არაკეთილსინდისიერი კონკურენცია (Unfair Competition)

ინსტიტუციური განმარტება

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სამართალი ეხება ორ კონკრეტულ საწარმოს შორის არსებულ ურთიერთობას, განხილულს ინდივიდუალურად; მისი მიზანია დაიცვას ერთ-ერთი მათგანი მეორის ისეთი მანევრებისგან (ქმედებებისგან), რომელიც სამართლიანი ვაჭრობის წესების დარღვევით ცდილობს კლიენტების გადაბირებას თავისი კონკურენტებისგან. იგი უნდა გამოიყოს იმ წესებისგან, რომლებიც იცავს სამრეწველო საკუთრების უფლებებს (პატენტებს, სასაქონლო ნიშნებს, რეგისტრირებულ დიზაინს) ფალსიფიკაციისა თუ იმიტაციისგან (გაყალბებისგან): მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიის წესების მიზანი ასევე მომხმარებელთა დაცვაა (საწარმოს კუთვნილი წარმოების საშუალებების ან პროდუქციის იდენტიფიკაციის ფორმების დაცვის გზით), ისინი სამართლის ცალკეულ, სპეციფიკურ დარგს წარმოადგენენ. © ენციკლოპედია უნივერსალისი (Encyclopaedia Universalis)

კომენტარი

არაკეთილსინდისიერი, არასამართლიანი, თაღლითური თუ იძულებითი კომერციული და სავაჭრო პრაქტიკა მრავალ იურისდიქციაში დიდი ხანია აკრძალულია საკანონმდებლო დონეზე ან სანქცირებულია სასამართლოების მიერ. აღნიშნული სამართლებრივი მიდგომა ასახულია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის კონცეფციაში, რომელიც განმტკიცებულია 1883 წლის „სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციით“.

პარიზის კონვენცია განსაზღვრავს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც ექვემდებარება აკრძალვას; მათ შორისაა ცრუ ბრალდებები, რომლებიც მიზნად ისახავს კონკურენტის დისკრედიტაციას, აგრეთვე კომერციული საქმიანობის პროცესში ისეთი მინიშნებებისა თუ მტკიცებულებების გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს საქონლის ბუნების, წარმოების პროცესის, მახასიათებლების, დანიშნულებისამებრ ვარგისიანობისა თუ რაოდენობის შესახებ.

დღეისათვის პარიზის კონვენციის წევრია 170-ზე მეტი სახელმწიფო. კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს წევრი მხარეები, როგორც წესი, ეროვნულ და სუბეროვნულ კანონმდებლობაში ახორციელებენ. კოდიფიცირებული სამართლის მქონე იურისდიქციებში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მარეგულირებელი დებულებები შესაბამის კოდექსებშია ასახული. მაგალითად, საფრანგეთის „სამომხმარებლო კოდექსი“ მოიცავს ნორმებს ისეთი აკრძალული ქმედებების შესახებ, როგორიცაა არასამართლიანი კომერციული პრაქტიკა და მატყუარა მარკეტინგი. აღნიშნული კანონმდებლობა ხშირად დამოუკიდებელია და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელნი არიან კონკურენციის სააგენტოებისგან განცალკევებული უწყებები. ხოლო, რიგ იურისდიქციებში არაკეთილსინდისიერი კონკურენცია განიხილება კონკურენციის სამართლის პოლიტიკის ფარგლებში და მისი აღსრულება ხდება ერთი უწყების მიერ; ამ მიდგომის მაგალითებია: ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, კოლუმბია, ჩინური ტაიპეი, დანია, კენია, პანამა, პერუ, აშშ, სინგაპური და ვიეტნამი.

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობა ავსტრალიაში

ავსტრალიის „სამომხმარებლო სამართლის“ (ACL) 33-ე და 34-ე მუხლები წარმოადგენს 2010 წლის „კონკურენციისა და მომხმარებელთა შესახებ აქტის“ (Cth) შემადგენელ ნაწილს. აღნიშნული ნორმები ახორციელებს „პარიზის კონვენციის“ იმ დებულებების იმპლემენტაციას, რომლებიც კრძალავს კორპორაციის მიერ ვაჭრობის ან კომერციის პროცესში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას საქონლისა თუ მომსახურების ბუნების, წარმოების პროცესის, მახასიათებლების, დანიშნულებისა თუ ხარისხის შესახებ.

ACL არის ფედერალური მნიშვნელობის ეროვნული კანონი, რომელიც ასევე ინტეგრირებულია ავსტრალიის თითოეული შტატისა და ტერიტორიის კანონმდებლობაში. ACL-ით გათვალისწინებულმა ქმედებათა უმეტესობამ შესაძლოა გამოიწვიოს ბაზარზე „არამართლზომიერი კონკურენტული უპირატესობის“ მოპოვება. კანონი არეგულირებს როგორც ურთიერთობებს ბიზნესსა და მომხმარებელს შორის (B2C), ისე ტრანზაქციებს უშუალოდ სამეწარმეო სუბიექტებს შორის (B2B).

