შესაბამისობის პროგრამა გულისხმობს კომპანიის მიერ შემუშავებულ შიდა წესებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობას, რომლის მიზანია ბიზნესსაქმიანობის წარმართვა კონკურენციის სამართლის ნორმების სრული დაცვით. როგორც წესი, ასეთი პროგრამები მოიცავს პრევენციის, გამოვლენისა და გამოსწორების მექანიზმებს. მათ შორის: შიდა პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც განმარტავს არსებულ წესებს და ამკვიდრებს საუკეთესო პრაქტიკას; ტრენინგებს რისკის ჯგუფში შემავალი თანამშრომლებისთვის; აუდიტს პრობლემების გამოსავლენად და გაუმჯობესების საჭიროების მქონე სფეროების იდენტიფიცირებისთვის; ასევე, პოტენციური დარღვევების შესახებ შეტყობინების, მოკვლევისა და რეაგირების პროცესებს. ჭეშმარიტად ეფექტიანი შესაბამისობის პროგრამისთვის აუცილებელია ორი ძირითადი კომპონენტი: მენეჯმენტის მკაფიო მხარდაჭერა ორგანიზაციაში შესაბამისობის კულტურის დასამკვიდრებლად და კომპეტენტური შესაბამისობის ფუნქციის არსებობა.
კომპანიის შიდა პოლიტიკა, რომელიც შემუშავებულია ყველა ბიზნესსაქმიანობაში კონკურენციის წესების სრული დაცვის (შესაბამისობის) უზრუნველსაყოფად. შესაბამისობის პროგრამის ფარგლებში კომპანია გადაამზადებს თავის პერსონალს კონკურენციის წესებზე და აწვდის მათ მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ აიცილონ თავიდან კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები ან პრაქტიკა კომერციული საქმიანობის განხორციელებისას და კონკურენტებთან კონტაქტის დროს. ზოგიერთი შესაბამისობის პროგრამა ასევე განსაზღვრავს, თუ რა ზომები უნდა იქნეს მიღებული, თუ თანამშრომლები აღმოაჩენენ, რომ შეთანხმება ან პრაქტიკა, რომლის მხარეც არის კომპანია, არღვევს კონკურენციის წესებს.
კომპანიებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ კონკურენციის წესების დარღვევის რისკები და იცოდნენ, როგორ შეიმუშაონ მათ საჭიროებებზე საუკეთესოდ მორგებული შესაბამისობის სტრატეგია. ეფექტიანი შესაბამისობის სტრატეგია კომპანიას საშუალებას აძლევს, მინიმუმამდე დაიყვანოს კონკურენციის სამართლის დარღვევებში ჩართვის რისკი და კონკურენციის შემზღუდველი ქცევით გამოწვეული ხარჯები. © ევროკომისია
ბოლო წლებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის როლის ზრდამ აიძულა კომპანიები, გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები ანგარიშვალდებულების გასაზრდელად დაინტერესებული მხარეებისა და ზოგადად საზოგადოების წინაშე. ბიზნეს-ეთიკა, რომლის ერთ-ერთი საყრდენი სწორედ შესაბამისობაა, ხშირად გვევლინება პრიორიტეტულ მიზნად „არსებითობის შეფასებისას“, ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა ნახშირბადის ნაბეჭდის შემცირება, ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება. ეს ტენდენცია აყალიბებს შესაბამისობის თანამედროვე მიდგომას და სამართლიანი კონკურენციის ხელშეწყობას განიხილავს იმავე ჭრილში, როგორც კორუფციასთან ბრძოლასა თუ პერსონალური მონაცემების დაცვას. შესაბამისობისადმი ასეთ მიდგომას მოაქვს კომპლექსური, მრავალგანზომილებიანი სტრატეგიები, რომლებიც ეხმარება კომპანიებს მართონ ძირითადი რისკები (რეპუტაციული, ფინანსური თუ სისხლისსამართლებრივი) და უზრუნველყონ მაღალი ანგარიშვალდებულება.
ეს ნიშნავს, რომ კონკურენციის სამართალთან შესაბამისობის პროგრამები სულ უფრო მეტად ყალიბდება, როგორც სტრუქტურირებული და დინამიკური სქემები მკაფიო ანგარიშვალდებულებით. ამასთანავე, რადგან კონკურენციის სამართალი დიდწილად ეყრდნობა ფაქტობრივ გარემოებებსა და ქცევის ანალიზს, მასთან მიმართებით მიდგომა არ შეიძლება იყოს ისეთივე შაბლონური და ავტომატიზებული, როგორც შესაბამისობის სხვა სფეროებში.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, კონკურენციის ორგანოები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ შესაბამისობის პოლიტიკას, როგორც ადვოკატირების, ისე სააღსრულებო პრაქტიკის მეშვეობით. ამ ტენდენციის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გლობალურმა მარეგულირებლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა (მაგალითად, „კონკურენციის საერთაშორისო ქსელმა“ - ICN და OECD-მ).
