის კონკურენციის საწინააღმდეგო შედეგებს. ევროკავშირში ფასების ფიქსირება მიიჩნევა „მიზნის მქონე შეზღუდვად“. შეთანხმება განიხილება მიზნის მქონე მაშინ, როდესაც ვარაუდობენ, რომ მას აქვს მკვეთრად ნეგატიური გავლენა კონკურენციაზე. ეს ვარაუდი შეიძლება გაბათილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია დასაბუთების სპეციფიკური მოთხოვნები.

ინსტიტუციური განმარტება

გამყიდველებს შორის დადებული შეთანხმება ფასების გაზრდის ან ფიქსაციის შესახებ, რომლის მიზანია ფირმებს შორის კონკურენციის შეზღუდვა და უფრო მაღალი მოგების მიღება. ფასების ფიქსაციის შესახებ შეთანხმებებს კომპანიები იმისთვის აფორმებენ, რომ ბაზარზე ერთობლივი ძალებით მონოპოლიური მდგომარეობა შექმნან და იმოქმედონ, როგორც ერთიანმა მონოპოლიამ © ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

ფასების ფიქსაცია არის კონკურენტებს შორის დადებული შეთანხმება (წერილობითი, ზეპირი ან ქმედებიდან გამომდინარე), რომელიც ზრდის, ამცირებს ან ასტაბილურებს ფასებს ან კონკურენციის პირობებს. ზოგადად, კონკურენციის კანონმდებლობა თითოეული კომპანიისგან მოითხოვს, რომ ფასები და სხვა პირობები დამოუკიდებლად, კონკურენტთან შეთანხმების გარეშე დაადგინოს. როდესაც მომხმარებლები ირჩევენ, თუ რომელი პროდუქტი ან მომსახურება შეიძინონ, მათ აქვთ მოლოდინი, რომ ფასი თავისუფლად, მიწოდებისა და მოთხოვნის საფუძველზე განისაზღვრა და არა კონკურენტებს შორის გარიგებით. როდესაც კონკურენტები თანხმდებიან კონკურენციის შეზღუდვაზე, შედეგი ხშირად ფასების გაძვირებაა. შესაბამისად, ფასების ფიქსაცია სამთავრობო კონკურენციის ორგანოების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. © ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC)

კომენტარი

შეერთებულ შტატებში კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებები არღვევს შერმანის აქტის 1-ელ ნაწილს, რომელიც კრძალავს „ვაჭრობის შეზღუდვას“. აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე Standard Oil Co., დამკვიდრდა per se წესი. ამ წესის მიხედვით, გარკვეული ქმედებები მათი „ბუნებისა და ხასიათის“ გათვალისწინებით კლასიფიცირდება როგორც არსებითად კონკურენციის საწინააღმდეგო. მოგვიანებით, საქმეში US v. Socony-Vacuum Oil Co., ფასის ფიქსირება პირდაპირ მიენიჭა ამ კატეგორიას. სასამართლოების მიერ per se (თავისთავად) უკანონობის პრინციპის გამოყენება აადვილებს ფასების ფიქსირებაზე აღსრულებას, რადგან ასეთ დროს დამატებითი ეკონომიკური კვლევა საჭირო აღარ არის. ფასის ფიქსირების შეთანხმებები, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც „შიშველი შეთანხმებები“, დაუყოვნებლივ დაგმობას იმსახურებს მათი საზიანო შედეგების გამო. ფასის ფიქსირების per se უკანონობა გამორიცხავს „გონივრულობის წესით“ ანალიზის საჭიროებას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა ეფექტიანობის არგუმენტების შეფასება.

ევროკავშირში, ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (TFEU) 101(1) მუხლი კრძალავს შეთანხმებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ან იწვევს კონკურენციის მნიშვნელოვან შეზღუდვას. ევროკავშირის სასამართლოების განმარტებით, შეთანხმება ზღუდავს კონკურენციას „მიზნობრივად“, თუ არ არსებობს მისი განხორციელების დამაჯერებელი პროკონკურენტული საფუძველი. ფასის ფიქსირების შეთანხმება მიიჩნევა კონკურენციის საწინააღმდეგოად, რადგან მისი შინაარსი აშკარად აყენებს კონკურენციას საკმარის ზიანს. ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ აღნიშნა, რომ შეთანხმების მიზნობრიობა უნდა დადგინდეს მისი შინაარსის, ობიექტური მიზნებისა და ეკონომიკური კონტექსტის შესწავლით. ფასის ფიქსირების შეთანხმების არსი ხშირად სწორედ მხარეებს შორის კონკურენციის აღმოფხვრა და ფასების ხელოვნური გაზრდაა. იმის მაღალი ალბათობა, რომ ასეთმა შეთანხმებამ უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე, ზედმეტს ხდის მათი რეალური ეფექტის (შედეგის) დამტკიცების საჭიროებას.

