წვდომის შეზღუდვა გულისხმობს პრაქტიკას, რომელიც აბრკოლებს კონკურენტების წვდომას ბაზარზე და ამ გზით ზღუდავს მათ შესაძლებლობას, გაწიონ ეფექტიანი კონკურენცია. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტების ბაზრიდან განდევნა შესაძლებელია ისეთი აქტიური სტრატეგიებით, როგორიცაა მტაცებლური ფასდადება, ტერმინი „წვდომის შეზღუდვა“ უფრო მეტად ასოცირდება ბაზრის ვერტიკალურ ბლოკირებასთან, მაგალითად, ექსკლუზიური ხელშეკრულებების გაფორმების გზით. თუმცა, ტერმინის გამოყენება შეიძლება განსხვავდებოდეს იურისდიქციისა და კონტექსტის მიხედვით. მაგალითად, ევროკომისია TFEU-ს 102-ე მუხლის სახელმძღვანელო მითითებებში ტერმინს „წვდომის შეზღუდვა“ მტაცებლური საფასო პოლიტიკის კონტექსტშიც იყენებს. შემდეგი კომენტარი ფოკუსირებულია ბაზრის „ჩაკეტვაზე“ ვერტიკალური გაგებით, რათა იგი გაიმიჯნოს კონკურენტთა ბაზრიდან განდევნის ზოგადი ცნებისგან, რაც უფრო მეტად არის დამკვიდრებული აშშ-ის პრაქტიკაში. ინსტიტუციური განმარტება - ჩანაწერი არ არის.
კონკურენციის საწინააღმდეგო წვდომის შეზღუდვა
ზოგადი თვალსაზრისით, ქმედება მიიჩნევა კონკურენციის საწინააღმდეგოად, როდესაც ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი იზოლირებულია წვდომისგან ცალმხრივი ან შეთანხმებული ქმედებების შედეგად. თუმცა, წარსულისგან განსხვავებით, თანამედროვე კონკურენციის სამართალი წვდომის შეზღუდვას თავისთავად კონკურენციის საწინააღმდეგო მოვლენად აღარ განიხილავს. კერძოდ, ვერტიკალური შეთანხმებების ან ვერტიკალური ინტეგრაციის შედეგად წარმოქმნილი წვდომის შეზღუდვა ხშირად მიიჩნევა კონკურენტულად ნეიტრალურ ან პროკონკურენტულ მოვლენადაც კი, რადგან მას შეუძლია გაზარდოს ეფექტიანობა და შეამციროს ხარჯები მომხმარებლის ინტერესების დაზიანების გარეშე. მაგალითად, ვერტიკალური ინტეგრაციისას „ორმაგი მარგინალიზაციის“ აღმოფხვრამ შესაძლოა გაერთიანებულ კომპანიას ფასების შემცირების საშუალება მისცეს. წვდომის შეზღუდვის კონკურენციის საწინააღმდეგოად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ისეთი გარემოებების გულდასმითი ანალიზი, როგორიცაა ბაზრის დაფარვის მასშტაბი და შეზღუდვის ხანგრძლივობა; უნდა დადასტურდეს, რომ უარყოფითი ეფექტები აღემატება მიღებულ სარგებელს (მაგ. ეფექტიანობის გაუმჯობესებას).
წვდომის შეზღუდვის საკითხი მჭიდროდ უკავშირდება ბაზარზე შესვლის ბარიერებს. თუ ბაზარზე წვდომა შეზღუდულია, მაგრამ შესვლის ბარიერები მაინც დაბალია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეზღუდვა კონკურენციის საწინააღმდეგოად ჩაითვალოს. ამავდროულად, შესვლის მაღალი ბარიერები თავისთავად არ მიუთითებს ბაზრის უკანონო ბლოკირებაზე. მეტიც, თავად მაღალი ეფექტიანობა შესაძლოა იქცეს ბაზარზე შესვლის ბარიერად, რაც კონკურენციის სამართლით დასჯადი ქმედება არ არის. ამდენად, კონკურენციის საწინააღმდეგო წვდომის შეზღუდვის დასადგენად აუცილებელია ბაზრის სპეციფიკური დინამიკის ნიუანსური გააზრება.
წვდომის შეზღუდვა ვერტიკალური ინტეგრაციის შედეგად
ვერტიკალური ინტეგრაციის შემთხვევებში ხშირად გამოიყენება ზიანის მიყენების ე.წ. „წვდომის შეზღუდვის თეორია“. მაგალითად, განვიხილოთ ვითარება, როდესაც ზედა დონის ბაზარზე დომინანტი კომპანია აწარმოებს მნიშვნელოვან ნედლეულს (საწარმოო შენატანს) და ცდილობს ქვედა დონის ბაზარზე მოქმედი მწარმოებლის შეძენას. კონკურენციის ორგანოებმა შესაძლოა გამოხატონ შეშფოთება, რომ შერწყმის შემდეგ მიმწოდებელმა შესაძლოა მოახდინოს ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის იზოლაცია, კონკურენტებისთვის ნედლეულზე წვდომის შეზღუდვის გზით. გარდა ამისა, ასეთმა შესყიდვამ შესაძლოა გააძლიეროს ბაზარზე შესვლის ბარიერები, რადგან ნედლეულზე უარის თქმამ შესაძლოა ახალი კომპანიები აიძულოს, ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე დონეზე (ვერტიკალურად) შევიდნენ.
