შესაბამისი ბაზარი არის იმ პროდუქტებისა და მომსახურების ერთობლიობა, რომლებიც მომხმარებლის მიერ ურთიერთჩანაცვლებად განიხილება მათი მახასიათებლების, დანიშნულებისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. ეს ცნება გამოიყენება ბაზრის იმ საზღვრების დასადგენად, რომლებშიც კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, რაც აუცილებელია საბაზრო ძალაუფლების შესაფასებლად. შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირებისთვის, როგორც წესი, გამოიყენება SSNIP ტესტი, რომელიც ამოწმებს, გადაერთვებიან თუ არა მომხმარებლები სხვა მომწოდებლებზე კონკრეტული პროდუქტის ფასის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ზრდის შემთხვევაში.
შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ფირმებს შორის კონკურენციის ფარგლების გამოსავლენად და დასადგენად. იგი იძლევა იმ ჩარჩოს შექმნის შესაძლებლობას, რომლის ფარგლებშიც კომისია ახორციელებს კონკურენციის პოლიტიკის პრინციპების გამოყენებას. ბაზრის განსაზღვრის მთავარი მიზანია სისტემური გზით გამოავლინოს ის კონკურენციის დარღვევის შეზღუდვები, რომელთა წინაშეც მონაწილე საწარმოები დგანან. ბაზრის განსაზღვრა, სხვა საკითხებთან ერთად, შესაძლებელს ხდის საბაზრო წილების გამოთვლას, რაც იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას საბაზრო ძალაუფლების შესახებ დომინანტური მდგომარეობის (მდგომარეობების) შეფასების მიზნებისთვის.
შესაბამისი ბაზარი განისაზღვრება როგორც პროდუქტიული, ისე გეოგრაფიული ფაქტორების მიხედვით. ზოგადი ტერმინებით, შესაბამისი პროდუქტიული ბაზარი მოიცავს ყველა იმ პროდუქტს ან/და მომსახურებას, რომლებიც ურთიერთჩანაცვლებადია ან სუბსტიტუციურია (ჩანაცვლებადობა) პროდუქტის მახასიათებლების, ფასებისა და დანიშნულების გათვალისწინებით. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის პროდუქტები ან/და მომსახურება, რომელთა ბაზარზე განთავსებაც სხვა მწარმოებლებს შეუძლიათ დაუყოვნებლივ, მნიშვნელოვანი გადართვის ხარჯების გარეშე, ან პოტენციურ კონკურენტებს, გონივრულ ფასად და შეზღუდულ ვადებში.
შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი მოიცავს ტერიტორიას, სადაც შესაბამისი საწარმოები ჩართულნი არიან პროდუქტების ან მომსახურების მიწოდებასა და მოთხოვნაში, სადაც კონკურენციის პირობები საკმარისად ერთგვაროვანია (ჰომოგენურია) და რომელიც შეიძლება გამოიყოს მეზობელი ტერიტორიებისგან, ვინაიდან ამ უკანასკნელებში კონკურენციის პირობები საგრძნობლად განსხვავებულია. © ევროკომისია
ნებისმიერი სახის კონკურენციის ანალიზის საწყისი წერტილი შესაბამისი ბაზრის განსაზღვრაა. ბაზრის განსაზღვრას ორი ფუნდამენტური განზომილება აქვს: (i) პროდუქტიული ბაზარი, ანუ რომელი პროდუქტები უნდა დაჯგუფდეს ერთად და (ii) გეოგრაფიული ბაზარი, ანუ რომელი გეოგრაფიული არეალები უნდა დაჯგუფდეს ერთად. ბაზრის განსაზღვრა ითვალისწინებს როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების ფაქტორებს. მოთხოვნის მხარეს, პროდუქტები ჩანაცვლებადი უნდა იყოს მყიდველის თვალსაზრისით. მიწოდების მხარეს, მასში უნდა შევიდნენ ის გამყიდველები, რომლებიც აწარმოებენ ან შეძლებდნენ ადვილად გადაერთონ შესაბამისი პროდუქტის ან მისი ახლო სუბსტიტუტების წარმოებაზე. ბაზრის განსაზღვრა, როგორც წესი, მოიცავს რეალურ და პოტენციურ გამყიდველებს, ანუ ფირმებს, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად შეცვალონ თავიანთი საწარმოო პროცესები ჩანაცვლებადი პროდუქტების მისაწოდებლად, თუკი ფასი ამას გაამართლებს. ამის საფუძველია ის, რომ აღნიშნული ფირმები შეაკავებენ ან შეზღუდავენ ბაზარზე არსებული კომპანიების შესაძლებლობას, გაზარდონ ფასი კონკურენტულ დონეზე მაღლა. მყიდველებისა და გამყიდველების ადგილმდებარეობა განსაზღვრავს, არის თუ არა გეოგრაფიული ბაზარი ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული თუ საერთაშორისო.
