ბაზრის ჩავარდნის ერთ-ერთი სახე, რომელიც არსებობს კონკრეტულ ბაზრებზე, სადაც ერთ ეკონომიკურ აგენტს შეუძლია მოემსახუროს ბაზარს გაცილებით დაბალი დანახარჯით, ვიდრე ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტის ნებისმიერ კომბინაციას. ბუნებრივი მონოპოლიის წარმოქმნა განპირობებულია წარმოების ტექნოლოგიის თავისებურებებითა და საბაზრო მოთხოვნებით და არა მთავრობის ან კონკურენტების ქმედებებით. ბუნებრივი მონოპოლიები არსებობს ცალკეული სეგმენტების სახით, ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა, რკინიგზა, კომუნიკაციები და სხვა. იმის გამო, რომ წარმოების ეფექტიანობა მოითხოვს მხოლოდ ერთი კომპანიის არსებობას, როგორც წესი, ბუნებრივი მონოპოლიები სახელმწიფო რეგულირების საგანია. რეგულირება შეიძლება მოიცავდეს ფასების, მომსახურების ხარისხისა და ბაზარზე შესვლის პირობების განსაზღვრას. მაგალითად, რკინიგზის სექტორში შესაძლოა სახელმწიფო გარკვეული პერიოდულობით აცხადებდეს კონკურსს იმ ეკონომიკური აგენტებისათვის, რომლებსაც სურთ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მართვაში აღება. კონკურსში მონაწილეობის მიზნით, ეკონომიკური აგენტები უნდა დათანხმდნენ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ მინიმალურ პირობებს (მაგალითად, პირობებს რკინიგზის ინფრასტრუქტურით სარგებლობის ანაზღაურებასთან, მატარებლების განრიგის შედგენისას სამართლიანობის პრინციპის დაცვასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით). კონკურსში, როგორც წესი, იმარჯვებს ეკონომიკური აგენტი, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პირობებს, იმ დათქმით, რომ ამ უკანასკნელის მიერ შემოთავაზებული პირობები, სულ მცირე, სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობების ანალოგიურია.