კონგლომერატი (Conglomerate)

ეკონომიკური აგენტი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელ დარგში ახორციელებს. კონგლომერატი შესაძლოა წარმოიქმნას კონცენტრაციის შედეგად, ან სხვადასხვა სფეროში ინვესტირებით, რისკების შემცირების, რესურსების ეფექტიანი განაწილების ან სხვა მიზეზთა გამო. კონკურენციის სამართალში, კონგლომერატებთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე აშკარად იკვეთება კონცენტრაციების კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხის განხილვისას. კერძოდ, როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ტერმინს „კონგლომერატული კონცენტრაცია". ხსენებული კონცენტრაცია გულისხმობს ისეთი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას, რომლებიც არც ჰორიზონტალურ და არც ვერტიკალურ დამოკიდებულებაში არ არიან ერთმანეთთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა კონცენტრაცია ორ ან მეტ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლებიც არც ერთმანეთის კონკურენტები არიან და არც ერთი და იმავე პროდუქტის წარმოებისა და დისტრიბუციის სხვადასხვა ეტაპზე არიან წარმოდგენილნი. კონგლომერატული კონცენტრაციის შეფასებისას, კონკურენციის ორგანოები, როგორც წესი, იკვლევენ - ხომ არ მოჰყვება ხსენებულ ტრანზაქციას ე.წ. „პორტფელის ეფექტი". უფრო კონკრეტულად, თუ კონცენტრაციამდე არსებული ეკონომიკური აგენტები აწარმოებენ ან ყიდიან ურთიერთშემავსებელ პროდუქტებს, მათი წარმოების ან დისტრიბუციის ერთი კომპანიის ხელში მოქცევისას შეიქმნება ე.წ. პორტფელი - პროდუქტთა ჯგუფი, რომელიც ერთდროულად გამოიყენება. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პორტფელის თავმოყრა მოხდება საბაზრო ძალაუფლების მქონე ეკონომიკური აგენტის ხელში, იზრდება ბაზრების ჯვარედინი სუბსიდირებისა და კონკურენტების ბაზრიდან განდევნის რისკი. მაგალითად, სასმელების მსხვილი კომპანიის მიერ მარილიანი ჩხირების მწარმოებელი ფირმის შეძენის შემთხვევაში, შესაძლოა საბაზრო ძალაუფლების გამოყენებით, ამ ორი პროდუქტის დაჯგუფება ან სხვა ფორმით მათი გაყიდვების ერთმანეთთან დაკავშირება. ამ შემთხვევაში, კონკურენტებს შესაძლოა შეეზღუდოთ ბაზარზე წვდომა. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ქმედება ძვირი და რთულად განსახორციელებელია, პრაქტიკაში ასეთი საქმეები ძალიან ცოტაა.