არასამართლიანად მაღალი ფასი (Excess Price)

ეკონომიკური აგენტის მიერ დომინანტური მდგომარეობის ან საბაზრო ძალაუფლების გამოყენებით დადგენილი ფასი, რომელიც კონკურენტულ ფასს მნიშვნელოვნად აღემატება.

ფასების ცვლილება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის საბაზრო წონასწორობის მიღწევის მექანიზმია. მიწოდების დროებითი დეფიციტი ან მოთხოვნის დროებითი ზრდა იწვევს ფასების ზრდას, ხელს უწყობს წარმოებას და ბაზარზე ახალ მიმწოდებელთა შესვლას. ამდენად, პრაქტიკაში, რთულია დადგინდეს ზღვარი, რომლის მიღმაც ფასი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც არასამართლიანად მაღალი. ამასთან, სხვადასხვა კომპანიებს, ბაზრებს ან ქვეყნებს შორის ფასების ან/და მოგების შედარებას ართულებს მრავალი სამართლებრივი და ეკონომიკური განსხვავება. იმ შემთხვევაში, თუ ფასი არ წარმოადგენს კონკურენციის შეზღუდვის (მაგალითად, ფასის ფიქსირებაზე შეთანხმების ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების) ან ბაზრის ჩავარდნის შედეგს, სახელმწიფოს მიერ ფასების კონტროლის მცდელობა ეწინააღმდეგება კონკურენციის პოლიტიკის არსს.

ფასის ფიქსირება კონკურენციის კანონმდებლობის ერთ-ერთი მძიმე დარღვევაა. ამასთან, არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესება დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ მიიჩნევა დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებად. ევროკავშირის პრაქტიკაში, არასამართლიანად მაღალს უწოდებენ ფასს, რომელიც გონივრულად არ არის დაკავშირებული შეთავაზებული საქონლის ეკონომიკურ ღირებულებასთან. არასამართლიანად მაღალი ფასის არსებობა დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დეტალური ანალიზის საფუძველზე.