ACL-ში ასახული მრავალი კონცეფცია ეფუძნება სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ინგლისის კანცლერის სასამართლოს მიერ, მოგვიანებით კი ადაპტირებულ და განვითარებულ იქნა ავსტრალიის სასამართლო პრაქტიკაში. შეცდომაში შემყვანი ან მატყუარა ქცევა ზოგადად აკრძალულია მე-18 მუხლით; ამასთან, ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ქმედების კონკრეტული ფორმები თუ არასამართლიანი პრაქტიკა აკრძალულია და ექვემდებარება სანქცირებას ბრალის (განზრახვის ან გაუფრთხილებლობის) მტკიცების ვალდებულების გარეშე. აღნიშნული მიდგომა ასახავს სამართლიანობის სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ „თაღლითობის“ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც მრავალი ქმედება მიიჩნეოდა არამართლზომიერად მაშინაც კი, თუ სახეზე არ იყო მოტყუების პირდაპირი განზრახვა.

არაკეთილსინდისიერი ქცევის სამართლიანობის კონცეფცია ავსტრალიის სამომხმარებლო სამართლის (ACL) აკრძალვების საგანია, რაც ითვალისწინებს ფულად ჯარიმებსა და სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებებს. ACL-ის ერთ-ერთი დებულება ეყრდნობა სამართლიანობის სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მიდგომას: ქმედება მიიჩნევა არაკეთილსინდისიერად, როდესაც მხარე ბოროტად სარგებლობს მეორე მხარის აშკარად არახელსაყრელი მდგომარეობით. კანონმდებლობით აკრძალული არაკეთილსინდისიერი ქცევის სხვა ფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ პრეცედენტული სამართლით და მოითხოვს კომპლექსურ შეფასებას იმის შესახებ, ეწინააღმდეგება თუ არა კონკრეტული ქმედება საზოგადოებრივ სინდისსა და სამართლიანობის პრინციპებს არსებული გარემოებების გათვალისწინებით. მომხმარებლებთან და მცირე ბიზნესთან დადებული სტანდარტული ფორმის ხელშეკრულებების არასამართლიანი პირობები ACL-ის საფუძველზე მიიჩნევა ბათილად.

ACL-ით ასევე აკრძალულია სხვა სპეციფიკური ქმედებები, რომლებიც შესაძლოა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფორმას წარმოადგენდეს, კერძოდ:

ფასდათმობების, საჩუქრებისა და პრიზების შეთავაზება მათი მიწოდების განზრახვის გარეშე (32-ე მუხლი);

ე.წ. „სატყუარა რეკლამა“ (Bait advertising) (35-ე მუხლი);

ანაზღაურების მიღება იმ საქონლის ან მომსახურების მიწოდების განზრახვის გარეშე, რომელშიც გადახდილია საფასური (36-ე მუხლი);

ფიზიკური იძულება, გაუმართლებელი შევიწროება ან ძალადობა საქონლის, მომსახურების ან მიწის ნაკვეთის რეალიზაციასთან (ან რეალიზაციის მცდელობასთან), აგრეთვე საფასურის გადახდასთან დაკავშირებით (50-ე მუხლი).“

არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ევროპაში - ევროკავშირში „არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის შესახებ“ 2005/29/EC დირექტივა არეგულირებს არამართლზომიერ სავაჭრო საქმიანობას და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, მოახდინონ მისი იმპლემენტაცია ეროვნულ სამართლებრივ სისტემებში. დირექტივა ძირითადად ადგენს მოვაჭრეთა ქცევის სტანდარტებს. მე-3 და მე-5 მუხლები ითვალისწინებს მომხმარებელთა მიმართ არაკეთილსინდისიერი კომერციული პრაქტიკის ზოგად აკრძალვას, რასაც მოჰყვება უფრო სპეციფიკური შეზღუდვები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნული აქტი არ ახდენს იმ კომერციული პრაქტიკის ჰარმონიზაციას, რომელიც ზიანს აყენებს მხოლოდ კონკურენტებს ან ბიზნეს-მომხმარებლებს (B2B), თუმცა არ ვნებს ფიზიკურ პირებს (მომხმარებლებს).

არაკეთილსინდისიერი კონკურენციის საკითხებს ასევე არეგულირებს 1993 წლის 5 აპრილის 93/13/EEC დირექტივა „სამომხმარებლო ხელშეკრულებებში არასამართლიანი პირობების შესახებ“ და უახლესი, ე.წ. „აღსრულებისა და მოდერნიზაციის დირექტივა“ (EU) 2019/2161. ეს უკანასკნელი აძლიერებს სამომხმარებლო უფლებების დაცვის მექანიზმებს ციფრულ გარემოში და აწესებს უფრო მკაცრ სანქციებს ევროკავშირის სამართლის დარღვევისთვის.

