დომინანტური მდგომარეობა (Dominant Position)

ეკონომიკური აგენტის უნარი, იმოქმედოს კონკურენტების, კლიენტების, მიმწოდებლებისა და საბოლოო მომხმარებლისაგან დამოუკიდებლად. ეკონომიკურ აგენტს, რომელიც ფლობს შესაბამის საბაზრო ძალაუფლებას, შესაძლებლობა აქვს დააწესოს კონკურენტულზე მაღალი ფასი, გააუარესოს საქონლის ხარისხი ან შეაფერხოს ინოვაციები კონკურენტულ ბაზარზე. როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის კონკურენციის კანონმდებლობით, დომინანტური მდგომარეობის ქონა არ ითვლება კანონსაწინააღმდეგოდ, რადგანაც იგი შესაძლოა მოპოვებული იყოს სამართლიანი კონკურენციის პირობებში - მაგალითად, უკეთესი პროდუქტის შექმნითა და წარმატებული გაყიდვების სტრატეგიის განხორციელებით. ამავდროულად, დაუშვებელია კომპანიების მიერ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. პრაქტიკაში ცნობილია კონკრეტულ ბაზარზე ეკონომიკური კავშირებით გადაჯაჭვული ორი ან მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ერთობლივი დომინანტობის შემთხვევებიც. ამ სიტუაციას ჯგუფური (კოლექტიური/ოლიგოპოლიური) დომინანტობა ეწოდება. კონკურენციის სამართლის აღსრულების პროცესში, შესაბამის ბაზარზე ეკონომიკური აგენტის მიერ დომინანტური მდგომარეობის დადგენა მისი ბოროტად გამოყენების შეფასების წინაპირობაა. დომინანტური მდგომარეობის დადგენისას მხედველობაში მიიღება ეკონომიკური აგენტისა და მისი კონკურენტების საბაზრო წილები, მოქმედი კონკურენტების მხრიდან მომავალი კონკურენტული წნეხი, ბაზარზე შესვლის ბარიერები, პოტენციური კონკურენცია, მყიდველის დამაბალანსებელი ძალაუფლება და სხვა ფაქტორები. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სხვა მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში, ეკონომიკური აგენტი არ ჩაითვლება დომინანტად, თუ შესაბამის ბაზარზე მისი წილი არ აღემატება 40%-ს. ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტიდან თითოეული ჩაითვლება დომინანტად, თუ ის არ განიცდის მნიშვნელოვან კონკურენციას სხვა ეკონომიკური აგენტებისაგან მათი ნედლეულის წყაროებსა და გასაღების ბაზრებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის, ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და იმავდროულად: ა) არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია; ბ) არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია.