დანახარჯი (Cost)

ეკონომიკური აგენტის მიერ გამოყენებული წარმოების საშუალებებისა და რესურსების შეძენის სანაცვლოდ გაღებული ღირებულება (შრომითი დანახარჯი, ნედლეულის შეძენის დანახარჯი, კაპიტალური დანახარჯები და ა.შ.). კონკურენციის სამართალში დანახარჯების გამოთვლა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კონკურენციის ორგანოების მიერ კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, ასევე სასამართლოში, კონკურენციის სამართლიდან გამომდინარე დავებში. დანახარჯების გამოთვლა არსებით ხასიათს იძენს დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საქმეებში, ფასისმიერი დარღვევების დადგენისას. მაგალითად, მტაცებლური ფასების დაწესებით დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ ადმინისტრაციული წარმოებისას, კონკურენციის ორგანომ უნდა დაამტკიცოს, რომ დომინანტი ეკონომიკური აგენტი ბაზარზე საქონლის განთავსებას ახორციელებდა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რისთვისაც მხედველობაში იღებს საქონლის წარმოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დანახარჯს. ამასთან, ეკონომიკურ აგენტს შეუძლია დანახარჯების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენით გაამართლოს საკუთარი ქმედებები, რომლებსაც კონკურენციის ორგანო სავარაუდო კანონდარღვევად მიიჩნევს.