კონკურენციის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ემსახურება კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით, კონკურენციის ორგანოების საქმიანობის მიზანია კონკურენციის მნიშვნელობის ფართო საზოგადოებისათვის უკეთესად გაცნობა და მისი გაჯანსაღების ხელშეწყობა სხვადასხვა გზით, მათ შორის, სხვა საჯარო სტრუქტურებთან ურთიერთობითა და კონკურენტული გარემოს თანმდევი სიკეთეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით. ადვოკატირებად მიიჩნევა კონკურენციის ორგანოს ფაქტობრივად ყველა საქმიანობა, რომელიც სცდება კანონმდებლობის აღსრულების ფარგლებს. გამოყოფენ ადვოკატირების ორ ძირითად მიმართულებას: (1) ურთიერთობა სხვა მარეგულირებელ და კანონშემოქმედებითი უფლებამოსილების მქონე საჯარო უწყებებთან; (2) ურთიერთობა ფართო საზოგადოებასთან კონკურენციის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. ეს უკანასკნელი მოიცავს საზოგადოების (მომხმარებლების, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების) ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას. ადვოკატირების ფარგლებში ასევე ხდება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კონკურენციის პოლიტიკის როლის, მიზნებისა და შედეგების შესახებ.