ჯარიმა (FINE)

ჯარიმა არის სავალდებულო ფულადი სანქცია, რომელსაც აწესებს სასამართლო, კომისია ან სხვა სახელმწიფო ორგანო და ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ჯარიმის უპირველესი მიზანია ანტიმონოპოლიური ან კონკურენციის სამართლის დარღვევის პრევენცია (შეკავება). კონკურენციის სამართალში ჯარიმების უმეტესობა კომპანიებს ეკისრება ფასების ფიქსაციის, ტენდერების გაყალბებისა და სხვა უკანონო შეთანხმებული ქმედებების გამო. ზოგიერთი იურისდიქცია ჯარიმებს სხვა დარღვევებისთვისაც აწესებს, როგორიცაა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ან შერწყმისა და შეძენის შესახებ შეტყობინების წარუდგენლობა. ჯარიმები გამოიყენება ევროკავშირში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც აღასრულებენ კონკურენციის ან ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. ინსტიტუციური განმარტება - ჩანაწერი არ არის.

კომენტარი

კონკურენციის სამართლის დარღვევისთვის განხორციელებული ყველა ფულადი გადახდა არ წარმოადგენს ჯარიმას. უმეტეს იურისდიქციაში კარტელის მონაწილეებსა და სხვა დამრღვევებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგათ მყიდველებს არაკონკურენტული ფასების გადახდის შედეგად. ზიანის ანაზღაურება ძირითადად სასამართლოგარეშე მორიგების ან გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. სახელმწიფოები თავადვე შეიძლება გახდნენ ტენდერების გაყალბებისა თუ სხვა უკანონო ქმედებების მსხვერპლი; ასეთ დროს მათ შეუძლიათ იმოქმედონ როგორც მოსარჩელეებმა და მოითხოვონ ანტიმონოპოლიური ზიანის ანაზღაურება. ხშირად სასამართლოები აწესებენ როგორც ჯარიმას, ისე დაზარალებულთა სასარგებლოდ სავალდებულო კომპენსაციას; ეს უკანასკნელი არ არის ჯარიმა, არამედ რესტიტუციის ფორმაა. ანალოგიურად, დამრღვევებს შესაძლოა მოეთხოვოთ უკანონოდ მიღებული მოგების ჩამორთმევა, რაც ასევე არ განიხილება ჯარიმად.

ანტიმონოპოლიური ან კონკურენციის სამართლის დარღვევისთვის დაწესებული სანქციების გარდა, უმეტეს იურისდიქციაში სასამართლოებს შეუძლიათ დააჯარიმონ კომპანიები პროცედურული ან ანგარიშგების წესების დარღვევის გამო. ეს მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხდება შერწყმის ნაწილობრივი ან სრული დასრულება სამთავრობო უწყების საბოლოო თანხმობის გარეშე (ე.წ. „gun-jumping“) ან ხელისუფლებისთვის ტრანზაქციის შესახებ წინასწარი შეტყობინების (ნოტიფიკაციის) წარუდგენლობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იურისდიქცია ჯარიმის მიზნად დასჯას ან კომპენსაციას მიიჩნევს, თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ მათი მთავარი ან ერთადერთი ამოცანა პრევენციაა (შეკავება). რეჟიმების უმეტესობა ორიენტირებულია ზოგად პრევენციაზე და არა კონკრეტულ შეკავებაზე. აღმასრულებელი ორგანოების უმეტესობა ხელმძღვანელობს გამოქვეყნებული დაჯარიმების სახელმძღვანელო მითითებებით, რომლებიც მიზნად ისახავს კარტელების ფორმირების ოპტიმალურ აღკვეთას და დამრღვევთა მიმართ პროპორციულ და გამჭვირვალე მოპყრობას. ჯარიმის ოდენობა ხშირად იზრდება, თუ დამრღვევი რეციდივისტია, და მცირდება იმ ბრალდებულებისთვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შეღავათები (Leniency). მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების გადახდა სავალდებულოა, უმეტეს იურისდიქციაში მათი გასაჩივრება შესაძლებელია. პარალელური არაფულადი სანქციები შეიძლება მოიცავდეს ქცევით ვალდებულებებს, სტრუქტურულ ღონისძიებებსა და თავისუფლების აღკვეთას.