ადვოკატირების კუთხით, ძირითადი აქცენტი გაკეთდა კონკურენციის უპირატესობების განმარტებაზე, სახელმძღვანელო მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაზე (მათ შორის კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორიცაა მცირე და საშუალო საწარმოები) და ხშირად, ინოვაციური მასალების (ვიდეოები, შაბლონები, ბროშურები) გამოქვეყნებაზე.
აღსრულების კუთხით, რადგან შესაბამისობის პროგრამები, როგორც წესი, სავალდებულო ხასიათს არ ატარებს, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, უნდა იქნას თუ არა მათი არსებობა გათვალისწინებული სააღსრულებო ღონისძიებების დროს. ამ საკითხზე მიდგომები მკვეთრად განსხვავდება. ზოგიერთი წამყვანი უწყება (მაგ. ევროკომისია, საფრანგეთის კონკურენციის ორგანო) პირდაპირ უარს აცხადებს ჯარიმების შემცირებაზე იმ მოტივით, რომ პროგრამის არსებობა თავისთავად არაფერს ნიშნავს და ის მხოლოდ მისი ეფექტიანობის მიხედვით უნდა შეფასდეს. საპირისპირო მიდგომას იყენებენ აშშ-ის, კანადის, გერმანიისა და ბრაზილიის სააგენტოები, რომლებიც ეფექტიანი პროგრამების არსებობის შემთხვევაში ჯარიმებს ამცირებენ.
2019 წელს შეერთებულმა შტატებმა ახალი მითითებებით გააძლიერა ეს პოლიტიკა და აღიარა ეფექტიანი პროგრამების მნიშვნელობა ანტიმონოპოლიური დანაშაულების გამოძიებისას, როგორც ბრალდების წარდგენის, ისე სასჯელის განსაზღვრის ეტაპზე. და ბოლოს, ზოგიერთმა მარეგულირებელმა ორგანომ (მაგ. კორეის სამართლიანი ვაჭრობის კომისიამ) დაიწყო შესაბამისობის პროგრამების რეიტინგული შეფასება, თუმცა ეს ტენდენცია მასშტაბური არ არის შეფასებისთვის საჭირო დიდი რესურსების გამო.
საბოლოო ჯამში, მარეგულირებელი ორგანოები ყურადღებით აბალანსებენ შესაბამისობის პროგრამების დადებით და უარყოფით მხარეებს. ჯარიმების მკვეთრმა შემცირებამ შესაძლოა შეასუსტოს თვითმხილების (თვითშეტყობინების) სტიმული, მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც თანამშრომლობის პროგრამებით სარგებლობის მაჩვენებელი ისედაც შემცირებულია. მიუხედავად ამისა, შესაბამისობის პროგრამები კვლავ რჩება სამართალდარღვევათა გამოვლენისა და აღსრულების ძალზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
რა სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ იმისთვის, რომ შესაბამისობის პროგრამა ეფექტიანი იყოს? როგორც ხაზგასმულია სხვადასხვა უწყების პუბლიკაციებში (მაგალითად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის 2019 წლის სახელმძღვანელო მითითებებში), შესაბამისობის პროგრამა უნდა იყოს ყოვლისმომცველი, სტრუქტურირებული და დინამიკური. იგი მუდმივად უნდა მდიდრდებოდეს, ვითარდებოდეს და ადაპტირდებოდეს საკუთარი გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილების საფუძველზე.
ეფექტიანი პროგრამის ძირითადი კომპონენტებია:
მენეჯმენტის ჩართულობა
იმის გამო, რომ ბიზნესსექტორი ხშირად არ გამოირჩევა კონკურენციის კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნით (რაზეც მიუთითებს 2021 წლის OECD-ის კვლევა), განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტოპ-მენეჯმენტის მტკიცე პოზიცია კონკურენციის წესების დაცვის სასარგებლოდ. მენეჯმენტის მხრიდან გამოხატულ მხარდაჭერას ბევრად მეტი წონა აქვს, ვიდრე მხოლოდ იურიდიული ან შესაბამისობის განყოფილებების მუშაობას. ეს მოითხოვს, რომ ხელმძღვანელობა რეგულარულად იყოს ინფორმირებული შესაბამისობის საკითხებზე.
