ზოგიერთ სახელმწიფოში, სადაც კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებები აკრძალულია, კანონმდებლობით ასევე გათვალისწინებულია ამ აკრძალვიდან გამონაკლისები, რომლებიც გამორიცხავს კანონდარღვევის დადგენას. შესაბამისად, გამონაკლისს მიკუთვნებულ შეთანხმებებს გააჩნიათ იურიდიული ძალა. საქართველოსა და ევროკავშირში, აკრძალვიდან გამონაკლისი მოქმედებს, თუკი შეთანხმება ოთხ კუმულატიურ პირობას აკმაყოფილებს: 1) ხელს უწყობს წარმოების ან/და მიწოდების გაუმჯობესებას ან ტექნიკურ-ეკონომიკურ პროგრესს; 2) უზრუნველყოფს მომხმარებელთა კეთილდღეობის ზრდას; 3) შეთანხმების მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს არ უწესებს წინა ორი პირობის შესრულებასთან დაუკავშირებელ შეზღუდვებს; 4) ამ ეკონომიკურ აგენტებს არ აძლევს შესაბამის ბაზარზე ან მის ნაწილზე კონკურენციის სრულად აღკვეთის საშუალებას. დამატებით, როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში მიღებულია შესაბამისი აქტები, რომლებიც შეთანხმებათა გარკვეული ჯგუფებისათვის აწესებენ ე.წ. „უსაფრთხო თავშესაფრებს" (Safe Harbours) - ადგენენ გამონაკლისების სპეციფიკურ პირობებს და აკონკრეტებენ მათი დაკმაყოფილების კრიტერიუმებს. მსგავს აქტებს ჯგუფურ გამონაკლისებს უწოდებენ. ევროკავშირის პრაქტიკაში, შეთანხმებები, რომლებიც არ მიეკუთვნება ჯგუფურ გამონაკლისებს, შესაძლოა მაინც ჩაითვალოს გამონაკლისად, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი კუმულატიური წინაპირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში (ე.წ. ინდივიდუალური გამონაკლისები). საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა მსგავს გამონაკლისებს არ ითვალისწინებს. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების მტკიცების ტვირთი ეკისრება კონკურენციის ორგანოს, ხოლო ოთხი საგამონაკლისო პირობის მოთხოვნის დაცვის დადასტურება შეთანხმებაში მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს ევალება.