შეერთებულ შტატებში ფასების აშკარა ფიქსაციამ, ტენდერების გაყალბებამ, ბაზრების ტერიტორიულმა დაყოფამ, მომხმარებელთა განაწილებამ და მსგავსმა შეთანხმებულმა ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ანტიმონოპოლიური ჯარიმები, ისევე როგორც სხვადასხვა საანგარიშგებო წესის დარღვევამ. პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს როგორც ჩართულ კომპანიებს, ისე ფიზიკურ პირებს, ან ორივეს ერთად. ფიზიკური პირების მიმართ დაწესებული ჯარიმები გაცილებით ნაკლებია კორპორატიულ სანქციებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ჯარიმების დაკისრება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციაა, პრაქტიკაში კარტელური ჯარიმების მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება პროკურორების რეკომენდაციებით, რომლებიც ეფუძნება აშშ-ის სასჯელების სახელმძღვანელო პრინციპებს. პროკურორებს აქვთ ფართო დისკრეცია, გადაუხვიონ USSG-ით დადგენილ დიაპაზონს, რადგან მათ შეუძლიათ დანაშაულის სიმძიმის ფაქტორების ინტერპრეტაცია, დაზარალებული ვაჭრობის მოცულობაზე მოლაპარაკება და ბრალდებულებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათების შეთავაზება გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ. 2004 წლიდან მაქსიმალური კორპორატიული ჯარიმა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ფიზიკური პირებისთვის - 1 მილიონ აშშ დოლარს (თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა 5 მილიონამდე გაიზარდოს). პრაქტიკაში, სამართალდამცავ უწყებებს გააჩნიათ სხვადასხვა მექანიზმი (მაგალითად, „ალტერნატიული მაქსიმალური ჯარიმის“ წესი), რამაც შესაძლოა ეფექტიანი მაქსიმალური ჯარიმები გაცილებით მაღალ ნიშნულამდე აიყვანოს.

ევროკავშირში ფასების უკანონო ფიქსაციისა და კარტელური საქმიანობისთვის ჯარიმების დაკისრება ევროკომისიის დაჯარიმების სახელმძღვანელო მითითებებს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან ამ დოკუმენტით განსაზღვრული პარამეტრები, მათ ასევე გააჩნიათ ინტერპრეტაციის ფართო დისკრეცია. კონკურენციის სამართლის დარღვევისთვის ფიქსირებული მაქსიმალური ჯარიმა არ არსებობს, თუმცა მისი ზედა ზღვარი შემოიფარგლება დამრღვევი კომპანიის წინა წლის გლობალური ბრუნვის 10%-ით. პრაქტიკაში ეს მაქსიმალური ზღვარი იშვიათად გამოიყენება და რეალური ჯარიმები გაცილებით დაბალია. აშშ-ის მიდგომისგან განსხვავებით, ევროკომისიის დაჯარიმების გაიდლაინები ვრცელდება კონკურენციის სამართლის ყველა სახის დარღვევაზე. მაგალითად, Google რამდენჯერმე დაჯარიმდა (ჯამში დაახლოებით 8 მილიარდ ევროზე მეტით) ინტერნეტძიების ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონკურენციის ეროვნული ორგანოები იყენებენ როგორც ევროკავშირის სამართალს, ისე საკუთარ სახელმძღვანელო მითითებებს ჯარიმების დონის დასადგენად. მნიშვნელოვანია, რომ თავად ევროკომისია (აშშ-ისგან განსხვავებით) ჯარიმებს ფიზიკურ პირებს არ აკისრებს. ევროკავშირის მიერ დაკისრებული სანქციები ხშირად საჩივრდება ევროპულ სასამართლოებში, რაც ხშირ შემთხვევაში ჯარიმების ნაწილობრივ შემცირებით სრულდება, ძირითადად პროცედურული ხარვეზების გამო. ბოლო წლებში ევროკავშირის ჯარიმების ჯამური მოცულობა აჭარბებდა აშშ-ის მაჩვენებლებს, თუმცა აშშ-ში ჯარიმებისა და კერძო სამართლებრივი გზით მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების ჯამური თანხა კვლავ აღემატება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მსოფლიოს დანარჩენი კონკურენციის ან ანტიმონოპოლიური აღმასრულებელი ორგანოების უმეტესობას დაჯარიმების რეჟიმი უფრო მეტად ევროკომისიის მიდგომასთან აქვს გათანაბრებული, ვიდრე აშშ-ის მოდელთან. რამდენიმე იურისდიქციას (მაგ. სამხრეთ აფრიკას) გააჩნია ჰიბრიდული ანტიკარტელური კანონმდებლობა.