სისტემა, რომელის საფუძველზეც ერთი ეკონომიკური აგენტი მეორეს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში თავისი საქონლის ან მომსახურების დისტრიბუციაზე. ექსკლუზიურ დისტრიბუტორს ეკრძალება მოქმედება აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (განსაკუთრებით კი, სხვა ექსკლუზიური დისტრიბუტორისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე). ხსენებულ სისტემაში ჩართვა ხდება ექსკლუზიური დისტრიბუციის შესახებ ხელშეკრულების (ვერტიკალური ხელშეკრულების ერთ-ერთი სახე) დადების ან ვერტიკალური ინტეგრაციის გზით. ექსკლუზიური დისტრიბუციის ყველაზე გავრცელებული ფორმებია: ერთიანი ბრენდინგი ან/და ექსკლუზიური ტერიტორიული უფლებები, როდესაც ერთადერთი დისტრიბუტორია უფლებამოსილი მიმწოდებლის პროდუქციის გაყიდვაზე კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში. ექსკლუზიური დისტრიბუცია კომერციული არჩევანია. ასეთი უფლების მინიჭებით მიმწოდებელი, როგორც წესი, მიზნად ისახავს დისტრიბუტორის წახალისებას, უზრუნველყოს საქონლის პოპულარიზაცია და მომხმარებელთა უკეთ მომსახურება. დისტრიბუტორის საბაზრო ძალაუფლება, ძირითადად, შეზღუდულია ბრენდთაშორისი კონკურენციით. ექსკლუზიურ დისტრიბუციას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ექსკლუზიური დისტრიბუციის მეშვეობით ხდება დისტრიბუტორთა სპეციალიზაცია, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მეტი ყურადღება ექცევა ბრენდთაშორის კონკურენციას. ამავდროულად, თუ შესაბამის ბაზარზე ექსკლუზიური დისტრიბუციის სისტემა ბაზრის მონაწილეთა დიდი ნაწილის მიერ გამოიყენება, ამან შეიძლება შეასუსტოს კონკურენცია და როგორც წარმოების, ისე დისტრიბუციის ბაზრებზე ფარულ გარიგებებს შეუწყოს ხელი. ექსკლუზიური გარიგებები (მაგალითად, ფასდათმობები ექსკლუზიურობის სანაცვლოდ) განსაკუთრებულ კონკურენტულ რისკს შეიცავს, თუ მისი ერთ-ერთი მხარე მაინც, დომინანტი ეკონომიკური აგენტია. ევროკავშირისა კონკურენციის კანონმდებლობა, რიგ შემთხვევებში, ახორციელებს ექსკლუზიური დისტრიბუციის დადებითი მხარეების წახალისებას და ცდილობს მისი უარყოფითი შედეგების გამორიცხვას. მაგალითად, დაშვებულია ექსკლუზიური დისტრიბუციის შეთანხმებით აქტიური გაყიდვების შეზღუდვა, თუმცა კანონსაწინააღმდეგოდ ითვლება, დამატებით, პასიური გაყიდვების აკრძალვა.