დაჯგუფება პროდუქტების მიბმასთან გადაჯაჭვული ცნებაა, რომელიც გულისხმობს ორი ან მეტი პროდუქტის ერთ შეკვრად და ერთიან ფასად გაყიდვას. დაჯგუფებად მიიჩნევა ისეთი სიტუაციაც, როდესაც პროდუქტების ყიდვა ცალ-ცალკეც შესაძლებელია, თუმცა მათი ერთად შეძენის შემთხვევაში, მოქმედებს ფასდაკლება. პროდუქტების დაჯგუფებამ შესაძლოა გაზარდოს მწარმოებლის ეფექტიანობა, რაც ნაწილობრივ შეიძლება აისახოს უფრო დაბალ ჯამურ ფასში, ვიდრე განსხვავებული პროდუქტების ცალ-ცალკე მიწოდების შემთხვევაში. ამავდროულად, დაჯგუფებამ შესაძლოა ეკონომიკური აგენტებისთვის გაართულოს ბაზრის სხვადასხვა სასაქონლო სეგმენტზე შესვლა. შესაბამისად, პროდუქტების დაჯგუფების კონკურენტული ეფექტის ანალიზი კომპლექსურია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე შეფასებას საჭიროებს. კონკურენციის სამართალში, დაჯგუფებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი ხორციელდება დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მხრიდან პროდუქტების დაჯგუფებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონკურენტი ეკონომიკური აგენტებისთვის ბაზარზე წვდომის შეზღუდვა ან ბაზრიდან განდევნა, შესაძლებელია, დაჯგუფება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად ჩაითვალოს.