ზედა დონის ბაზარი (Upstream Market)

ბაზარი, რომლის ფარგლებშიც ხდება წარმოებისა და რეალიზაციის ჯაჭვის ქვედა რგოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლით/მომსახურებით ვაჭრობა. მაგალითად, ნებისმიერი ნედლეულის ბაზარი წარმოადგენს ზედა დონის ბაზარს იმ ბაზრებთან მიმართებით, რომლებზეც ხდება აღნიშნული ნედლეულისგან წარმოებული საქონლით ვაჭრობა. კომპიუტერული ტექნიკის შემთხვევაში, კონკრეტული მოწყობილობის წარმოების ბაზრებისათვის ზედა დონის ბაზარია იმ მიკროსქემის ბაზარი, რომლებიც გამოიყენება აღნიშნული ტექნიკის საწარმოებლად. ციფრულ სივრცეში, აგრეგირებული პერსონალური მონაცემებით ვაჭრობის ბაზრები ზედა დონის ბაზრებია იმ მომსახურების ბაზრებისათვის, რომლებზეც ხდება ამ მონაცემების საფუძველზე შექმნილი მომსახურებების (მაგალითად, პერსონიფიცირებული რეკლამების) შეთავაზება და ა.შ. კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებისას, ზედა დონის ბაზრის განსაზღვრა და მასზე საბაზრო ძალაუფლების არსებობის ფაქტის დადგენა ვერტიკალური შეთანხმებების, ვერტიკალური კონცენტრაციებისა და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რიგი შემთხვევების (მაგ. მარჟის შეზღუდვისა და მიწოდებაზე უარის) ანალიზის არსებითი ნაწილია.