ბაზრის მონიტორინგი (Sector Inquiry/Market Monitoring)

კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც აღმასრულებელი ორგანოს მხრიდან ხდება კონკრეტული საქონლის ან მომსახურების ბაზრების გამოკვლევა. ბაზრის მონიტორინგი ხშირად გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ბაზარი ეფექტიანად ვერ ფუნქციონირებს ან კონკურენციის ორგანოებს სურთ ბაზრების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება. მონიტორინგი მოიცავს შესაბამისი ბაზრის ანალიზს: მისი სტრუქტურის, კონცენტრაციის დონის, საბაზრო ძალაუფლების, შესვლის ან/და გასვლის ბარიერებისა და სხვა პარამეტრების დადგენას. მონიტორინგის პროცედურა განსხვავდება იურისდიქციების მიხედვით. მაგალითად, ევროკავშირში, მონიტორინგის ფარგლებში შესაძლებელია ინფორმაციის გამოთხოვა სუბიექტთა ფართო სპექტრისგან, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, გააჩნიათ ამ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. საქართველოს კონკურენციის სააგენტო აქტიურად იყენებს ინფორმაციის მოძიების ალტერნატიულ წყაროებს: მომხმარებელთა გამოკითხვას, საჯარო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და სხვა. ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია მუშავდება კონკურენტული გარემოს დეტალური შესწავლის მიზნით. მონიტორინგი დროში შეზღუდული პროცედურა არაა და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წლის განმავლობაში. შედეგები აისახება ბაზრის მონიტორინგის ანგარიშში. თუ ბაზრის მონიტორინგისას მოძიებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას (მაგალითად, კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებას ან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას), კონკურენციის ორგანო უფლებამოსილია დაიწყოს აღსრულების უფრო მკაცრი პროცედურა - მოკვლევა.