თუ ბაზრები ზედმეტად ვიწროდ განისაზღვრება პროდუქტიული ან გეოგრაფიული თვალსაზრისით, რეალური კონკურენცია შეიძლება ანალიზის მიღმა დარჩეს. მეორე მხრივ, თუ პროდუქტიული და გეოგრაფიული ბაზრები ზედმეტად ფართოდ განისაზღვრება, კონკურენციის ხარისხი შეიძლება გადაჭარბებით შეფასდეს. ბაზრის ზედმეტად ფართო ან ზედმეტად ვიწრო განსაზღვრება იწვევს საბაზრო წილისა და კონცენტრაციის მაჩვენებლების შემცირებას ან გადაჭარბებას. მაგალითად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა და კანადის კონკურენციის პოლიტიკის ბიუროს შერწყმის სახელმძღვანელო პრინციპები გვთავაზობს შესაბამისი პროდუქტიული და გეოგრაფიული ბაზრების განსაზღვრის მოდელს, რომელიც ეფუძნება კონკურენციის შემზღუდველ ფასების ზრდაზე მომხმარებელთა სავარაუდო საპასუხო მოთხოვნას. ბაზარი განისაზღვრება, როგორც პროდუქტი ან პროდუქტთა ჯგუფი და გეოგრაფიული არეალი, სადაც ის იყიდება, იმგვარად, რომ ჰიპოთეტურ, მოგების მაქსიმიზაციაზე ორიენტირებულ ფირმას, რომელიც ამ პროდუქტების ერთადერთი გამყიდველი იქნებოდა აღნიშნულ არეალში, შეეძლოს ფასების გაზრდა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი (არადროებითი) ოდენობით არსებულ დონეზე მაღლა. ამ მოდელის გამოყენების შედეგია პროდუქტთა იმ ჯგუფისა და გეოგრაფიული არეალის იდენტიფიცირება, რომელთა მიმართაც გამყიდველებს შეეძლოთ საბაზრო ძალაუფლების გამოყენება, თუკი ისინი შეძლებდნენ თავიანთი ქმედებების სრულყოფილად კოორდინაციას, რათა იმოქმედონ როგორც მონოპოლისტმა. © OECD
შესაბამისი ბაზარი არის ისეთი ეკონომიკური სივრცე, რომლის „მონოპოლიზებაც ღირს“ (Bishop and Darcey, 1995). ამ ლოგიკით, მონოპოლიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენება შეუძლებელი იქნება, თუ მომხმარებელს შეუძლია სხვა პროდუქტზე გადართვა (მოთხოვნის მხარეს ჩანაცვლებადობა) ან თუ სხვა კომპანიებს შესწევთ უნარი, სწრაფად გაზარდონ წარმოება და შევიდნენ ბაზარზე (მიწოდების მხარეს ჩანაცვლებადობა).
ჩანაცვლების კონცეფცია ფუნდამენტურია ბაზრის საზღვრების დასადგენად: მოთხოვნის მხრივ: შესაბამისი ბაზარი მოიცავს ყველა იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელთაც მომხმარებელი ურთიერთჩანაცვლებად მიიჩნევს მათი მახასიათებლების, ფასის, დანიშნულებისა და მიმწოდებელი კომპანიების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით (ევროკომისიის განმარტება შესაბამისი ბაზრის შესახებ). მოთხოვნის მხარეს ჩანაცვლებადობა განსაკუთრებით პრიორიტეტულია აშშ-სა და კანადის იურისდიქციებში. კომპანიის უნარი, გაზარდოს ფასები გაყიდვების კრიტიკული დანაკარგის გარეშე, პირდაპირ დამოკიდებულია მყიდველის მზაობაზე, გადაიხადოს მაღალი ფასი (კანადის შერწყმის სახელმძღვანელო პრინციპები, 2011). მიწოდების მხრივ: ბაზარი მოიცავს იმ საქონელსა და მომსახურებას, რომელთა მიწოდებაც სხვა ოპერატორებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დანახარჯების გარეშე, გონივრულ ვადებში. ასეთ სიტუაციაში, მიწოდების პოტენციურმა ზრდამ შესაძლოა ჰიპოთეტური მონოპოლისტის მიერ ფასის მატება არამომგებიანი გახადოს, რის გამოც ეს მომწოდებლები აუცილებლად უნდა იყვნენ გათვალისწინებული ბაზრის ანალიზში.