არსებობს განსხვავება შეერთებულ შტატებში დამკვიდრებულ „თავისთავად უკანონობის“ პრინციპსა და TFEU-ის 101(1) მუხლში მოცემულ აკრძალვას შორის. პირველ შემთხვევაში, შეთანხმებები, რომლებიც არღვევს შერმანის აქტის 1-ელ პუნქტს, უპირობოდ მიიჩნევა კონკურენციის საწინააღმდეგოად და არ საჭიროებს შეთანხმების უარყოფითი და შესაძლო დადებითი ასპექტების დაბალანსებას. ევროკავშირის შემთხვევაში კი, შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს კონკურენციის შეზღუდვას (მაგალითად, ფასის ფიქსირებას), თეორიულად მაინც შეიძლება იქნას გამართლებული TFEU-ის 101(3) მუხლით გათვალისწინებული ეფექტიანობის კრიტერიუმების საფუძველზე. ეს დებულება მიუთითებს, რომ 101(1) მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა შეიძლება არ გავრცელდეს ნებისმიერ შეთანხმებაზე, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ ოთხ პირობას:

ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს ან ეფექტიანობის ზრდას;

მიღებული სარგებლის სამართლიან წილს უზიარებს მომხმარებელს;

არ შეიცავს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც არ არის აუცილებელი (შეუცვლელი) დასახული მიზნების მისაღწევად; და

არ იძლევა შესაძლებლობას, რომ კონკურენცია აღმოიფხვრას შესაბამისი პროდუქციის ბაზრის მნიშვნელოვან ნაწილზე. 1/2003 რეგულაციის თანახმად, 101(3) მუხლით გათვალისწინებული გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდებულ მხარეს. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ევროკავშირში არ არსებობს „თავისთავად უკანონობის“ აბსოლუტური წესი - იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტი ნავარაუდევია, მხარეს ყოველთვის რჩება თეორიული შესაძლებლობა, დაასაბუთოს შეთანხმების მართლზომიერება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სამართალი უშვებს კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებების გამართლების მექანიზმს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფასის ფიქსირების შეთანხმება (მძიმე ფორმის კარტელი) დააკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს. როგორც წესი, ამ ტიპის გარიგება ვერ ქმნის ობიექტურ ეკონომიკურ უპირატესობას, არ მოაქვს სარგებელი მომხმარებლისთვის და არ არის აუცილებელი ეფექტიანობის მისაღწევად. გარდა ამისა, მას გააჩნია ბაზრიდან კონკურენტული ძალების განდევნის პოტენციალი, რადგან ფასის ფიქსირება საგრძნობლად აზიანებს კომპანიების შესაძლებლობებსა და კონკურენციის სტიმულს. შესაბამისად, ფასის ფიქსირების შეთანხმებაში ჩართული მხარეებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია იმ ძლიერი უკანონობის პრეზუმფციის გაბათილება, რომელიც ამ ტიპის ქმედებას ახლავს.

ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხარეებმა, რომლებიც ჩართულნი არიან ისეთ მძიმე ფორმის კარტელში, როგორიცაა ფასების ფიქსირება, შეძლონ იმის დასაბუთება, რომ მათ მიერ წარმოდგენილი სასარგებლო ეფექტები აწონასწორებს კონკურენციის საწინააღმდეგო შედეგებს.

როგორც აშშ, ისე ევროკავშირი დიდწილად ეყრდნობიან პრეზუმფციებს ფასების ფიქსირების შეთანხმებათა მავნე ზეგავლენის შესახებ, რადგან ისინი განიხილება „შიშველ შეთანხმებებად“ ან მძიმე ფორმის კარტელებად. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად არსებობს განსხვავება შეერთებულ შტატებში დამკვიდრებულ „თავისთავად უკანონობის“ წესსა და ევროკავშირის მიდგომას შორის, პრაქტიკაში ეს განსხვავება უმნიშვნელოა. ევროკომისიამ დააწესა მტკიცებულების მაღალი სტანდარტი ეფექტიანობის არგუმენტით თავის დასაცავად; მისი აღსრულების პრაქტიკა თითქმის ექსკლუზიურად მოიცავს „მიზნობრივ შეზღუდვებს“, სადაც 101(3) მუხლის საფუძველზე წარმატებული დაცვის ალბათობა უკიდურესად დაბალია. შესაბამისად, 101(3) მუხლით გათვალისწინებული ეფექტიანობაზე დაფუძნებული დასაბუთება უფრო თეორიული შესაძლებლობაა, ვიდრე პრაქტიკული გამოსავალი.