შესაბამისობის ფუნქცია
შესაბამისობის ფუნქციის რესურსებით უზრუნველყოფა და მისი პოზიციონირება ორგანიზაციულ სტრუქტურაში მენეჯმენტის კეთილი ნების საუკეთესო ინდიკატორია. ბოლო წლებში ბევრმა მსხვილმა ორგანიზაციამ მოახდინა კონკურენციის სამართლის ექსპერტიზის ინტერნალიზება (შიდა რესურსებით უზრუნველყოფა). ეს მიდგომა მისასალმებელია, რადგან რისკების უფრო ზუსტი, „დაკალიბრებული“ მართვის საშუალებას იძლევა, ვიდრე ფუნქციის სრულად გარე კონსულტანტებზე გადაცემა. თუმცა, აქ ორი გამოწვევა იკვეთება: კონკურენციის შესაბამისობის პროგრამის შემუშავება და დანერგვა ანტიმონოპოლიური ექსპერტიზის მაღალ ხარისხს მოითხოვს, რის გამოც ჩნდება კითხვა - ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც სამართლებრივი და შესაბამისობის ფუნქციები გამიჯნულია? გლობალურად კონკურენციის სამართლის რეჟიმების ზრდის ფონზე, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ასეთი შიდა ფუნქციების ადეკვატურ გეოგრაფიულ გავრცელებას, რათა მათ ყველა ბაზარი თანაბრად დაფარონ.
რისკის შეფასება - ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისობის ფუნქციამ უნდა მოახდინოს იმ ანტიმონოპოლიური რისკების იდენტიფიცირება, რომლებიც დაკავშირებულია ბიზნესოპერაციებთან, ჩართულ პერსონალთან, სამოქმედო ქვეყნებსა და ბაზრებთან. კომპანიის საქმიანობის სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე, ეს შეფასება უნდა გამყარდეს ინტერვიუებითა და დოკუმენტაციის შესწავლით. რისკების განმეორებითი შეფასება შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეულ ეტაპებზე: ახალ ბაზარზე შესვლისას, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, შერწყმა-შესყიდვების (M&A) დროს სათანადო სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარებისას ან ახლად შეძენილი ბიზნესის ინტეგრაციის პროცესში. რისკების სწორი შეფასება ნათლად აჩვენებს, თუ რომელი შიდა სახელმძღვანელო მითითებებია საჭირო, ვინ უნდა გაიაროს ტრენინგი პრიორიტეტულად და სად უნდა ჩატარდეს აუდიტი. ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, თითოეულმა ორგანიზაციამ თავად უნდა განსაზღვროს რისკის შეფასების სიღრმე და ინტენსივობა.
პოლიტიკა და პროცედურები - შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება უკვე საყოველთაო და ლეგიტიმური მოლოდინია. ანგარიშვალდებულების ლოგიკის თანახმად, ორგანიზაციები უნდა იყვნენ გამჭვირვალენი თანამშრომლების მიმართ და მკაფიოდ განმარტონ, თუ რას მოელიან მათგან. იმის გამო, რომ კონკურენციის სამართალი შესაძლოა იყოს კომპლექსური და ხშირად არაინტუიციურიც, სახელმძღვანელო პრინციპების კომუნიკაცია უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლების გზით, რათა ორგანიზაციაში შენარჩუნდეს ერთიანი და თანმიმდევრული მიდგომა. მრავალეროვნულმა კომპანიებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ ჯგუფის წესების ადგილობრივ გარემოსთან ადაპტირებას და მათ ხელმისაწვდომობას ყველა თანამშრომლისთვის.
ტრენინგი და ცნობიერების ამაღლება - საყოველთაოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკაა ყველა იმ თანამშრომლის გადამზადება, რომლებიც პროფესიული საქმიანობისას ანტიმონოპოლიური რისკების წინაშე დგანან. ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ მენეჯერები, გაყიდვების, მარკეტინგისა და შესყიდვების პერსონალი, ასევე ადამიანური რესურსების (HR), ფინანსების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კვლევა-განვითარების (R&D) გუნდები. სასწავლო მასალები არ უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური („თაროზე შემოდებული“); მცირე ზომის ინტერაქციული სემინარები ყოველთვის ყველაზე ეფექტიანია, თუმცა პრაქტიკაში ისინი რთულად ფარავს მსხვილი ორგანიზაციების ყველა საჭირო თანამშრომელს. შესაბამისად, მრავალეროვნული კომპანიები მასშტაბურობის უზრუნველსაყოფად ავითარებენ მათზე მორგებულ ონლაინ სასწავლო პროგრამებს. თავის მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლოა არ ჰქონდეს საკმარისი რესურსი სრულფასოვანი ტრენინგებისთვის, რის გამოც ისინი ხშირად კონკურენციის ეროვნული სააგენტოების მიერ მომზადებულ მასალებს ეყრდნობიან.
