გულისხმობს ფასებს, რომლებიც მონოპოლიის ან საბაზრო ძალაუფლების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება კონკურენტულ დონეს. თუმცა, პრაქტიკაში, ფარული გარიგების, ფასების ფიქსაციის შესახებ შეთანხმების ან ბაზრის მაღალი კონცენტრაციიდან გამომდინარე საბაზრო ძალაუფლების მტკიცებულებების არარსებობისას, ძალიან რთულია იმ ზღვრის დადგენა, რომლის მიღმაც ფასი შეიძლება ჩაითვალოს ჭარბად ან გონივრულობის ფარგლებს გარცდენილად. ვინაიდან საბაზრო ეკონომიკაში წარმოების ორგანიზების ძირითადი მეთოდი საფასო სისტემის მეშვეობით ხორციელდება, ფასების მოქნილობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფასები მერყეობს იმისათვის, რომ მოთხოვნა და მიწოდება წონასწორობაში მოვიდეს. მიწოდების დროებითი დეფიციტი ან მოთხოვნის ზრდა იწვევს ფასების მატებას, რაც წარმოების გაზრდისა და ახალი მომწოდებლების ბაზარზე შესვლის სტიმულს ქმნის. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა კომპანიებს, ბაზრებსა თუ ქვეყნებს შორის ფასებისა და/ან მოგების შედარება მრავალ სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემასთან არის დაკავშირებული. მთავრობის მცდელობები, გააკონტროლოს ან იძულებით შეამციროს ის ფასები, რომლებიც არ არის კონკურენციის შეზღუდვის შედეგი, ეწინააღმდეგება კონკურენციის პოლიტიკის საფუძვლად მდებარე ფილოსოფიას. © OECD
TFEU-ის 102-ე მუხლი კრძალავს დომინანტური მდგომარეობის მქონე საწარმოთა მიერ ნებისმიერ ბოროტად გამოყენებას, ხოლო ამავე მუხლის (a) ქვეპუნქტი განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა გამოიხატოს „პირდაპირ ან ირიბად არასამართლიანი შესყიდვის ან გაყიდვის ფასების, ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების დაწესებაში“. აღნიშნული აკრძალვა, სხვა შემთხვევებთან ერთად, ვრცელდება არასამართლიანად მაღალ ფასებზეც.
კერძოდ, საქმეზე General Motors Continental NV v. Commission (1975 წ.), ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ დომინანტური სუბიექტის მიერ დაწესებული ფასი არასამართლიანია, თუ იგი „არაპროპორციულად მაღალია მიწოდებული მომსახურების ეკონომიკურ ღირებულებასთან მიმართებაში“. მოგვიანებით, საქმეზე United Brands Co. BV v. Commission (1978 წ.), სასამართლომ კიდევ უფრო დააკონკრეტა „უსამართლობის“ კონცეფცია და განმარტა: „მიზანშეწონილია იმის დადგენა, გამოიყენა თუ არა დომინანტური მდგომარეობის მქონე საწარმომ საკუთარი საბაზრო ძალაუფლება იმგვარი სარგებლის მისაღებად, რომელსაც იგი ნორმალური და საკმარისად ეფექტიანი კონკურენციის პირობებში ვერ მოიპოვებდა. [...] ფასის არასამართლიანობა შესაძლოა ობიექტურად განისაზღვროს პროდუქტის გასაყიდი ფასისა და მისი წარმოების თვითღირებულების შედარების საფუძველზე“ (United Brands, პუნქტები 249, 251).
შესაბამისად, United Brands-ის გადაწყვეტილებაში ფასისა და დანახარჯების შედარება განიხილება, როგორც მთავარი ნიშნული. სასამართლოს განმარტებით, როდესაც ფასი არაპროპორციულად მაღალია თვითღირებულებასთან მიმართებაში, იგი შესაძლოა თავისთავად არასამართლიანად ჩაითვალოს. ეკონომიკური დასაბუთება ფასი-დანახარჯების ანალიზის, როგორც კონკურენტული მაჩვენებლის გამოყენების მიღმა, მდგომარეობს იმაში, რომ კონკურენტული პროცესი, რომლის დაცვასაც კონკურენციის კანონმდებლობა ისახავს მიზნად, ფასებს წარმოების თვითღირებულებისკენ მიმართავს.
