შეთანხმება წარმოებისა და განაწილების სხვადასხვა საფეხურზე მოქმედ ორ ამ მეტ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომელიც ეხება მხარეთა მიერ კონკრეტული საქონლის ან მომსახურების ყიდვის ან/და გაყიდვის პირობებს. ვერტიკალური შეთანხმებები კონკურენციის სამართლის განხილვის საგანია, რადგან, გარკვეულ შემთხვევებში, მათ შესაძლოა წარმოების (ზედა დონის) ან დისტრიბუციის (ქვედა დონის) ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა გამოიწვიონ. თუ ვერტიკალური შეთანხმებები უშუალოდ მიზნად არ ისახავს კონკურენციის შეზღუდვას, ისინი ჰორიზონტალურ შეთანხმებებზე ნაკლებ პრობლემურად მიიჩნევა, რადგან ეს შეთანხმებები არ იდება კონკურენტებს შორის და არ იწვევს საბაზრო ძალაუფლების აკუმულირებას. ვერტიკალურ შეთანხმებებთან ასევე ასოცირდება რიგი დადებითი საბაზრო ცვლილებები, როგორიცაა: ბრენდული საქონლის ბაზრებზე ეფექტიანობის გაზრდა (მწარმოებლის მხრიდან დისტრიბუტორებისთვის ამ საქონელთან დაკავშირებული მომსახურების ხარისხის სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული ვერტიკალური შეთანხმებებით), ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობის შექმნა (ვერტიკალური შეთანხმების შედეგად მოზიდული კაპიტალის საშუალებით), დისტრიბუციის საფეხურზე ფასების კლება და ა.შ. ამავდროულად, ვერტიკალურ შეთანხმებებს შესაძლებელია მოჰყვეს რიგი უარყოფითი შედეგებიც, მაგალითად, ზედა ან ქვედა დონის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტთა ქცევის კოორდინაცია, ბაზარზე შესვლის ბარიერების ზრდა და სხვა. როდესაც ვერტიკალური შეთანხმების ერთ-ერთ მხარეს შესაბამის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია, მისმა ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის რომელიმე დონეზე მოქმედი ან/და პოტენციური კონკურენტებისათვის წვდომის შეზღუდვა ან მათი ბაზრიდან განდევნა. საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობით, ცალკეული ვერტიკალური შეთანხმებების მიმართ დადგენილია კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულების აკრძალვიდან გამონაკლისები, რაც მიზნად ისახავს დადებითი შედეგების მქონე ვერტიკალური შეთანხმებების წახალისებას.