შესაბამისი გეოგრაფიული ბაზარი მოიცავს ტერიტორიას, სადაც კონკურენციის პირობები საკმარისად ერთგვაროვანია (ჰომოგენურია) და რომელიც მკაფიოდ განსხვავდება მეზობელი რეგიონებისგან. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, ბაზარი შეიძლება განისაზღვროს როგორც ლოკალური, ეროვნული, რეგიონული ან გლობალური. იმპორტისა და ტრანსპორტირების ხარჯების გარდა, მტკიცებულებად შეიძლება გამოდგეს მომხმარებელთა ქცევა - გადაიტანეს თუ არა მათ შესყიდვები სხვა მდებარეობებზე ფასების ცვლილების საპასუხოდ, ასევე მიმწოდებლის შეცვლის დრო და დანახარჯები (აშშ-ის ჰორიზონტალური შერწყმის სახელმძღვანელო პრინციპები).
SSNIP ტესტი ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტია შესაბამისი ბაზრის დასადგენად. მისი არსი მდგომარეობს იმაში, იქნება თუ არა „ფასის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი და არადროებითი მატება“ მომგებიანი და მდგრადი ჰიპოთეტური მონოპოლისტისთვის.
პრაქტიკაში ანალიზი იწყება ბაზრის ყველაზე ვიწრო დეფინიციით: ისმება კითხვა, შეძლებდა თუ არა ჰიპოთეტური მონოპოლისტი ფასების მომგებიანად გაზრდას მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ოდენობით (როგორც წესი, 5-10%-ით). თუ ფასის ასეთი ზრდა არამომგებიანია (რადგან მომხმარებლები სხვა პროდუქტზე გადაერთვებიან), ბაზრის საზღვრები ფართოვდება მანამ, სანამ ფასის მატება ჰიპოთეტური მონოპოლისტისთვის მომგებიანი არ გახდება. თუ მომხმარებელთა უმეტესობა კვლავ შეიძენს პროდუქტს 10%-იანი გაძვირების პირობებშიც, ბაზარი მიიჩნევა სწორად განსაზღვრულად.
SSNIP ტესტი რაოდენობრივი ხასიათისაა და, როგორც წესი, მაშინ გამოიყენება, როდესაც საკმარისი ემპირიული მონაცემები არსებობს. თუმცა, მონაცემთა სიმცირის ან მათი უნდობლობის შემთხვევაში, გამოიყენება ხარისხობრივი შეფასება. ეს მიდგომა ეხმარება იმ პროდუქტებისა თუ სერვისების იდენტიფიცირებაში, რომლებიც ერთმანეთზე კონკურენტულ ზეწოლას ახდენენ, რაც შემდგომში SSNIP ტესტის სავარაუდო შედეგების პროგნოზირების საფუძველი ხდება. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბაზრის განსაზღვრისთვის შესაძლოა სხვა ეკონომიკური ტექნიკებიც იქნას გამოყენებული, მათ შორის: ფასების კორელაცია: სხვადასხვა პროდუქტის ფასების ცვლილების თანხვედრის ანალიზი; შოკის ანალიზი: ბაზარზე მომხდარი მოულოდნელი ცვლილებების (მაგ. მიმწოდებლის გასვლა) შედეგებზე დაკვირვება; ისტორიული მოვლენების ანალიზი: წარსულში მომხდარი ფასების ცვლილებისა და მომხმარებლის რეაქციის შესწავლა; ფასების აღმავალი წნევის ტესტები: UPP და GUPPI, რომლებიც ხშირად შერწყმისას ფასების ზრდის წახალისებას ზომავენ. ეს მეთოდები ხშირად ავსებენ SSNIP ტესტს, რაც ანალიზს უფრო მყარსა და სარწმუნოს ხდის, როდესაც სხვადასხვა ტექნიკის შედეგები ერთმანეთს ემთხვევა.