ბუნებრივია, დანახარჯები ამ კონტექსტში უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ პროდუქტის მიწოდების ცვლად ხარჯებს, არამედ ნებისმიერ ინვესტიციასა თუ რისკს, რომელიც დომინანტური მდგომარეობის მქონე სუბიექტმა პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის გასწია. გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლომ საქმეზე CMA v. Flynn Pharma Ltd. (2020 წ., პუნქტი 97) დაადგინა, რომ დარღვევის ფაქტი შესაძლოა დადგინდეს მხოლოდ ფასი-დანახარჯების შედარებითი ანალიზის საფუძველზე.
ფასი-დანახარჯების ანალიზის ალტერნატივას წარმოადგენს დარღვევის გამოვლენა შედარებითი მაჩვენებლის გამოყენებით. აღნიშნული მეთოდი წარმოაჩენს დომინანტური სუბიექტის ფასის სიჭარბეს იმ უფრო დაბალ ფასთან მიმართებით, რომელიც შესადარებელ ვითარებაშია დაფიქსირებული. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს სავარაუდოდ არასამართლიანი ფასის შედარებას იმ უფრო დაბალ ფასთან, რომელსაც დომინანტი ეკონომიკური აგენტი აწესებდა ისეთ ბაზარზე, სეგმენტსა თუ დროის მონაკვეთში, სადაც სახეზე იყო უფრო ძლიერი კონკურენტული წნეხი, ფასის მიმართ მგრძნობიარე მომხმარებლების გავლენა, ან კონკურენტული ფასის ეკვივალენტური რეგულირებული ტარიფი. შედარებითი ანალიზის კიდევ ერთი სახეობაა ფასის შედარება სხვა, მსგავსი სუბიექტების მიერ დაწესებულ უფრო დაბალ ფასებთან, რომლებიც იმყოფებიან ინტენსიური კონკურენციის პირობებში ან აქვთ ფასების გაზრდის ნაკლები შესაძლებლობა.
შედარებითი მაჩვენებლების გამოყენების საფუძველია დაშვება, რომ თუ საორიენტაციო ფასი მართლაც რელევანტურია, საპირისპირო მტკიცებულებების არარსებობისას, იგი მიიჩნევა კონკურენტული ფასის ზედა ზღვრად - ანუ იმ ნიშნულად, რომლისკენაც კონკურენციის კანონმდებლობა ისახავს მიზნად ფასების მიმართვას. მაგალითად, მაგალითად, საქმეზე Bodson v. Pompes Funèbres (1988), ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ განმარტა, რომ ჭარბი ფასის არასამართლიანობა შესაძლოა გამოვლინდეს დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ დაწესებული ფასის იმ უფრო დაბალ ფასებთან შედარებით, რომლებსაც იგი ისეთ ბაზრებზე იყენებდა, სადაც უფრო ინტენსიური კონკურენციის პირობებში მოქმედებდა. საქმეზე Latvijas Autoru apvienība v. Konkurences padome (2017 წ.) სასამართლომ დაადგინა, რომ თუ სხვაობა დომინანტის მიერ დაწესებულ ფასსა და შესადარებელ მაჩვენებელს შორის მნიშვნელოვანია, ეს „მიუთითებს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაზე და დომინანტური მდგომარეობის მქონე საავტორო უფლებების მართვის ორგანიზაციამ თავად უნდა დაამტკიცოს საკუთარი ფასების სამართლიანობა იმ ობიექტურ ფაქტორებზე მითითებით, რომლებიც გავლენას ახდენს მართვის ხარჯებზე ან უფლებამფლობელთა ანაზღაურებაზე“. აღნიშნულ საქმეში, შედარებით მაჩვენებლად გამოყენებული იყო მეზობელ და სხვა ქვეყნებში მოქმედი მსგავსი ეკონომიკური აგენტების მიერ დაწესებული ფასები.
შედარებითი საორიენტაციო მაჩვენებლის (თვითღირებულებაზე ან შედარებით ანალიზზე დაფუძნებული მაჩვენებლის) განსაზღვრის შემდეგ, რომელსაც ედარება დომინანტური მდგომარეობის მქონე სუბიექტის ფასი, უნდა დადგინდეს, არის თუ არა სხვაობა დაწესებულ ფასსა და მოცემულ ნიშნულს შორის იმ დონეზე გადაჭარბებული, რომ იგი არასამართლიანად ჩაითვალოს. სასამართლო პრაქტიკაში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული გადაჭარბების ის ზუსტი ხარისხი, რომელიც დარღვევის ტოლფასია. რიგ შემთხვევებში დადგინდა, რომ ფასები, რომლებიც შედარებით მაჩვენებელს 25%-დან 40%-მდე აღემატებოდა, მიიჩნეოდა გადაჭარბებულად, თუმცა არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც ბევრად უფრო მაღალ სხვაობას ეხება.
