ფართო გაგებით, ეფექტიანობა აღნიშნავს საზოგადოების უნარს, შეზღუდული რესურსებიდან მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ეკონომიკური ეფექტიანობა გულისხმობს გარკვეული პროდუქტის დამზადებას საწარმოო საშუალებების ყველაზე მცირე შესაძლო დანახარჯებით. ეკონომიკურ თეორიაში მიიჩნევა, რომ კონკურენცია წაახალისებს ეკონომიკური აგენტების სწრაფვას ეფექტიანობისკენ. თავის მხრივ, ეფექტიანობის ზრდა კონკურენციის სამართლისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მიზანია. კონკურენციის პრაქტიკაში განასხვავებენ ეფექტიანობის სამ სახეს. ესენია: განაწილების (Allocative), წარმოების (Productive) და დინამიკური (Dynamic) ეფექტიანობა. განაწილების ეფექტიანობის (იგივე „ეფექტიანობა პარეტოს მიხედვით" ან „პარეტო-ეფექტიანობა") პირობებში, რესურსები ისეა განაწილებული, რომ შეუძლებელია ერთი პირის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სხვა პირ(ებ)ის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გარეშე. ამ დროს მომხმარებლის დანაზოგი მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს. განაწილების ეფექტიანობის შეფასებისას ყურადღება ექცევა, რომ ეფექტიანობის ზრდის შედეგად მიღებული დანაზოგი ოპტიმალურად გადანაწილდეს საზოგადოებაში (მათ შორის, მწარმოებლებს/მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის). წარმოების (ანუ ტექნიკური) ეფექტიანობა სახეზეა წარმოების საშუალებების ისეთი გამოყენებისას, როდესაც გარკვეული ოდენობის პროდუქცია იწარმოება მინიმალური შესაძლო დანახარჯებით. ეს შესაძლოა განხორციელდეს მასშტაბის ეფექტის მიღწევის, წარმოებების გაერთიანების, საწარმოთა სპეციალიზაციის, ტრანსპორტირების დანახარჯების შემცირების ან სხვა მსგავსი გზებით. ამავდროულად, ამ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება წარმოებული პროდუქციის ოპტიმალური განაწილების საკითხი. როგორც წარმოების, ისე განაწილების ეფექტიანობა ზომავს საბაზრო მდგომარეობას დროის კონკრეტულ მომენტში. ამ მხრივ ისინი განსხვავდება დინამიკური ეფექტიანობისგან, რომელიც მხედველობაში იღებს ეფექტიანობის ოპტიმიზაციას გრძელვადიან პერსპექტივაში, ინოვაციისა და ახალი პროდუქტების გამოგონების გზით. კონკურენციის პრაქტიკაში, ტერმინი „ეფექტიანობა" ასევე გვხვდება მრავლობით ფორმაში (Efficiencies), როდესაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს შეთანხმების ან კონცენტრაციის შედეგად მიღწეულ, მომხმარებლისთვის სასარგებლო გაუმჯობესებებს.