წვდომის შეზღუდვის ეს ფორმა ცნობილია, როგორც „მიწოდებაზე წვდომის შეზღუდვა“. მეორე მხრივ, როდესაც ვერტიკალური შერწყმა ზღუდავს ზედა დონის კონკურენტების წვდომას მომხმარებლებზე (ქვედა დონის ბაზარზე), მას „მომხმარებელზე წვდომის შეზღუდვა“ ეწოდება. ორივე მათგანი შესაძლოა შეფასდეს კონკურენციის საწინააღმდეგოად და გამოიწვიოს მარეგულირებელი ორგანოების ჩარევა. გამონაკლისი შემთხვევები დაიშვება, თუ შესაბამისი ბაზრები კვლავ კონკურენტუნარიანი რჩება, ბაზარზე შესვლა მარტივია და/ან შერწყმის შედეგად მიღებული ეფექტიანობის ზრდა არსებითია.
აშშ-ის ანტიმონოპოლიური უწყებების 2020 წლის ვერტიკალური შერწყმის სახელმძღვანელო პრინციპები (რომლებიც ამჟამად გაუქმებულია) წვდომის შეზღუდვასა და კონკურენტების ხარჯების გაზრდას აღწერს, როგორც ცალმხრივ ეფექტს, რომელიც ვერტიკალური შერწყმის შედეგად წარმოიქმნება. გაიდლაინებში აღნიშნულია: როდესაც ვერტიკალური შერწყმა აძლიერებს გაერთიანებული კომპანიის შესაძლებლობასა და სტიმულს, გავლენა მოახდინოს კონკურენტების გაყიდვებსა თუ კონკურენტუნარიანობაზე, შერწყმამ შესაძლოა გამოიწვიოს ანტიმონოპოლიური შეშფოთება და მოითხოვოს დამატებითი შემოწმება. იმავდროულად, ევროკავშირის არაჰორიზონტალური შერწყმის გაიდლაინები (2008/C 265/07) იმავე საკითხებს განიხილავს, როგორც „არაკოორდინირებულ ეფექტს“. ევროკავშირის გაიდლაინები წვდომის შეზღუდვას განმარტავს, როგორც სიტუაციას, „როდესაც შერწყმის შედეგად ფაქტობრივი ან პოტენციური კონკურენტების წვდომა მიწოდების წყაროებსა თუ ბაზრებზე ფერხდება ან იზღუდება, რაც ამცირებს ამ კომპანიების შესაძლებლობებსა და კონკურენციის სტიმულს“.
წვდომის შეზღუდვა ვერტიკალური შეზღუდვებით (მაგ. მიბმა და ექსკლუზიური ხელშეკრულებები)
წვდომის შეზღუდვის ცნება ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ვერტიკალური სახელშეკრულებო შეთანხმებების გასასაჩივრებლად ან ისეთი ბიზნესპრაქტიკის დასაგმობად, როგორიცაა პროდუქტების მიბმა და ექსკლუზიური ხელშეკრულებების გაფორმება.
რაც შეეხება პროდუქტების მიბმას, იქნება ეს განხორციელებული ცალმხრივად თუ კომპანიებს შორის შეთანხმების გზით, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ბიზნესპრაქტიკამ, რომელიც ერთი პროდუქტის მყიდველს სხვა პროდუქტის შეძენასაც ავალდებულებს, შესაძლოა კონკურენციის დარღვევა გამოიწვიოს. იმისათვის, რომ მიბმა და წვდომის შეზღუდვა კონკურენციის საწინააღმდეგოად ჩაითვალოს, მათ ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა მოიცვან. გარდა ამისა, ბაზარზე შესვლა დაკავშირებული უნდა იყოს მნიშვნელოვან ბარიერებთან და არ უნდა არსებობდეს მიბმის ობიექტური გამართლება.
