ტერმინი „შეთანხმებული ქმედება“ არის კონკურენციის საწინააღმდეგო კოორდინაციის ფორმა, რომელიც ფორმალური შეთანხმების გარეშე ხორციელდება. იგი გულისხმობს ეკონომიკურ აგენტებს შორის ისეთ პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტაქტს, რომლის მიზანი ან შედეგი ბაზარზე ქმედებების კოორდინირება ან კონკურენტებისთვის სამომავლო გეგმების გამჟღავნებაა. შეთანხმებული ქმედება ზიანს აყენებს კონკურენციას, როდესაც კონკურენტებს შორის ხდება ისეთი სენსიტიური ინფორმაციის გაცვლა, როგორიცაა პროდუქტის ფასი, წარმოების მოცულობა ან სიმძლავრეები.
საწარმოებს შორის კოორდინაცია, როდესაც მათ ოფიციალური შეთანხმების გაფორმების ეტაპამდე მიღწევის გარეშე გაცნობიერებულად ჩაანაცვლეს კონკურენციის რისკები პრაქტიკული თანამშრომლობით. შეთანხმებული ქმედება შეიძლება ჩამოყალიბდეს ფირმებს შორის პირდაპირი ან ირიბი კონტაქტით, რომლის მიზანი ან შედეგი არის ბაზარზე ქცევაზე გავლენის მოხდენა ან კონკურენტებისთვის მომავალი დაგეგმილი ქცევის გამჟღავნება. © ევროკომისია
ტერმინი „შეთანხმებული ქმედება“ თავდაპირველად 1957 წლის რომის ხელშეკრულების 85-ე მუხლში (ამჟამად TFEU-ს 101-ე მუხლი) გამოიყენებოდა. ეს ცნება გვხვდება როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე სხვა იურისდიქციების (მაგ. სინგაპური, მალაიზია, ავსტრალია) კონკურენციის სამართალში.
ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, შეთანხმებული ქმედება განიხილება, როგორც ეკონომიკურ აგენტებს შორის კოორდინაციის სპეციფიკური ფორმა.
პარალელური ქცევა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებულ ქმედებას, თუმცა შესაძლოა ასეთი პრაქტიკის მტკიცებულებად ჩაითვალოს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბაზარზე არსებული კონკურენციის რისკები ნაცვლდება კონკურენტებს შორის თანამშრომლობით, რაზეც გავლენას ახდენს პროდუქტის ხასიათი, აგენტების ზომა, მათი რაოდენობა და ბაზრის მოცულობა.
დამოუკიდებლად მოქმედება არის ნორმალური საბაზრო ქცევა, რომელსაც თითოეული საწარმო უნდა იცავდეს გადაწყვეტილების მიღებისას. როგორც სასამართლომ განმარტა საქმეებში AC-Treuhand AG და Anic Partecipazioni, თითოეულმა ოპერატორმა დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს საკუთარი საბაზრო პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას (მაგ. ფასწარმოქმნა), ეკონომიკური აგენტი არ უნდა განიცდიდეს კონკურენტების ზეგავლენას (T-Mobile).
კონკურენტებს შორის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტაქტის არსებობა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ დამოუკიდებლობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, დარღვევის დადგენის აუცილებელი ელემენტია (Suiker Unie).
კონტაქტი ან კომუნიკაცია შესაძლოა განხორციელდეს არა უშუალოდ კონკურენტებს შორის, არამედ მესამე მხარეების მეშვეობით სენსიტიური ინფორმაციის გაცვლით. მაგალითად, სავაჭრო ასოციაციების, დისტრიბუტორების ან მომწოდებლის მეშვეობით ინფორმაციის გადაცემა ერთი საცალო მოვაჭრიდან მეორისთვის, შესაძლოა დარღვევად ჩაითვალოს. ინგლისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შუამავლის მეშვეობით ინფორმაციის გაცვლა თავისი არსით მიზნის მქონე დარღვევას უტოლდება (Argos & Littlewoods and Umbro Holdings Ltd).
Cimenteries-ის საქმეში სასამართლომ ჩამოაყალიბა „საპასუხო ქცევის“ მოთხოვნა. თუმცა, ინფორმაციის ცალმხრივი გამჟღავნებაც კი შეიძლება ჩაითვალოს ინფორმაციის გაცვლად, თუ ეკონომიკური აგენტი ამჟღავნებს სამომავლო გეგმებს სხვა აგენტის მოთხოვნის საფუძველზე, ან თუ მიმღები მხარე იღებს და იყენებს ამ ინფორმაციას.
ამავე ლოგიკით, AC-Treuhand AG-ის საქმეში სასამართლომ განმარტა: თუ საწარმოს არ სურს შეთანხმებულ ქმედებაში მონაწილეობა, იგი მკაფიოდ და საჯაროდ უნდა გაემიჯნოს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, „დუმილით რეაგირებაც“ კი საკმარისია დარღვევის დასადასტურებლად. შესაბამისად, კონკურენციის საწინააღმდეგო შეხვედრაზე უბრალო დასწრებაც კი, მკაფიო წინააღმდეგობის დაფიქსირების გარეშე, შესაძლოა TFEU-ს 101(1) მუხლის დარღვევად შეფასდეს.
კონკურენტული პროცესისთვის საზიანო ინფორმაცია, როგორც წესი, მოიცავს ისეთ სტრატეგიულ მონაცემებს, როგორიცაა: ფასები, ფასდაკლებები, შეღავათები, საპროცენტო განაკვეთები, ფასების ცვლილების დინამიკა, წარმოების მოცულობა, სიმძლავრეები, მარკეტინგული გეგმები, რისკები, ინვესტიციები და მომხმარებელთა ბაზა. მსგავსი ინფორმაციის გაცვლა ამცირებს გადაწყვეტილების მიღებისას აგენტების დამოუკიდებლობას და ხელს უწყობს ფარულ გარიგებებს (ევროკომისიის სახელმძღვანელო ჰორიზონტალური თანამშრომლობის შეთანხმებების შესახებ, 2011).
მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ინდივიდუალური და აგრეგირებული (განზოგადებული) მონაცემები (Jones & Sufrin’s EU Competition Law, მე-5 გამოცემა, 2014, გვ. 699). მონაცემთა დეტალიზაციის მაღალი ხარისხი ზრდის კონკურენტებს შორის კოორდინაციის ალბათობას. ეს ნიშნავს, რომ ზუსტი ღირებულებისა თუ მოთხოვნის შესახებ სენსიტიური ინფორმაციის გაცვლა ამარტივებს კარტელურ შეთანხმებებს (საქმე AT.39850 — Container Shipping, პუნქტები 35 და 51). გარდა ამისა, როგორც კონკრეტული, ისე პერიოდული ინფორმაციის გაცვლა, დიდი ალბათობით, კონკურენციის საწინააღმდეგოად მიიჩნევა (P. Aalborg Portland).
სასამართლო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ შეთანხმება ან შეთანხმებული ქმედება არღვევს ხელშეკრულების 85(1) მუხლს (ამჟამად 101(1) TFEU), თუ მისი მიზანი კონკურენციის შეზღუდვაა, მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა რეალური უარყოფითი შედეგი ბაზარზე (12.07.2001 წლის გადაწყვეტილება, გაერთიანებული საქმეები T-202/98, T-204/98 და T-207/98).
TFEU-ს 101-ე მუხლის მიზნებისთვის, შეთანხმებული ქმედების დასასაბუთებლად საკმარისია იმის ჩვენება, რომ კონკურენცია შეიზღუდა. არ არის აუცილებელი იმის მტკიცება, რომ კონკურენცია სრულად აღიკვეთა (Suiker Unie).
უბრალო ფაქტი, რომ მხარე სრულად არ ასრულებს კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმებას ან არ მონაწილეობს შეთანხმებულ ქმედებაში მთელი სიზუსტით, არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან. თუ ქმედება თავისი არსით კონკურენციის საწინააღმდეგოა, მასში მონაწილეობა (თუნდაც არასრული შესრულებით) მაინც დარღვევად ითვლება.