ევროკავშირის სამართალში, თანმდევი შეზღუდვა ეწოდება კონკურენციის ისეთ შეზღუდვას, რომელიც არ წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული და კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მყოფი შეთანხმების ძირითად საგანს, თუმცა პირდაპირ დაკავშირებულია და აუცილებელია შეთანხმების შესრულებასთან და ამასთანავე, შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნ(ებ)ის მიღწევის პროპორციული საშუალებაა. ასეთ შემთხვევაში, რადგან მთავარი შეთანხმება არ ზღუდავს კონკურენციას, არც მისი თანმდევი შეზღუდვა მიიჩნევა კანონდარღვევად. მაგალითად, თუკი მხარეები დებენ ერთობლივი კვლევისა და განვითარების ხელშეკრულებას, მხარეთა ვალდებულება, რომ იმავე სფეროში დამოუკიდებლად ან სხვა პარტნიორებთან ერთად არ განახორციელონ მსგავსი კვლევა, თანმდევ შეზღუდვად ჩაითვლება. კონცენტრაციისას, მაგალითად, როდესაც ეკონომიკურ აგენტზე კონტროლი ერთი მესაკუთრისგან მეორეზე გადადის, მყიდველს შეუძლია გამყიდველს კონკურენციის გაწევისგან თავშეკავების დროებითი ვალდებულება დაუწესოს. იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის ორგანო კონცენტრაციას დასაშვებად ჩათვლის, აღნიშნული თანმდევი შეზღუდვაც დასაშვები იქნება.