ერთიანი ეკონომიკური სუბიექტი (Single Economic Entity)

რამდენიმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთობა, რომლებიც, მათი იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, ისე მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ერთმანეთთან, რომ კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში განიხილებიან, როგორც ერთი ეკონომიკური სუბიექტი. ევროკავშირის პრაქტიკაში, ხსენებული მჭიდრო კავშირი სახეზეა, როდესაც ერთიან ეკონომიკურ სუბიექტში შემავალი ერთი იურიდიული პირი სრულად ფლობს მეორეს ან სხვაგვარად შეუძლია მის საბაზრო გადაწყვეტილებებზე არსებითი ზეგავლენის მოხდენა. ერთი ეკონომიკური აგენტის მიერ მეორის სრული (ე.ი. აქციების/წილების 100%-ით) ფლობისას მოქმედებს კონტროლის არსებობის გაბათილებადი პრეზუმფცია. თუ სრული ფლობა სახეზე არაა, საჭიროა დადგინდეს, არსებობს თუ არა კონტროლის ელემენტები (მაგალითად, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენის მოხდენის რეალური შესაძლებლობა). ერთიანი ეკონომიკური სუბიექტის არსებობის ფაქტის დადგენას მასში შემავალი პირებისთვის კონკრეტული შედეგები მოჰყვება. მაგალითად, ხსენებულ სუბიექტს მიკუთვნებულ ეკონომიკურ აგენტებს შორის არსებულ შეთანხმებებზე არ ვრცელდება კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების მარეგულირებელი კანონმდებლობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ კონკურენციის კანონმდებლობა არეგულირებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტების შეთანხმებებს. ერთიან ეკონომიკურ სუბიექტში შემავალი ფიზიკური/იურიდიული პირები კი არ სარგებლობენ მსგავსი დამოუკიდებლობით. ევროკავშირის პრაქტიკაში, თუ ერთიან ეკონომიკურ სუბიექტში შემავალმა ერთ-ერთმა იურიდიულმა პირმა მონაწილეობა მიიღო კონკურენციის შემზღუდველ შეთანხმებაში, დარღვევა შეიძლება დაუდგინდეს მის მაკონტროლებელ პირსაც. მსგავსი წესი ვრცელდება დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმებაზეც.