აგენტი (AGENT)

ინსტიტუციური განმარტება

პირი, რომელიც წარმოადგენს მეორე პირს და მოქმედებს მისი სახელით წარმომადგენლობის (სააგენტო) ხელშეკრულების ან შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. აგენტები შეიძლება იყვნენ ზოგადი (გენერალური) ან სპეციალური ხასიათის. ზოგადი აგენტი არის პირი, რომელიც დაქირავებულია მისი პროფესიული სტატუსით, ან როგორც გარკვეული ხელობისა თუ დარგის ოსტატი; ან პირი, ვისაც პრინციპალი (მარწმუნებელი) ანდობს თავის მთლიან ბიზნესს, ან კონკრეტული კატეგორიის ყველა ტრანზაქციასა თუ ფუნქციას; ან იგი არის პირი, რომელიც უფლებამოსილია თავისი პრინციპალის მიერ, შეასრულოს ყველა სამართლებრივი მოქმედება, ხელი მოაწეროს ყველა ხელშეკრულებას ან შეიძინოს ყველა ის საქონელი, რაც აუცილებელია კონკრეტული ვაჭრობის, ბიზნესის ან საქმიანობისთვის. © ბლექის იურიდიული ლექსიკონი, უფასო ონლაინ იურიდიული ლექსიკონი, მე-2 გამოცემა.

კომენტარი

კონკურენციის სამართლის სისტემები, როგორც წესი, მკაფიოდ განასხვავებს შეთანხმებულ და დამოუკიდებელ ქცევას. შეთანხმებული ქცევა, როგორც წესი, აღიქმება, როგორც კონკურენციის საწინააღმდეგო რისკის მატარებელი, ვიდრე ცალმხრივი ქცევა.

ამგვარად, როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის სამართლებრივი სისტემები შეიცავს ფართო აკრძალვებს დამოუკიდებელ სუბიექტებს შორის შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ზღუდავს ვაჭრობას ან კონკურენციას (შერმანის აქტის პირველი ნაწილი და TFEU-ს 101-ე მუხლი).

ამასთანავე, აღნიშნული დებულებები არ ვრცელდება ერთი კომპანიის შიდა ქცევაზე, მაგალითად, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობაზე ან მშობელსა და მის სრულად მფლობელობაში არსებულ შვილობილ კომპანიას შორის ურთიერთობაზე. შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მშობელ კომპანიასა და მის სრულად საკუთრებაში არსებულ შვილობილ კომპანიას შორის ყოველთვის არსებობს მიზნის ერთიანობა, რის გამოც მათ შორის შეთანხმება კონკურენციის საწინააღმდეგო თვალსაზრისით შეუძლებელია (იხ. Copperweld Corp v Independence Tube Corp (1984)).

ევროკავშირში, თუ შვილობილი კომპანია არ ფლობს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მოქმედებს მშობელი კომპანიის ინსტრუქციების შესაბამისად, ისინი განიხილება, როგორც ერთიანი „ეკონომიკური სუბიექტი“ და მათ შორის არსებული შეთანხმებები სცილდება TFEU-ს 101-ე მუხლის მოქმედების სფეროს (იხ. Viho Europe v Commission (1996)). ანალოგიურად, პრინციპალსა და აგენტს შორის ურთიერთობა შეიძლება ჩაითვალოს ერთიანი ეკონომიკური ერთეულის ნაწილად. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მწარმოებელი, რომელიც თავისი აგენტის მეშვეობით ყიდის პროდუქტს და თავად განსაზღვრავს ფასს, მოქმედებს ცალმხრივად (იხ. United States v General Electric (1926)). ამ შემთხვევაში აგენტი მოქმედებს როგორც პრინციპალის წარმომადგენელი და არა როგორც დამოუკიდებელი მხარე. შესაბამისად, პრინციპალს შეუძლია განსაზღვროს გაყიდვის პირობები და ფასები კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმების არსებობის გარეშე.