მიბმასთან და ბაზრის შეზღუდვის პოტენციალთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა Microsoft-ის საქმეს ეხება. 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში კომპანია მნიშვნელოვანი ანტიმონოპოლიური შემოწმების წინაშე დადგა სხვადასხვა იურისდიქციაში, მათ შორის აშშ-ში, ევროკავშირსა და სამხრეთ კორეაში. მიუხედავად იმისა, რომ დეტალები განსხვავდებოდა, ძირითადი ბრალდება უცვლელი რჩებოდა: Microsoft ეწეოდა კონკურენციის საწინააღმდეგო პრაქტიკას საკუთარ დომინანტურ ოპერაციულ სისტემაში სხვადასხვა პროდუქტების ტექნოლოგიური ინტეგრირების გზით. კერძოდ, ეს ეხებოდა Internet Explorer-ს (აშშ), Windows Media Player-ს (ევროკავშირი), Windows Media-სერვისსა და MSN Messenger-ს (სამხრეთ კორეა), რითაც იზღუდებოდა კონკურენტი პროდუქტების ბაზარზე წვდომა.
მიბმის მსგავსად, ექსკლუზიური ხელშეკრულებები - სახელშეკრულებო შეთანხმებები, რომლებიც მყიდველს ავალდებულებს პროდუქცია ექსკლუზიურად კონკრეტული გამყიდველისგან შეიძინოს - ასევე ხშირად ხდება დაგმობის საგანი წვდომის შეზღუდვის თეორიის საფუძველზე. მიბმის შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრევა ძირითადად ეფუძნება წვდომის შეზღუდვას, რომელიც კონკურენტებს მყიდველებისთვის დამატებითი პროდუქტების მიწოდებაში უშლის ხელს. ექსკლუზიური ხელშეკრულებების შემთხვევაში კი აქცენტი კეთდება წვდომის ისეთ შეზღუდვაზე, რომელიც კონკურენტებს მყიდველის მთელ ბიზნესთან წვდომას უზღუდავს. ზოგადად, ექსკლუზიური ხელშეკრულებების დროს იზოლაციის ხარისხი უფრო მაღალია, რადგან ასეთი შეთანხმებები მყიდველს სხვა პროდუქტების შეძენისა და გამოყენების შესაძლებლობას არ უტოვებს. მიუხედავად ამისა, ორივე სცენარში კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტის ანალიზის ფუნდამენტური მიდგომა არსებითად არ განსხვავდება (Hovenkamp, 2021). ექსკლუზიური ხელშეკრულებების შემთხვევაშიც, კონკურენციის საწინააღმდეგო წვდომის შესაფასებლად მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა შეთანხმების ბაზრის დაფარვის მასშტაბი, მისი ხანგრძლივობა, ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლის პოტენციალი და სხვა ობიექტური დასაბუთებები.
ექსკლუზიური ხელშეკრულებების სამართლებრივი სტანდარტი შესაძლოა განსხვავდებოდეს დროის, კონტექსტისა და იურისდიქციის მიხედვით. წამყვან იურისდიქციებში უკვე დამკვიდრდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ხდება კონკურენციაზე ფაქტობრივი ან სავარაუდო ზემოქმედების გულდასმითი შესწავლა, ნაცვლად იმისა, რომ ქმედება უკანონოდ გამოცხადდეს მხოლოდ ბაზრის შეზღუდვის ხარისხზე დაყრდნობით. მაგალითად, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეში Tampa Electric განმარტა, რომ წვდომის შეზღუდვის არსებითობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კონტრაქტის გავლენა კონკურენციაზე, მხარეთა შედარებითი ძალა, ვაჭრობის მოცულობა და ბაზრის წილის მოპოვების ეფექტი. ეს მიდგომა შემდგომში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმაც გამოიყენეს. ანალოგიურად, საქმეში Intel, ევროპულმა სასამართლომ დააზუსტა Hoffmann-La Roche-ის გადაწყვეტილება (პარ. 89) და ხაზი გაუსვა კონკურენციის შეზღუდვისა და კონკურენციის საწინააღმდეგო ეფექტების შესაძლებლობის საფუძვლიანი შეფასების მნიშვნელობას ბოროტად გამოყენების საქმეებში, მათ შორის ექსკლუზიური ხელშეკრულებების ჩათვლით (პარაგრაფი 138 და შემდგომ).
იმავდროულად, როდესაც ექსკლუზიურ შეთანხმებებში ჩართული არცერთი მხარე არ ფლობს დომინანტურ პოზიციას და მათი საბაზრო წილი 30%-ზე ნაკლებია, ასეთი ქმედება დღესდღეობით, როგორც წესი, არ იგმობა კონკურენციის კანონმდებლობით. ეს შეინიშნება აშშ-ის Jefferson Parish-ის საქმეში (1984 წ.) (იხ. ასევე ევროკავშირის ვერტიკალური ჯგუფური გამონაკლისის რეგულაციის მე-3(1) მუხლი). შედეგად, ბაზრის 30%-იანი წილი წვდომის შეზღუდვის კონტექსტში პრაქტიკაში შესაძლოა „უსაფრთხო ნავსადგურის“ ფუნქციას ასრულებდეს.