ორმხრივი ან მრავალმხრივი ბაზრის სახე, რომელიც გულისხმობს ბაზრის მომხმარებელთა ერთი კატეგორიისათვის შესაბამისი საქონლის/მომსახურების ნულოვან ფასად შეთავაზებას. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი საქონლის ან მომსახურების საფასურს არ იხდის ფულადი ფორმით. ამავდროულად, მომხმარებელი მომსახურების მიღების პროცესში შესაძლოა პირად მონაცემებს გასცემდეს. მსგავსი ბაზრების ყველაზე გავრცელებული სახეა ონლაინ პლატფორმები (მაგალითად, Google, Amazon, Facebook და სხვა), რომლებიც მომხმარებელს სთავაზობს მრავალგვარ უფასო მომსახურებას მათ პირად მონაცემებზე (სახელზე, საკონტაქტო ინფორმაციაზე, საკრედიტო ბარათის ნომერზე და მსგავს ინფორმაციაზე) წვდომის სანაცვლოდ. საქონლის/მომსახურების ნულოვან ფასად შეთავაზებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, მიმწოდებელს შეიძლება სურდეს მომხმარებელთა ბაზის შექმნა და მათთვის შემდგომში ფასიანი პროდუქტების შეთავაზება; შესაძლოა ხდებოდეს მომხმარებლების პირადი მონაცემების დაგროვება და ალგორითმების საშუალებით მათ გემოვნებაზე მორგებული რეკლამის შეთავაზება; ასევე, შესაძლოა წესდებოდეს ე.წ. საცდელი პერიოდი მომხმარებლის მოსაზიდად, რომლის გასვლის შემდგომ გათვალისწინებულია ფასიან მომსახურებაზე გადასვლა ან არჩევანის შეთავაზება უფასო და ე.წ. „პრემიუმ" (ფასიან) მომსახურებას შორის და ა.შ. ბაზრები ნულოვანი ფასით თანამედროვე ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამავდროულად, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების კუთხით, ისინი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. ასეთ ბაზრებთან მიმართებით რთულია კონკურენციის სამართლის აღსრულების „კლასიკური" მეთოდების გამოყენება (მაგალითად, შესაბამისი ბაზრის განსაზღვრა, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფასისმიერი სახეების ანალიზი და ა.შ.). შედეგად, მსგავსი ბაზრების შეფასებისას, კონკურენციის ორგანოები ასევე იყენებენ ახლებურ, არასტანდარტულ მეთოდებს.