ბაზარზე შესვლად განიხილება შესაბამის ბაზარზე კონკურენციის გაწევის მსურველი ეკონომიკური აგენტის ქმედებათა ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც ხდება ამ ბაზარზე საქონლის ან მომსახურების შეთავაზება. ამის საპირისპიროდ, ბაზრიდან გასვლა ეწოდება შესაბამის ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ეკონომიკური აგენტის მხრიდან კონკურენციის გაწევის შეწყვეტას. ბაზრიდან გასვლა შეიძლება იყოს ეკონომიკური აგენტის ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგი, მოგების დაბალი დონის, შიდა რესტრუქტურიზაციის ან სხვა მიზეზების გამო. ამავდროულად, კომპანია ბაზრიდან შეიძლება გავიდეს სხვა ეკონომიკური აგენტების კონკურენციის შემზღუდველი ქმედებების შედეგად. ეკონომიკურ თეორიაში, ბაზარზე შესვლისა და ბაზრიდან გასვლის სიმარტივე განიხილება, როგორც ჯანსაღი კონკურენციის არსებობის ერთ-ერთი კომპონენტი. მაგალითად, სრულყოფილი კონკურენციის პირობებში, ბაზარზე შესვლა და ბაზრიდან გასვლა ყველა მსურველისათვის მარტივი და უდანახარჯოა (ე.ი. არ არსებობს შესაბამის ბაზარზე შესვლის/ბაზრიდან გასვლის ბარიერები). კონკურენციის სამართალში, დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს როგორც კონკურენტისათვის ბაზარზე შესვლაში ხელის შეშლა, ისე მისი ბაზრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით განდევნა. მაგალითად, კონკურენციის შემზღუდველად ითვლება შეთანხმებები, რომელთა ფარგლებშიც ხდება ბაზარზე შესვლის მსურველი ეკონომიკური აგენტისთვის ანაზღაურების შეთავაზება შესვლის დაყოვნების სანაცვლოდ. კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად ითვლება ისეთი ქმედებებიც, რომელთა მიზანი ან შედეგია ეფექტიანი კონკურენტის ბაზრიდან გასვლის გამოწვევა (მაგალითად, მარჟის შეზღუდვა ან მიწოდებაზე უარი).