(ბაზარზე) შესვლის ბარიერები (Entry Barriers)

შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტების შესვლის დამაბრკოლებელი ან გამომრიცხავი გარემოებები. ბარიერები, შესაძლოა, გამომდინარეობდეს კონკრეტული ბაზრის სტრუქტურიდან (მაგალითად, შესაბამის ბაზარზე შესვლის აუნაზღაურებელი დანახარჯები ძალიან მაღალია, მომხმარებელი არსებული პროდუქტის/ბრენდისადმი ლოიალურია და ა.შ.) ან ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების ქცევიდან (მაგალითად, დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზარზე წვდომის შეზღუდვა). აღნიშნული ბარიერების წყარო შესაძლოა იყოს სახელმწიფოც (მაგალითად, სალიცენზიო მოთხოვნების დაწესება).

კონკურენციის სამართალში, შესაბამის ბაზარზე შესვლის ბარიერების შეფასება ხდება მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებისას, მაგალითად, შესაბამისი ბაზრის განსაზღვრისას. ბარიერის დაძლევისათვის საჭირო დროის განსაზღვრა ასევე მნიშვნელოვანია პოტენციური კონკურენტების დადგენის პროცესში - რაც უფრო მოკლე დროში შეუძლია ეკონომიკურ აგენტს ბაზარზე შესვლის ბარიერის გადალახვა, მით მეტია მისგან კონკურენციის გაწევის ალბათობა. შესაბამისად, ბაზარზე შესვლის ბარიერების სიმცირე, მთელ რიგ შემთხვევებში, ეფექტიანი კონკურენციის ერთ-ერთი გარანტიაა.

პრაქტიკაში, როგორც წესი, ნაკლებად პრობლემურად მიიჩნევენ ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარე ბარიერებს, თუ ეს უკანასკნელნი ბაზრის ბუნებრივი განვითარების შედეგია. შედარებისთვის, ეკონომიკური აგენტების და სახელმწიფოს მიერ დაწესებული ბარიერები, როგორც წესი, კონკურენციის ორგანოების მხრიდან მკაცრ შეფასებას ექვემდებარება, კონკურენციის კანონმდებლობასთან მათი თავსებადობის კუთხით.