მონიტორინგი და აუდიტი - პროგრამის ეფექტიანობა მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. შესაბამისობის ფუნქციას შეუძლია ითანამშრომლოს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან სხვადასხვა სახის შემოწმების ჩასატარებლად (მაგალითად, რამდენად ფართოდ გავრცელდა შიდა პოლიტიკა და როგორია თანამშრომელთა ინფორმირებულობის დონე). გარდა ამისა, შესაბამისობის სამსახურმა შესაძლოა გარე კონსულტანტებს დაუკვეთოს სპეციალური აუდიტის ჩატარება, რაც განსაკუთრებით მიზანშეწონილია სპეციფიკური სიტუაციების შესაფასებლად (მაგალითად, ახლად განხორციელებული შესყიდვა ან ოპერირება ქვეყანაში, სადაც ახალი რეგულაციები ამოქმედა).
ინციდენტების მართვა. რისკის შეფასებისა და აუდიტის გარდა, შესაბამისობის პროგრამამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო ჩარჩო ინციდენტების გამოსავლენად და მოსაგვარებლად. როგორც წესი, უნდა შეიქმნას კონფიდენციალური, ეფექტური და ხელმისაწვდომი მხილების ხაზი, რომელიც სათანადო დაცვას უზრუნველყოფს როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროგრამა ასევე უნდა განსაზღვრავდეს ინციდენტის დროს სამოქმედო გეგმას, მათ შორის კრიზისის მართვის პროტოკოლს, შიდა გამოძიების სახელმძღვანელოებსა და გამოსწორების სხვადასხვა გზებს (დისციპლინური ზომები, შესაძლო განაცხადი შეწყალებაზე). მიუხედავად იმისა, რომ რეაგირების სტრატეგია ინდივიდუალური უნდა იყოს, წინასწარ განსაზღვრული ჩარჩო მნიშვნელოვნად დააჩქარებს პროცესს და გააუმჯობესებს შედეგს.
მასშტაბურობა - პროგრამის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად შესაძლებელია სხვადასხვა გზის გამოყენება, მაგალითად: ონლაინ ტრენინგების ფორმატის გამარტივება (თამაშები), მათი სმარტფონებზე მორგება, მარტივი ენის გამოყენება და იურიდიული ჟარგონის შემცირება. ასევე, მესამე მხარის უფრო ზუსტმა შეფასებამ შესაძლოა გაზარდოს პროგრამის ეფექტიანობა.
ტექნოლოგია და შესაბამისობა დიზაინის მიხედვით - კონკურენციის შესაბამისობა ეტაპობრივად განვითარდება დიზაინისა და მონაცემების საფუძველზე. ადეკვატური მმართველობისა და გარანტიების (კონფიდენციალურობა, სავაჭრო საიდუმლოება, ალგორითმული კოორდინაცია და სხვა) დაცვით, ორგანიზაციებს შორის მონაცემებზე უკეთესი წვდომა უზრუნველყოფს ოპერატიულობასა და პროაქტიულობას ძირითადი რისკების თავიდან აცილებისა და რეაგირების სტრატეგიების შემუშავებაში. თუმცა, ამ ეტაპზე, კომპანიებს მონაცემთა მართვის კუთხით სიმწიფის განსხვავებული დონე აქვთ.
სტიმულების შესაბამისობა - თანამედროვე ლიტერატურა განიხილავს მენეჯერების მოტივაციას, ჩაერთონ ან ხელი შეუწყონ უკანონო ქმედებებს ხარჯ-სარგებლის ანალიზის საფუძველზე. შემოთავაზებულია გადაწყვეტილებები როგორც პოლიტიკის დონეზე (ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი სანქციები, დისკვალიფიკაცია), ისე კომპანიის შიდა დონეზე (პირობითი კომპენსაცია, ბონუსების დაბრუნება/Clawback, კარიერული წინსვლის შეფერხება).