ბაზრის სტრუქტურა (Market Structure)

შესაბამის ბაზარზე კონკურენციისათვის დამახასიათებელი რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლების ერთობლიობა. ეს მაჩვენებლებია - ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა, მათი საბაზრო წილი და საბაზრო ძალაუფლების დონე, ინოვაციური პოტენციალი ბაზარზე, შეთავაზებული საქონლის/მომსახურების მომხმარებელთა მახასიათებლები (რაოდენობა, ძალაუფლება, ლოიალურობა, განსხვავებული ჯგუფები და ა.შ.) და სხვა ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოქმედი და პოტენციური კონკურენტების ქცევაზე და განსაზღვრავს ბაზარზე კონკურენციის ხარისხს. ბაზრის ძირითადი სტრუქტურებია - მონოპოლია, ოლიგოპოლია, მონოპოლისტური კონკურენცია და სრულყოფილი კონკურენცია. მონოპოლია და ოლიგოპოლია, როგორც წესი, კონკურენტული რისკებით ხასიათდება, რომელთა განეიტრალებაც შესაძლოა საჭირო გახდეს კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებით. ბაზრის სტრუქტურას ასევე შესაძლოა განსაზღვრავდეს სამიზნე მომხმარებლების განსხვავებული ჯგუფების რაოდენობაც. ამ მხრივ, გარდა ტრადიციული ბაზრებისა, გამოყოფენ ე.წ. ორმხრივ და მრავალმხრივ ბაზრებს. აღნიშნული ბაზრების ერთ-ერთი სახეა ბაზრები ნულოვანი ფასით. ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკაში, ასევე ცალკე გამოიყოფა ინოვაციური ბაზრები, რომლებიც ხასიათდება დინამიკურობის მაღალი ხარისხით და მუდმივად ცვალებადი სტრუქტურით (მიმწოდებლებისა და მომხმარებლების რაოდენობისა და მათი საბაზრო ძალაუფლების მხრივ). ბაზრის სტრუქტურის შეფასება, როგორც წესი, იწყება ბაზარზე კონცენტრაციის დონის - ე.ი. კონკრეტული საქონლის ან მომსახურების ბაზარზე მსხვილი ეკონომიკური აგენტების შედარებითი პოზიციების - დადგენით. მაღალკონცენტრირებულად ითვლება შესაბამისი ბაზარი, რომლის ფარგლებში მოქმედ ერთ ან რამდენიმე ეკონომიკურ აგენტზე მოდის ეკონომიკური აქტივობის დიდი ნაწილი. ბაზარზე კონცენტრაციის მაღალი დონე საბაზრო ძალაუფლების ერთ-ერთი ინდიკატორი შეიძლება იყოს. პრაქტიკაში, არსებობს კონცენტრაციის გასაზომი რამდენიმე გზა, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი, ასევე არსებობს ლინდას ინდექსი და ა.შ.