მალკოლმ კოატისა და ჯეფრი ფიშერის (2007) კვლევა, რომელიც აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) მიერ მიღებულ 116 გადაწყვეტილებას ეფუძნება, აჩვენებს, რომ შემთხვევების ნახევარზე მეტში მოთხოვნის მხრიდან ანალიზი შედარებით მარტივი იყო. დანარჩენ შემთხვევებში კი ბაზრის იდენტიფიცირებისთვის უფრო დახვეწილი ანალიტიკური ტექნიკა დასჭირდათ. კვლევამ ასევე გამოკვეთა, რომ მიწოდების მხარის ფაქტორებმა მხოლოდ რამდენიმე ბაზრის განსაზღვრაზე მოახდინა გავლენა, ხოლო ფასების დისკრიმინაციის ფაქტმა ათამდე შემთხვევაში განაპირობა ბაზრის უფრო ფოკუსირებული (ვიწრო) ანალიზი.
ციფრულ ბაზრებზე არსებული სპეციფიკა ხშირად მოითხოვს ტრადიციული ანალიტიკური ტექნიკის ადაპტაციას, რადგან ნულოვანი ფასის მქონე სერვისების არსებობა ზღუდავს კლასიკური SSNIP ტესტის ეფექტიანობას. ამ სექტორს ხშირად ახასიათებს ორმხრივი ბაზრები, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის პროდუქტული ბაზრის განსაზღვრისას. საქმეში Google Shopping, ევროპის საერთო სასამართლომ დაადასტურა კომისიის მიდგომა, რომელმაც ბაზარი მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრა, მიუხედავად იმისა, რომ სერვისი უფასო იყო. ევროკომისიამ დაასკვნა, რომ შესაბამისი პროდუქტული ბაზრები იყო ონლაინ ზოგადი საძიებო სერვისებისა და ონლაინ ფასების შედარების სერვისების ბაზრები, სადაც უფასო მომსახურებაზე დაფუძნებული ორმხრივი ბიზნეს მოდელი ჯვარედინად სუბსიდირდებოდა სარეკლამო შემოსავლებით. ეს მიდგომა მოგვიანებით სხვა იურისდიქციებმაც გაიზიარეს. შესაბამისი ბაზრის იდენტიფიცირება იძლევა ბაზრის წილების გამოთვლის შესაძლებლობას, რაც საბაზრო ძალაუფლების შეფასების მნიშვნელოვანი საწყისი ინდიკატორია. ზოგ იურისდიქციაში ბაზრის წილის გარკვეული მაჩვენებელი „უსაფრთხო ნავსაყუდელად“ მიიჩნევა, რომლის ქვემოთაც მოკვლევა, როგორც წესი, არ იწყება. მიუხედავად ამისა, ბაზრის განსაზღვრის მეთოდოლოგია კრიტიკის საგანიც ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტის დიფერენციაცია კონკურენციის მთავარი ფაქტორია და ჩანაცვლებადობა არასრულია, ან როდესაც კომპანიები ერთმანეთს ფასის ნაცვლად ხარისხითა და ინოვაციებით უპირისპირდებიან.
მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ბაზრის განსაზღვრა არ არის თვითმიზანი, არამედ საბაზრო ძალაუფლების შეფასების ინსტრუმენტია. როგორც ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში, მარიო მონტიმ აღნიშნა: „ბაზრის განსაზღვრა კონკურენციის პოლიტიკის ქვაკუთხედია, თუმცა არა მთლიანი შენობა“. ამ მთავარი მიზნის გათვალისწინება ეხმარება როგორც აღმასრულებლებს, ისე პრაქტიკოსებს, ფოკუსირდნენ არსებით საკითხზე - საბაზრო ძალაუფლებისა და მისი გამოყენების შედეგების ანალიზზე. ხშირად, შესაბამისი ბაზრის ზუსტი საზღვრები ღიად რჩება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დეფინიციის დადგენა რთულია ან შერწყმის პროცესის სწრაფი ანალიზი ოპერატიულ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევებში კონკურენციის ორგანოების უმეტესობა პირდაპირი განმარტებისგან თავს იკავებს და მიუთითებს ბაზრის რამდენიმე ალტერნატიულ, სარწმუნო ვერსიაზე (გარდა გამონაკლისი იურისდიქციებისა, მაგალითად მექსიკისა, სადაც კანონმდებლობა ყველა ანალიზში ბაზრის ზუსტ დეფინიციას მოითხოვს).