პროგრამა, რომელიც გულისხმობს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრებისგან იმ ეკონომიკური აგენტების სრულ ან ნაწილობრივ გათავისუფლებას, რომლებიც თანამშრომლობენ კონკურენციის ორგანოებთან, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების მოკვლევის პროცესში. როგორც წესი, თანამშრომლობის პროგრამის მონაწილეები აღიარებენ კანონით აკრძალულ შეთანხმებაში მონაწილეობას, კონკურენციის ორგანოს აწვდიან მათ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას/მტკიცებულებას და უწყვეტად და შეუზღუდავად თანამშრომლობენ მოკვლევის პროცესში. სანაცვლოდ, თანამშრომლობის პროგრამის მონაწილეები მიიღებენ შეღავათებს ჯარიმის შემცირების ან გაუქმების სახით. თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება კანონსაწინააღმდეგო შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირებს შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება აიძულა. ამასთან, პირი, რომელიც ეცდება შეღავათის მიღებას, ვალდებულია: არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, არ გაანადგუროს მტკიცებულებები და დოკუმენტები, შეწყვიტოს შეთანხმებაში მონაწილეობა, ან გააგრძელოს იგი მხოლოდ კონკურენციის ორგანოს თანხმობით და კომპეტენციის ფარგლებში დაეხმაროს კონკურენციის ორგანოს საქმის მოკვლევის პროცესში.