ევროკავშირში, წარმომადგენლობით ურთიერთობაში (Agency relationship) არსებული მჭიდრო ეკონომიკური კავშირები შესაძლოა ნიშნავდეს იმასაც, რომ აგენტი იმდენად არის გადაჯაჭვული თავის პრინციპალთან, რომ ეს ურთიერთობა „ეკონომიკური ერთიანობით“ ხასიათდება. იმ შემთხვევაში, როდესაც აგენტი პრინციპალის ეკონომიკური აგენტის (საწარმოს) განუყოფელი ნაწილის სახით ფუნქციონირებს, მათ შორის დადებული შეთანხმებები 101-ე მუხლის პირველი პუნქტის რეგულირების სფეროს მიღმა რჩება, იმ ბაზართან დაკავშირებით, სადაც აგენტი პოტენციურ მომხმარებლებს პრინციპალის საქონელს ან მომსახურებას სთავაზობს (იხ. Confederación Española de Empresarios de Estaciones de Servicio v Compañia Española de Petróleos (CEES) (2006) და CEPSA Estaciones de Servicio SA v LV Tobar e Hojos SL (CEPSA) (2008)).

შერმანის აქტის პირველი ნაწილისა (Section 1) და 101-ე მუხლის მატერიალურ-სამართლებრივი მოქმედების არეალზე გავლენის მოხდენის გარდა, ეს დოქტრინა, გარკვეულ გარემოებებში, ასევე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აგენტის მიერ ჩადენილი კონკურენციის სამართალდარღვევისთვის (antitrust infringement) პასუხისმგებლობა მის პრინციპალს დაეკისროს; აშშ-ში ეს ხდება მაშინ, როდესაც აგენტი/აგენტები „ხილვადი უფლებამოსილების“ (apparent authority) ფარგლებში მოქმედებს/მოქმედებენ (აშშ-ის უზენაესი სასამართლო, American Society of Mechanical Engineers Inc v Hydrolevel Corp (1982)), ხოლო ევროკავშირში მაშინ, როდესაც აგენტი მშობელ კომპანიასთან ერთად ერთიან ეკონომიკურ სუბიექტს წარმოადგენს (Minoan Lines v Commission (2003)).

ამ დოქტრინასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი იმპლიკაციების გათვალისწინებით, გადამწყვეტი საკითხია, თუ როგორ უნდა მოხდეს ნამდვილი წარმომადგენლობითი შეთანხმებების იდენტიფიცირება და მათი გამიჯვნა დამოუკიდებელ მეწარმეებს შორის დადებული გარიგებებისგან. აშშ-სა და ევროკავშირში ნათელია, რომ გადამწყვეტი არაა მხარეთა მიერ გარიგების შინაარსის ფორმალური განსაზღვრა (შესაბამისად, ფიქტიური წარმომადგენლობითი გარიგებები კონკურენციის წესების გამოყენებას თავს ვერ არიდებს). აშშ-ში ამ საკითხს წყვეტს ფაქტების დამდგენი სასამართლო (trier of fact) რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის: ინარჩუნებს თუ არა მიმწოდებელი პროდუქციაზე საკუთრების უფლებასა და კონტროლს; რჩება თუ არა დანაკარგის რისკი მიმწოდებელზე; ვინ აზღვევს პროდუქციას და ხომ არ გამოიყენება კონსიგნაცია ფართომასშტაბიანი კონკურენციის საწინააღმდეგო სქემის შესანიღბად (იხ. Simpson v Union Oil Co (1964)). მსგავსად ამისა, ევროკავშირში გადამწყვეტი მნიშვნელობა „ეკონომიკურ რეალობას“ ენიჭება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადრეული პრეცედენტის თანახმად, აგენტები პრინციპალის „დამხმარე ორგანოების“ (auxiliary organs) როლს უნდა ასრულებდნენ (და თუკი რამდენიმე პრინციპალისთვის მოქმედებენ, ისინი დამოუკიდებელ სუბიექტებს წარმოადგენენ, იხ. VZW Vereniging van Vlaamse Reisbureaus v VZW Sociale Dienst... (1987)), თანამედროვე საქმეები ფოკუსირდება იმ საკითხზე, ეკისრება თუ არა აგენტს მესამე პირებზე საქონლის გაყიდვასთან დაკავშირებული ფინანსური და კომერციული რისკების უმნიშვნელო წილზე მეტი (CEES და CEPSA).

საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად ფართოდ ვრცელდება წარმომადგენლობის (Agency) კონცეფცია, მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, ექცევა თუ არა ციფრულ ბაზრებზე მიმწოდებლებსა და პლატფორმებს (როგორიცაა Amazon ან e-Bay) შორის არსებული გარიგებები შერმანის აქტის პირველი ნაწილის (Section 1) ან TFEU-ს 101-ე მუხლის მოქმედების სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიისა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) გამოძიებების შემდეგ, მორიგების ფარგლებში რამდენიმე გამომცემელი დათანხმდა Apple-თან (და სხვა საცალო მოვაჭრეებთან) ელექტრონული წიგნების იმ სადისტრიბუციო ხელშეკრულებების შეწყვეტას, სადაც გამოიყენებოდა წარმომადგენლობის და არა საბითუმო ან გადამყიდველის მოდელი (იხ. e-books (2013) და United States v Apple (2d Cir, 2015)), არც აშშ-სა და არც ევროკავშირში არ არსებობს ცალსახა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეფასდეს მსგავსი სადისტრიბუციო შეთანხმებები. თითოეულ ამ საქმეში წამოჭრილი მთავარი საკითხი იყო ის, თუ ხომ არ მონაწილეობდნენ გამომცემლები Apple-თან ერთად ჰორიზონტალურ შეთანხმებულ ქმედებაში ან შეთქმულებაში (conspiracy) ელექტრონულ წიგნებზე საცალო ფასების გაზრდის მიზნით. შესაბამისად, არ წამოჭრილა საკითხი იმის შესახებ, მოექცეოდა თუ არა ონლაინ პლატფორმებზე გაყიდვებთან დაკავშირებული ვერტიკალური შეთანხმებები 101-ე მუხლის ან პირველი ნაწილის რეგულირების სფეროში.

მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საქმეებში ჩამოყალიბებული პრინციპების გამოყენებით, შესაძლოა მივიჩნიოთ, რომ მიმწოდებელსა და პლატფორმას შორის დადებული გარიგება წარმოადგენდეს „ნამდვილ“ წარმომადგენლობით შეთანხმებას, რომელიც შერმანის აქტის პირველი ნაწილისა ან TFEU-ს 101-ე მუხლის მოქმედების მიღმა რჩება იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად: პროდუქციაზე/მომსახურებაზე საკუთრების უფლება არ გადადის პლატფორმაზე (პლატფორმა არ ყიდულობს პროდუქტებს მიმწოდებლებისგან შემდგომი გადაყიდვის მიზნით), გაფორმებული კონტრაქტები იდება უშუალოდ მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის და პლატფორმას არ ეკისრება საქონლისა თუ მომსახურების გაყიდვასთან ან მიწოდებასთან დაკავშირებული არანაირი რისკი, არამედ იგი იღებს საკომისიოს ან ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტების სანაცვლოდ. თუკი ეს ასეა, რიგი ექსპერტების მტკიცებით, კონკურენციის კანონმდებლობაში შესაძლოა არსებობდეს „პლატფორმის ხარვეზი“ (platform gap), რაც პოტენციურად შემზღუდველ სადისტრიბუციო შეთანხმებებს ამ ნორმებით გათვალისწინებული ზედამხედველობისგან ათავისუფლებს. ამან გარკვეულ წრეებში წარმომადგენლობის წესების მოდიფიცირების ან თავიდან ინტერპრეტირების მოთხოვნა გამოიწვია.