არაკეთილსინდისიერი კონკურენცია ამერიკის შეერთებულ შტატებში - ამერიკის შეერთებულ შტატებში არაკეთილსინდისიერი კონკურენცია რეგულირდება როგორც შტატების, ისე ფედერალური კანონმდებლობითა და პრეცედენტული სამართლით, სადაც არაკეთილსინდისიერი კონკურენცია კლასიფიცირდება როგორც სამოქალაქო სამართალდარღვევა, რომელიც წარმოშობს სარჩელის აღძვრის საფუძველს. აშშ-ის სამართალი ასევე მოიცავს სპეციფიკურ აკრძალვებს, რომლებიც ასახულია შტატების დონეზე მიღებულ „უნიფიცირებულ აქტში მოტყუებითი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ“ (UDTPA). აღნიშნული კანონმდებლობა კრძალავს სამი სახის ცრუ ინფორმაციის გავრცელებას: (1) მცდარი მტკიცება იმის შესახებ, რომ საქონელს ან მომსახურებას აქვს გარკვეული მახასიათებლები, შემადგენლობა, დანიშნულება, სარგებელი ან რაოდენობა; (2) მცდარი მტკიცება იმის შესახებ, რომ საქონელი ან მომსახურება არის ახალი ან ორიგინალური; (3) მცდარი მტკიცება იმის შესახებ, რომ საქონელი ან მომსახურება შეესაბამება კონკრეტულ კლასს, სტანდარტს ან ხარისხს.

აშშ-ის ფედერალური კანონმდებლობა მოიცავს „არასამართლიანი კონკურენციის“ დებულებებს „ფედერალური სავაჭრო კომისიის აქტში“ და მის საფუძველზე დადგენილ წესებში.

ფედერალური სავაჭრო კომისია განმარტავს, რომ: „მოტყუებითი“ პრაქტიკა, კომისიის პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, გულისხმობს არსებითი ინფორმაციის მცდარად წარდგენას, მის გამოტოვებას ან ქმედებას, რომელმაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი, რომელიც გონივრულად მოქმედებს მოცემულ გარემოებებში. ქმედება ან პრაქტიკა მიიჩნევა „არასამართლიანად“, თუ იგი „იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა არსებითი ზიანი, რომლის თავიდან აცილებაც გონივრულ ფარგლებში შეუძლებელია თავად მომხმარებლის მიერ და რომელიც არ აჭარბებს მომხმარებლისთვის ან კონკურენციისთვის მოტანილ სარგებელს“ (15 U.S.C. § 45(n)). გარდა ამისა, ფედერალური სავაჭრო კომისია ახორციელებს მომხმარებელთა დაცვის სხვა სამართლებრივ დებულებებს, რომლებიც კრძალავს კონკრეტულად განსაზღვრულ ქმედებებს. აღნიშნული ნორმების თანახმად, დარღვევები განიხილება როგორც „არასამართლიანი ან მოტყუებითი“ პრაქტიკა FTC-ის აქტის 5(a) ნაწილის შესაბამისად. ბევრი მათგანი ასევე ითვალისწინებს, რომ დარღვევები გათანაბრებული უნდა იყოს სავაჭრო რეგულირების წესების დარღვევასთან, რომლებიც გამოქვეყნებულია FTC-ის აქტის მე-18 ნაწილის საფუძველზე (რაც, თავის მხრივ, სამოქალაქო ჯარიმების დაკისრების საფუძველია).

სხვა იურისდიქციები - დღეისათვის მრავალ იურისდიქციაში მოქმედებს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის მარეგულირებელი ნორმები. როგორც წესი, შესაბამისი კანონმდებლობა კრძალავს მცდარ მტკიცებებს, მოტყუებას, თაღლითობასა და არაკეთილსინდისიერ ქცევას ბიზნესსაქმიანობის პროცესში, განსაკუთრებით - კონკურენტებთან ურთიერთობისას. ზემოაღნიშნული ქვეყნების გარდა, ანალოგიური სამართლებრივი ჩარჩო გააჩნიათ გერმანიას, იაპონიას, ჩინეთს, თურქეთს, ინდოეთს, კორეას, კანადას, პერუსა და კენიას.

განმარტების მიღმა არსებული ქმედება - ისეთი ქმედებები, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც კარტელური შეთანხმება, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება ან ჰორიზონტალური/ცალმხრივი კონკურენციის შემზღუდველი ქცევის სხვა ფორმა, რეგულირდება შესაბამისი სპეციალური დეფინიციებით. ქმედება, რომელიც იწვევს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებას სახელმწიფო რეგულირების ან სახელმწიფო დახმარების შედეგად, ზოგიერთ იურისდიქციაში შესაძლოა მიჩნეულ იქნეს „არაკეთილსინდისიერ კონკურენციად“, თუმცა ხშირად არსებობს ცალკეული მარეგულირებელი რეჟიმები, რომლებიც უზრუნველყოფენ „კონკურენტულ ნეიტრალიტეტს“ ან არეგულირებენ „სახელმწიფო დახმარებას“.