შესაბამის ბაზარზე დომინანტი ეკონომიკური აგენტის მიერ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც სცდება ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებს და ხელს უშლის ბაზარზე კონკურენციის არსებული დონის შენარჩუნებას ან მის ზრდას, მათ შორის, მომხმარებლის საზიანოდ. კონკურენციის მსგავსი შეზღუდვა შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის, მომხმარებელთა ინტერესების შელახვით ან კონკურენტების ბაზრიდან განდევნის გაუმართლებელი ხერხების გამოყენებით. თუმცა, კონკრეტულად რა მიიჩნევა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად, დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაზე. საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობით იკრძალება დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, თუმცა დაშვებულია დომინანტური მდგომარეობის ქონა, რადგან ეს უკანასკნელი შესაძლოა მიღწეულ იქნეს ჯანსაღი კონკურენციით. დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კონკრეტული სახეებია: საქონელზე ან მომსახურებაზე არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესება; კონკურენტების კლიენტთა გადაბირება საქონლის ან მომსახურების თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შეთავაზებით (მტაცებლური ფასის დაწესება); მომხმარებლის იძულება პოპულარულ, მოთხოვნად საქონელთან ან მომსახურებასთან ერთად შეისყიდოს მასთან ხელოვნურად დაკავშირებული სხვა საქონელი ან მომსახურება, რითაც საფუძველი ეცლება კონკურენციას ამ საქონლის ან მომსახურების ბაზარზე (მიბმა ან დაჯგუფება); გარკვეული კლიენტებისთვის საქონლის ან მომსახურების მიყიდვაზე უარის თქმა (მიწოდებაზე უარი); სპეციალური ფასდათმობების შეთავაზება ისეთი კლიენტებისთვის, რომლებიც მოთხოვნის სრულ ოდენობას ან მის უდიდეს ნაწილს იძენენ დომინანტი კომპანიისგან (კონკურენციის საწინააღმდეგო ფასდათმობები) და სხვა.