ვერტიკალური შეზღუდვები (Vertical Restraints)

კონკურენციის შემზღუდველი მეთოდების ერთობლიობა, რომლებიც ვერტიკალური შეთანხმებებით მიიღწევა. ისინი შეიძლება საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ფასს ან პირობებს შეეხებოდეს. ვერტიკალურ შეზღუდვებს განეკუთვნება, მაგალითად, ექსკლუზიური, შერჩევითი დისტრიბუციის და ფრენშაიზინგის ხელშეკრულებები. ვერტიკალური შეზღუდვები ხშირად ეფექტიანობის მიღწევის საშუალებაა. კერძოდ, ის ხელს უწყობს არაფასისმიერ კონკურენციას, საქონლისა და მომსახურების ხარისხისა და არჩევანის ზრდას, მათ შორის, „უბილეთო მგზავრობის" პრობლემის გადაჭრასა და ეკონომიკური აგენტების ახალ ბაზრებზე შესვლას. ამავდროულად, ვერტიკალური შეზღუდვები ბაზრის რომელიმე დონეზე შესვლის ბარიერების ზრდისა და კონკურენტებისთვის წვდომის შეზღუდვის, ბრენდთაშორისი ან შიდაბრენდული კონკურენციის შემცირებისა და სხვა სახის კონკურენტულ რისკებს შეიცავს. მაგალითად, ექსკლუზიური დისტრიბუციის პირობებში, ერთადერთი პირი იღებს კონკრეტულ ბაზარზე საქონლის რეალიზაციის უფლებას. ეკონომიკურ ლიტერატურაში დებატების საგანია, იწვევს თუ არა ეს მონოპოლიურ ძალაუფლებას. პარალელური ვაჭრობის პირობებში, დისტრიბუტორის საბაზრო ძალაუფლება შეზღუდულია შიდაბრენდული კონკურენციით, ხოლო ნებისმიერ შემთხვევაში - ბრენდთაშორისი კონკურენციით. ამავდროულად, ვერტიკალური შეზღუდვებით ხდება დისტრიბუტორის წახალისება, უზრუნველყოს პროდუქტის პოპულარიზაცია და მომხმარებლებს უკეთესი მომსახურება შესთავაზოს. შესაბამისად, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში, ვერტიკალური შეზღუდვების შეფასებისას, მხედველობაში მიიღება მათი როგორც სასარგებლო, ასევე კონკურენციის საწინააღმდეგო მხარეები.