არაფასისმიერი ქმედებები (Non-pricing Practices/Abuses)

დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი კატეგორია, რომლის დროსაც საბაზრო ფასებით პირდაპირი მანიპულირება არ ხდება. შესაბამისად, არაფასისმიერი ქმედებების დადგენის პროცესში ეკონომიკური აგენტის მიერ საქონლის წარმოებასთან თუ მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და ბაზარზე არსებული ფასების დეტალური ანალიზი საჭირო არაა.

არაფასისმიერ ქმედებებს განეკუთვნება მიბმა, მიწოდებაზე უარი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით განხორციელებული დარღვევები და სხვა მსგავსი ქმედებები. აღნიშნული ქმედებები კანონდარღვევად მიიჩნევა, რადგან მათი მეშვეობით შესაძლებელია კონკურენტების ბაზრიდან განდევნა ან/და მომხმარებელთა ინტერესების შელახვა.

ევროკავშირში, არაფასისმიერი გზით დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ერთ-ერთი უახლესი სახეა ე.წ. შერჩევითი დამოკიდებულება. ხსენებული დარღვევა დადგინდა, მაგალითად, Google Shopping-ის საქმეზე, რომელშიც ევროკომისიამ მიიჩნია, რომ Google-ის საძიებო სისტემა უპირატესობას ანიჭებდა საკუთარი კომპანიის სავაჭრო ვებგვერდს, სხვა მსგავს ვებგვერდებთან შედარებით.