შეთანხმება ორ ან მეტ კონკურენტ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომელიც მიზნად ისახავს კონკურენციის პარამეტრებზე გავლენის მოხდენას სხვადასხვა ფორმით, მათ შორის: ფასების ან სხვა სავაჭრო პირობების ფიქსირებით, წარმოების ან გაყიდვების კვოტების დაწესებით, ბაზრების განაწილებით, იმპორტის ან ექსპორტის შეზღუდვით ან/და კონკურენციის შემზღუდველი ქმედებებით კარტელის გარეთ დარჩენილი კონკურენტი ეკონომიკური აგენტების წინააღმდეგ. კარტელი იქმნება მასში მონაწილე ეკონომიკური აგენტების მიერ (მონოპოლიური) საბაზრო ძალაუფლების მოპოვების მიზნით. შედეგად, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, შეზღუდონ წარმოება, გაზარდონ ფასები და მიიღონ მეტი შემოსავალი. ამ პირობებში, მომხმარებლები იძლებულნი არიან, გადაიხადონ უფრო ძვირი და მიიღონ უფრო დაბალი ხარისხის საქონელი და მომსახურება, ვიდრე კონკურენტული ბაზრის პირობებში. ამავდროულად, კარტელი აზარალებს ეკონომიკასაც, რადგან კონკურენციის შეზღუდვის პირობებში ფერხდება შესაბამისი ბაზრის საერთო მოცულობის ზრდა და ბაზარზე ახალი ეკონომიკური აგენტების შემოსვლა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კარტელში არამონაწილე კონკურენტების ბაზრიდან განდევნას, იკლებს ინოვაცია და შედეგად, მომხმარებელს ნაკლებად უჩნდება სურვილი, შეიძინოს შესაბამისი პროდუქტი, ან ფასის მატების გამო, ნაკლებად აქვს ამის შესაძლებლობა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის კონკურენციის სამართალში კარტელი მიიჩნევა ერთ-ერთ უმძიმეს კანონდარღვევად და ისჯება მსხვილი ჯარიმებით. ზოგიერთ სახელმწიფოში (მაგალითად, აშშ, დიდი ბრიტანეთი) კარტელისთვის დაწესებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კონკურენციის ორგანოს მნიშვნელოვანი მტკიცების ტვირთი აკისრია. ამასთან, მათი ფარული ხასიათის გამო, კარტელების გამოვლენა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და კონკურენციის ორგანოები სხვადასხვა გზებს მიმართავენ, რათა წაახალისონ ეკონომიკური აგენტების თანამშრომლობა საქმის შესწავლის პროცესში.