კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული დარღვევის ერთ-ერთი სახე, როდესაც ერთპიროვნული ან ერთობლივი საბაზრო ძალაუფლების გამოყენების შედეგად ხდება ისეთი სავაჭრო პარტნიორების დისკრიმინაცია, რომლებთან მიმართებითაც უნდა ხორციელდებოდეს იდენტური ტრანზაქციები (მაგალითად, დადებულია ხელშეკრულებები ერთნაირი პროდუქტის ან მომსახურების მიწოდებაზე და დისკრიმინაციის ობიექტური გამართლება არ არსებობს). მსგავსი დარღვევა შესაძლოა განხორციელდეს როგორც კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებების, ისე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შედეგად. ხსენებული დარღვევის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფასისმიერი დისკრიმინაცია. ევროკავშირში, იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული პირობების გამოყენებად ასევე მიიჩნევა მომხმარებელთა განსხვავება ეროვნული ნიშნით, ანუ იმის მიხედვით, თუ ევროკავშირის რომელ წევრ სახელმწიფოში ცხოვრობენ ან საქმიანობენ ისინი. მსგავსი ქმედება დასჯადია, რადგან ითვლება, რომ ის ხელს უწყობს შიდა ბაზრის ერთიანი სივრცის ეროვნულ ბაზრებად დაყოფას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების მიზნებს.