არაკეთილსინდისიერი კონკურენცია (Unfair Competition)

ეკონომიკური აგენტების მიერ განხორციელებული, საქმიანი ეთიკის ნორმების საწინააღმდეგო და კონკურენტებისა და მომხმარებლების ინტერესების შემლახავი ქმედებები. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მაგალითებია: კონკურენტის საქონლის შესახებ არასწორი წარმოდგენის შემქმნელი ინფორმაციის გავრცელება; მისი რეპუტაციის შელახვა, უსაფუძვლო კრიტიკა და დისკრედიტაცია; კონკურენტის ან მესამე პირის საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება; კომერციული საიდუმლოების არაავტორიზებული სახით მიღება, მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება; კონკურენტის თანამშრომლის მოსყიდვა იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა საკუთარი დამქირავებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და ა.შ. არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ნორმების გამოყენება ხდება მაშინაც, როდესაც შელახულია მხოლოდ ერთი კონკრეტული კონკურენტის, მომხმარებლის ან მათი მცირე ჯგუფის ინტერესები. რიგ იურისდიქციებში (მაგალითად, ევროკავშირში), არაკეთილსინდისიერი კონკურენცია კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის ნაწილად არ განიხილება. ევროკავშირისგან განსხვავებით, საქართველოში მსგავსი ქმედებების აღკვეთა კონკურენციის კანონმდებლობისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა.