აქტიური გაყიდვები (Active Sales)

გაყიდვების სტრატეგია, რომლის დროსაც დისტრიბუტორები აქტიურად სთავაზობენ საკუთარ პროდუქციას ან მომსახურებას სხვა დისტრიბუტორის ექსკლუზიურ მომხმარებელთა ჯგუფს მიკუთვნებულ, ან ამ უკანასკნელთათვის ექსკლუზიურად გამოყოფილ ტერიტორიაზე მყოფ მომხმარებლებს. აქტიური გაყიდვები შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით: პირდაპირი (საფოსტო) შეტყობინებით ან ვიზიტებით; აქტიური მიმართვით მედიაში ან ინტერნეტ-რეკლამით; სხვა დისტრიბუტორის ექსკლუზიურ ტერიტორიაზე საწყობის მოწყობით ან სადისტრიბუციო ობიექტის განთავსებით და ა.შ.

კონკურენციის სამართალში, აქტიური გაყიდვების ფორმისა და შედეგების ანალიზი მნიშვნელოვანია ვერტიკალური შეთანხმებების კონკურენტული ეფექტის შეფასებისას. მაგალითად, დისტრიბუციის ხელშეკრულებაში მწარმოებელმა შესაძლოა გაითვალისწინოს დისტრიბუტორისათვის აქტიური გაყიდვების უფლების შემზღუდველი დებულებები, როგორც მწარმოებლის მიერ საკუთარი თავისთვის, ისე სხვა დისტრიბუტორისთვის ექსკლუზიურად მიკუთვნებულ ტერიტორიასთან მიმართებით. ასეთი შეთანხმებები შესაძლოა კონკურენტულ რისკებს შეიცავდეს, თუმცა შესაძლებელია მათზე გავრცელდეს ვერტიკალური შეთანხმებებისათვის დაწესებული ჯგუფური გამონაკლისები.