სამართლებრივი ნორმების მსგავსი ბუნდოვანება დამახასიათებელია სხვა კონკურენციის საწინააღმდეგო დარღვევებისთვისაც, განსაკუთრებით ისეთი სახის დარღვევებისთვის, რომლებიც „კონკურენციისთვის არსებითი ზიანის“ დადასტურებას მოითხოვენ. ტერმინები „არსებითი“, „გადაჭარბებული“ თუ „არასამართლიანი“ წარმოადგენს ორაზროვან (შეფასებით) კრიტერიუმებს. აკადემიურ ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება გარკვეული პრეზუმფციების გამოყენების შესახებ - კერძოდ, კონკურენტულ მაჩვენებელთან მიმართებით ზღვრული სხვაობის დადგენა - რაც გაზრდიდა სამართლებრივი აკრძალვის პროგნოზირებადობას. არასამართლიანად მაღალი ფასები ყველა იურისდიქციაში არ განიხილება კონკურენციის საწინააღმდეგო დარღვევად. მაგალითად, აშშ-ის პრეცედენტული სამართლის მიხედვით, არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესება თავისთავად დარღვევას არ წარმოადგენს. აღნიშნული მიდგომა ძირითადად სამ გარემოებას ეფუძნება: პირველი - მოსაზრება, რომ არასამართლიანად მაღალი ფასები თვითკორექტირებადი ფენომენია, ვინაიდან ისინი ბაზარზე ახალი კონკურენტების შესვლას უწყობენ ხელს; ჩაურევლობის მეორე საფუძველია ის, რომ მაღალი ფასები აუცილებელია ინვესტიციების წასახალისებლად, ხოლო მესამე - ფასის არასამართლიანობის შეფასების სირთულე. აკადემიურ წრეებში აღნიშნული არგუმენტების მართებულობა დავის საგანია; ლიტერატურის ნაწილი იზიარებს ამ მოსაზრებებს და მხარს უჭერს ზოგად არაინტერვენციულ პოლიტიკას.
მეცნიერთა მეორე ნაწილი კი ეჭვქვეშ აყენებს ჩაურევლობის ამ საფუძვლებს და მოითხოვს აკრძალვის ინდივიდუალურ გამოყენებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მაგალითად, რიგი აკადემიური ნაშრომებისა მიუთითებს, რომ არასამართლიანად მაღალი ფასები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს ბაზრის თვითკორექტირებას, ვინაიდან პოტენციური ოპერატორებისთვის გადამწყვეტია არა მიმდინარე, არამედ ბაზარზე შესვლის შემდგომი ფასების პროგნოზი. თუ ბაზარზე შესვლის შემდგომი ფასი კონკურენტულია, სწორედ ამ ფასით იხელმძღვანელებს ახალი ეკონომიკური აგენტი ბაზარზე შემოსასვლელად ინვესტირების განხორციელებამდე, და არა იმ ჭარბი ფასით, რომელიც მის შემოსვლამდე მოქმედებდა. თუ მოსალოდნელია, რომ შესვლის შემდგომი ფასი კვლავ ჭარბი დარჩება, მაშინ, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლამ აღნიშნული ფასი ვერ დაარეგულირა. მსგავსად ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ საინვესტიციო ფაქტორების შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში (ინდივიდუალურად) უნდა მოხდეს და იგი არ უნდა წარმოადგენდეს ჩაურევლობის უპირობო გამართლებას.
დასასრულს, ინტერვენციული მიდგომის მომხრე აკადემიური ლიტერატურა ხაზს უსვამს მსგავსებას არასამართლიანად მაღალი ფასების შემთხვევებსა და სხვა კომპლექსურ კონკურენციის სამართალწარმოებებს შორის, რომლებიც ეფუძნება გონივრულობის წესის ანალიზს. ეს უკანასკნელი ასევე მოითხოვს კომპლექსურ ეკონომიკურ კვლევასა და სამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრას ისეთ ბუნდოვან სტანდარტებზე დაყრდნობით, როგორიცაა მოთხოვნა სავარაუდო ზიანის „არსებითი“ ხასიათის შესახებ. მრავალი სხვა რთული კონკურენციის საწინააღმდეგოდარღვევა ასევე ფასწარმოქმნის მექანიზმებს უკავშირდება - მათ შორისაა მტაცებლური ფასწარმოქმნა, ფასების შეზღუდვა (price squeeze) და ლოიალობის ფასდაკლებები - რაც, თავის მხრივ, მოითხოვს მხარეთა არგუმენტაციის სიღრმისეულ სამართლებრივ შეფასებას.